ნავთობის მოპოვების შემცირებით საუდელები შეერთებულ შტატებს შეტყობინებას უგზავნიან
ავტორი დევიდ იგნატიუსი, 6 აპრილი
საუდის არაბეთის მიერ ცივი გონებით მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელიც გასულ შაბათ-კვირას ნავთობის მოპოვების შემცირებასა და ფასების გაზრდას ეხება, მარტივი შეტყობინება აღმოჩნდა: შეერთებული შტატები სპარსეთის ყურეს ან ნავთობის ბაზარს თავის პირობებს ვეღარ უკარნახებს. კარგია თუ ცუდი, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონობა დასრულდა.
გასულ კვირას საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ იბნ სალმანმა ოპეკის (OPEC) წევრებზე ზეწოლა განახორციელა, რათა ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს დღეში 1 მილიონი ბარელით ნაკლები ნავთობი მოეპოვებინათ, რამაც ნედლი ნავთობის ფასი 6 პროცენტზე მეტით გაზარდა და ამჟამად 1 ბარელი დაახლოებით 85 აშშ დოლარი ღირს.
საუდის არაბეთი თავს იცავს, ისევე როგორც შეერთებული შტატები. არცერთ ქვეყანას არ სურს ურთიერთობების გაწყვეტა, თუმცა ორივე ქვეყნის ლიდერები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. ეს არ არის მარტივი ან სტაბილური ბალანსი – განსაკუთრებით ისრაელისთვის, რომელსაც ერ რიადთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა რეგიონში შეერთებული შტატების სიძლიერის საიმედოობაზეა დამოკიდებული.
ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება გრძელდება თუნდაც მიტოვებული ზესახელმწიფოსთვის. ამ კვირას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ჯოზეფ ბერნსი საუდის არაბეთს ეწვია. როგორც ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მითხრა, ბერნსმა საუდელ მაღალჩინოსნებთან „საერთო ინტერესებზე ისაუბრა“ და „გააძლიერა ჩვენი ვალდებულება სადაზვერვო თანამშრომლობის კუთხით, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა“.
როგორც ცნობილია საუდელი პრინცი ბრალის წარდგენამდე ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უჭერდა მხარს. რა თქმა უნდა, იგი რესპუბლიკელებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა პარტიის სხვა წევრებთანაც კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. 2023 წლის თებერვალში სალმანმა სენატის უმცირესობის ლიდერ მიტჩ მაკკონელსა (სენატორი კენტუკის შტატიდან) და რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფს უმასპინძლა, რომელშიც ჯეიმს ელროი რიში (სენატორი აიდაჰოს შტატიდან) და ტომ კოტონი (სენატორი არკანზასის შტატიდან) შედიოდნენ. ამ კვირაში საუდელებმა მაიამიში მდიდრული წვეულება გამართეს, რომელსაც ქალაქის რესპუბლიკელი მერი და ტრამპის კონკურენტის, რონ დესანტისის, მოკავშირე ფრენსის ხავიერ სუარესი მასპინძლობდა.
სალმანი კვლავ ერთგულებას უცხადებს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ბობ ვუდვორდთან დაიტრაბახა: „საფრთხისგან მე ვიხსენი“, როდესაც 2018 წელს „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) მიმომხილველის, ჯამალ ხაშოგის, მკვლელობაში სდებდნენ ბრალს. სალმანის სუვერენულმა ფონდმა LIV Golf-ის ტური დააფინანსა, რომლის დროსაც საზოგადოებას ტრამპის კურორტები აჩვენეს. პრინცმა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადო იმ საინვესტიციო კომპანიაში, რომელსაც ტრამპის სიძე და ყოფილი უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობს.
ვფიქრობ, რომ სალმანისთვის ახალი ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინია, რომელიც საუდის არაბეთის ლიდერს ამბიციებს უკმაყოფილებს, რადგან ეს უკანასკნელი საუდის არაბეთს რეგიონის ძლიერ სახელმწიფოდ მიიჩნევს. როდესაც სი ძინპინი დეკემბერში საუდის არაბეთს ეწვია, სალმანმა სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტი გამართა, რომელზეც ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის პირობა დადეს.
სალმანმა საუდელ ნდობით აღჭურვილ პირებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები სამეფოს პარტნიორად რჩება, მაგრამ არა ერთადერთ პარტნიორად. როგორც მითხრეს, პრინცმა ამ ინსაიდერებს აუხსნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი წინამორბედები შეერთებული შტატების მოთხოვნებს მაშინვე აკმაყოფილებდნენ, „მე ეს წესი დავარღვიე, რადგან სანაცვლოდ რაღაც-რაღაცები მინდა“. მაგალითად, სალმანი კვლავ ყიდულობს „ბოინგის“ თვითმფრინავებს, ხოლო ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეს-ეს არის მიიღო აშშ-ის თანხმობა.
ბაიდენის ადმინისტრაცია მშვიდად შეხვდა საუდის არაბეთის ბოლო უარს, რასაც ვერ ვიტყვით იმ ფაქტზე, როდესაც ოქტომბერში ერ რიადმა მკვეთრად შეამცირა ნავთობის მოპოვება. ოფიციალური პირების თქმით, 15 თვე ნედლი ნავთობის ფასები დაბალ დონეზე იყო, თითქმის მთელი მარტის განმავლობაში 1 ბარელი ნავთობი 80 აშშ დოლარზე დაბალ ფასში იყიდებოდა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ფასი კიდევ უფრო დავარდებოდა და 70 აშშ დოლარზე ნაკლები იქნებოდა. როდესაც ფასები ასე ვარდება, საუდელები ხშირად ამცირებენ წარმოებას.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფსონს დებენ იმაზე, რომ ფასები 80 აშშ დოლარამდე დასტაბილურდება და საერთო ეკონომიკური ეფექტი შეზღუდული იქნება. მაგრამ თუ ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება და ფასი 100 აშშ დოლარს გადააჭარბებს, უცნობია რას მოიმოქმედებს ვაშინგტონი ამასთან დაკავშირებით. ბაიდენი ის პრეზიდენტი არ არის, რომელსაც საუდის არაბეთის ლიდერი, სავარაუდოდ, რაიმე სახის სასიკეთო სამსახურს გაუწევს.
ნავთობის სფეროს ანალიტიკოსების მტკიცებით, არსებობს სიტუაციის კიდევ უფრო პოზიტიური ასპექტი. ფასები იმ დონემდე ეცემა, რომ ახალი წარმოების სიმძლავრისთვის გაწეულ ხარჯებზე უარი თქვან. ზომიერად მაღალმა ფასებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კაპიტალდაბანდებებს, რაც „უაღრესად საჭირო იქნება, როდესაც მოთხოვნა მოიმატებს“, რადგან გლობალური ეკონომიკა გამოცოცხლდება, ამტკიცებს „შლუმბერჟეს“ (Schlumberger) ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და „საუდი არამკოს“ (Saudi Aramco) დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი ენდრიუ გულდი.
იმ დროს, როცა სალმანი ახალ საუკეთესო მეგობართან, სისთან, პარტნიორულ ურთიერთობას არკვევს, იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტესთან უფრო შეუპოვარ პოლიტიკას ატარებს. პრინცმა გასულ წელს საუდელ ინსაიდერებს განუცხადა, რომ 2023 წლის ბოლომდე ორივე ქვეყნისგან კონცესიები მოთხოვა. ამ კვირას ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფატაჰ ალ-სისი ერ რიადში გაემგზავრა, სადაც მხარეებმა „საერთო თანამშრომლობის განვითარების მხრივ ორმხრივი ინტერესი დაადასტურეს“, – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსპიკერმა. გავრცელებული ინფორმაციით, ერ რიადს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა საამიროები სალმანის ინიციატივას იზიარებენ და ნავთობის მოპოვებას ამცირებენ.
თავნება საუდელი პრინცი ისრაელს განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აყენებს. იერუსალიმი ერ რიადთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ შეერთებული შტატების უძლიერესი კონკურენტის, ჩინეთის, შუამავლობით ისრაელის მოსისხლე მტერთან, ირანთან, დიმპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. პრინცი ორ ფრონტზე თამაშობს: ინარჩუნებს შეერთებული შტატების (და ფარულად ისრაელის) მფარველობას, ამავდროულად კი მათ ინტერესებს უგულებელყოფს.
შეერთებული შტატები ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დაუცველ საუდის არაბეთს ცივ ნიავს არ აკარებდა, რადგან მისი ნავთობი გვჭირდებოდა. ახლა ასე აღარ ვიქცევით. გვინდა, რომ საუდის არაბეთი პასუხისმგებელი პარტნიორივით იქცეოდეს, თუნდაც პირველ ადგილზე თავის ინტერესებს აყენებდეს.
წყარო: https://is.gd/ei62Yq