პოლიტიკასხვადასხვა

ახალი წყვილი, რომელიც ევროკავშირს უხელმძღვანელებს?

0
ავტორი ენტონი ჯეი კონსტანტინი
აშშ-ის ინტერესები ევროპაში კიდევ უფრო გაძლიერდება თუ გერმანიის ნაცვლად, აშშ ხელს შეუწყობს საფრანგეთისა და პოლონეთის კავშირს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატები ევროპის მიმართ ორპარტიულ პოლიტიკას ატარებდა. ეს პოლიტიკა დაუწერელ შეთანხმებაზეა დაფუძნებული: შეერთებული შტატები ნატოს V მუხლის მეშვეობით  იცავს კონტინენტს,  ევროპა კი, როგორც ცალკეული სახელმწიფოები, ისე მთლიანად ევროკავშირი – ვასალური სახელმწიფოები არიან და მეტწილად იმას აკეთებენ, რაც ამერიკას სურს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ცხადყო, რომ ეს კონცეფცია ფანტაზიაა. რეალობა კი ის არის, რომ ევროკავშირი თავდაცვის გარანტიების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს უჭერს მხარს და  ამავდროულად, ამერიკის კონკურენტებთან ცდილობს ურთიერთობის დალაგებას, იქნება ეს რუსეთი თუ ჩინეთი.
იმის ნაცვლად, რომ აღიარონ, რამდენად აღმაშფოთებელია ეს სიტუაცია, აშშ-ის პრეზიდენტებმა ერთი მეორეს მიყოლებით უარი თქვეს მეტი მოეთხოვათ იმათგან, ვინც ამდენს მოითხოვს ჩვენგან. როდესაც ევროპელები საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკას განიხილავდნენ, ისინი კრიტიკის ქვეშ მოექცნენ – დონალდ ტრამპი მათ მოუწოდებდა, რომ ევროპის ქვეყნებს ნატოს თავდაცვის ბიუჯეტში თავიანთი წილი უნდა გადაეხადათ, სანამ საკუთარი პროექტების განახორციელებას დააფინანსებდნენ.
ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციები ჩინეთის მიმართ გამაღიზიანებლად გაურკევევლ პოლიტიკას აწარმოებენ, ვერ ჩამოყალიბდნენ –  ჩინეთი მტერია თუ უბრალოდ მეგობარი, რომელიც „კონკურენციის ფარგლებს გასცდა.” რატომ ჩაიგდებს ევროკავშირი თავს ეკონომიკურ საფრთხეში და რატომ გაწყვეტს ურთიერთობას იმ ქვეყანასთან, რომელსაც ამერიკა მტერსაც კი ვერ უწოდებს, მაშინ, როცა კარგად უწყიან, რომ ამერიკა მათ არასოდეს მიატოვებს?
შეერთებული შტატების პოლიტიკამ ევროპის მიმართ შესაძლოა ცივი ომის პერიოდში იმუშავა, თუმცა ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ იგი 21-ე საუკუნეშიც იმუშავებს, მაშინ, როცა ძირითადი საფრთხე ევრაზიის მეორე მხრიდან მოდის, ამ დროს კი ორივე პარტია კვლავ ილუზიის ტყვეობაშია. საბედნიეროდ, საგარეო პოლიტიკური რეალიზმის ელემენტები, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ორივე ლიდერს ახასიათებს, კონსერვატორებისთვის ახალი გზის მიგნების შესაძლებლობას აჩენენ.
ცივი ომის წლებში შეერთებული შტატები ევროპის მიმართ სწორხაზოვან პოლიტიკას აწარმოებდა: კონტინენტზე არ დაეშვა ანტიამერიკული მთავრობების ძალაუფლებაში მოსვლ. ამ მიზნის პრაქტიკაში განხორციელება ნიშნავდა  – “რუსეთი არა;” “გერმანია ქვემოთ” და  ევროპელებმა ამ ფორმულირებას ხუმრობით დაუმატეს – „…და ამერიკელები შიგნით.”  აი ისიც, ნატოს რაციონალური დასაბუთებაც გაჩნდა.
დღესდღეობით არ არსებობს იდეოლოგია, რომელიც ევროპას ანტიამერიკული პოზიციისკენ უბიძგებს. არსებობს უფრო მარტივი (და უფრო იაფი) შესაძლებლობები, რაც ევროპას ანტიამერიკანიზმისგან დაიცავს, გარდა იმისა, რასაც ახლა ვაკეთებთ. ამერიკას ამის გაკეთება ევროპის მრავალსაუკუნოვანი გამყოფი ხაზების გამოყენებით შეუძლია, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხელახლა გაიხსნა.
საფრანგეთისა და პოლონეთის ძველი კვაზი-ალიანის აღდგენას რუსულმა ინტერვენციამ შეუწყო ხელი. ეს მეგობრობა ისტორიის განმავლობაში დროდადრო ამოტივტივდებოდა ხოლმე. ნაპოლეონმა პოლონეთის სახელმწიფო აღადგინა, ხოლო 1930-იან წლებში და მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ორი სახელმწიფო მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ამ მეგობრობას, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო ურთიერთობას, ძალისმიერი პოლიტიკა განაპირობებს. საფრანგეთი დიდი ხანია, რაც ევროპაზე პოლიტიკური კონტროლის დაწესებისა და გერმანიასთან მიმართებაში უპირატესობის მოპოვებისკენ ისწრაფვის; გერმანიიდან და რუსეთიდან მომდინარე ისტორიული საფრთხის მიუხედავად, პოლონეთი არსებობის შენარჩუნებას ცდილობს. ბოლო გამეორებამ, რომელიც უფრო ბუნდოვნია, ვიდრე წარსულში იყო, ცხადყო, რომ საფრანგეთი და პოლონეთი არაოფიციალურად გაერთიანდნენ, რათა გერმანია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ და უკრაინაში ტანკების გაგზავნა აიძულონ.
ომის დასრულების შემდეგ ამერიკა ტრადიციულად გერმანიას უჭერდა მხარს და არა საფრანგეთს. გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს, რომლის საშინელი საგარეო პოლიტიკა მემკვიდრეობით ამჟამინდელ კანცლერ ოლაფ შოლცს ერგო, თუმცა ეს უკანასკნელიც არათანმიმდევრული პოზიციებით გამოირჩევა, ახლოს იყო შეერთებული შტატების ორივე პრეზიდენტის პოლიტიკასთან (ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა), იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი ამერიკის ვასალად დარჩენილიყი. უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობების მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროპაში კიდევ ერთხელ მარშით გავლა არ სურდა. გერმანიის ეს პოზიცია მთელმა კონტინენტმა მოიწონა. იმ სახელმწიფოს მხარდაჭერით, რომელსაც სურვილი არ ჰქონდა, რომ ევროკავშირი უფრო დიდ წარმონაქმნად გადაექცია, შეერთებულმა შტატებმა ევროპა დააჩოქა და დაიმორჩილა.
დრო შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპაში გერმანიას სუსტი პოზიციები არასოდეს ჰქონია. გერმანულ საზოგადოებაში შოლცი დიდი მოწონებით არ სარგებლობს. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, გერმანიის ორჭოფული საუბარი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ არავის მოსწონს და ყველას აფიქრებს. საფრანგეთისა და პოლონეთის დრო მოვიდა –  გამოიყენონ შესაძლებლობა, სანამ ამის ხელსაყრელი პირობები არსებობს.
ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანი მომენტი დგება – გამოარჩიოს სხვა ლიდერი ან შეცვალოს პოლიტიკა იმ დროს, როდესაც სერიოზული საკითხები წყდება. გერმანია იმას არ აკეთებს, რაც ამერიკას სურს და სინამდვილეში არც იჩოქებს. წლების წინ მათ განაცხადეს, რომ ამერიკისთვის „მიუღებლია“ გერმანიიდან ჯარების გადაყვანა, რადგან აღნიშნული ძალები  მათ რუსეთისგან იცავენ, ქვეყნისგან, რომელთამახ მიუხედავად ამერიკელების პროტესტისა, ისინი საქმეს მაინც აწარმოებენ. გერმანელებმა ცოტა ხნის წინ ჩინეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების შესახებაც განაცხადეს და დაადასტურეს, რომ ურთიერთობას შეინარჩუნებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, გერმანია ათვალწუნებულია, სუსტია და თანამშრომლობა არ სურს.
როგორი იქნება ევროპის მიმართ ამერიკის განახლებული პოლიტიკა? ერთ-ერთი შესაძლებლობა ის არის, რომ ხელი შეეწყოს საფრანგეთ-პოლონეთის თანასწორობას უფრო ძლიერი ევროკავშირის ფარგლებში. უარი უნდა ვთქვათ დამოუკიდებელი ევროკავშირის სამხედრო ძალის მიმართ ამერიკის ინსტინქტური სიძულვილის ნებისმიერ ფორმაზე; ეს კონცეფცია უნდა მივიღოთ. პანევროპულ არმიაზე საუბარი შეიძლება ჯერ კიდევ ნაადრევია, თუმცა საფრანგეთი და პოლონეთი ევროკავშირს საკუთარ თავზე ზრუნვას აიძულებენ – პოლონეთს ნამდვილად სურს, რომ საკუთარი ძლიერი არმია ჰყავდეს – ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა უნდა შევუქმნათ. ამით ჩვენი საქმეც კეთდება მიცრე დანახარჯებით  და ნაკლები ვალდებულებით. უფრო მილიტარისტული ევროკავშირი, რომელსაც საფრანგეთ-პოლონეთის ალიანსი უხელმძღვანელებს, ნიშნავს უფრო ცენტრალიზებულ ევროკავშირს. რაც უფრო ცენტრალიზებული იქნება ევროკავშირი, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა ექნება ჩინეთის გავლენას ცალკეულ სახელმწიფოებზე.
ამერიკას რომ მხარი დაეჭირა ამ ცვლილებისთვის მისი პოპულარობა აღმოსავლეთ ევროპაში გაიზრდებოდა; ყოფილ საბჭოთა ორბიტაზე მყოფ სახელმწიფოებს სერიოზულ კონტინენტურ არმიაში გაერთიანების შანსი გაუჩნდებოდათ, რაც დიდი მეზობელი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად თავის დაცვის საშუალებას მისცემდა. ევროკავშირის მოსახლეობა დაახლოებით 400 მილიონია, აქვს ბირთვული იარაღი და მშპ-ის მაჩვენებლით შეერთებულ შტატებს დიდად არ ჩამორჩება; არ არსებობს მიზეზი, რომლის თანახმადაც მილიტარისტული ევროკავშირი აშშ-ის გარეშე რუსეთს ვერ გაუმკლავდება. ამერიკის მხარდაჭერა ძლიერი, დამოუკიდებელი ევროკავშირის მიმართ ნიშნავს, რომ ასეთი ალიანსი პროჩინური საბოლოოდ არასოდეს გახდება, არ დაუშვებს ანტიამერიკულ განწყობას და შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს, რომ თავისი სტრატეგიული ყურადღება წყნარი ოკეანისკენ მიმართოს.
ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დრამატული რეკონცეფცია იქნებოდა. „ომი დემოკრატიისთვის“ – არგუმენტების ნაკლებობამ შეიძლება დარჩენილი ნეოკონსერვატორები შეაშფოთოს, ხოლო ნატოდან ტოტალური გასვლის ნაკლებობამ შეიძლება ზოგიერთი პალეოკონსერვატორი შეაშფოთოს. თუმცა რეკონსტრუქცია ახალ აზროვნებას მოითხოვს. ევროპის მიმართ ჩვენი პოლიტიკის ხელახალი კორექტირება, საფრანგეთისა და პოლონეთის თვალით, დასაწყისი იქნებოდა.
წყარო: https://is.gd/zAaxBM