19 მაისი, 2023 წ.
ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდრ ვან დერ ბელენი (მწვანეთა პარტიის ლიდერი), უკრაინაში ავსტრიელი გამნაღმელების გაგზავნის წინადადებით გამოვიდა. პრეზიდენტის წინადადება ავსტრიის კონსერვატიული თავისუფლების პარტიის (FPÖ) ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა, გააკრიტიკა. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი ომში ავსტრიის ჩართვის ტოლფასი იქნება.
ვან დერ ბელენმა ეს წინადადება ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გამართულ ევროპის საბჭოს სამიტზე გააჟღერა, რომელიც ოთხშაბათს დასრულდა.
ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, რომელიც ამავდროულად არმიის მთავარსარდალია, განაცხადა: „არ მესმის, რატომ ყოყმანობს ფედერალური მთავრობა განაღმვის საკითხთან დაკავშირებით. საცხოვრებელი კორპუსებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში ან სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე განაღმვითი სამუშაოების ჩატარება, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება ავსტრიის ნეიტრალიტეტს, არამედ ჰუმანიტარული საკითხია“.
პრეზიდენტის შეფასებამ ავსტრიის პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კიკლმა პარტიის ვებგვერდზე დაწერა: „არც ისე დიდი ხნის წინ ვან დერ ბელენს ჩვენი არმიის გაუქმება სურდა, ახლა კი სურს, რომ იგი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ათხოვოს“.
„ალექსანდრ ვან დერ ბელენი სახიფათო პოლიტიკურ ყინულზე დააბიჯებს, როდესაც ამბობს, რომ ავსტრიელ ჯარისკაცებს უკრაინაში განაღმვითი სამუშაოების ჩატარება შეუძლიათ. საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციის განხორციელება, რა თქმა უნდა, ჩვენს ნეიტრალიტეტს არ შეესაბამება“, – დასძინა კიკლმა.
FPÖ-ის ლიდერის განცხადებით, ფედერალური პრეზიდენტი, რომელიც სინამდვილეში კონსტიტუციის დამცველად უნდა გვევლინებოდეს, სრულიად უგულებელყოფს ავსტრიის მუდმივ ნეიტრალიტეტს და ჯარისკაცების იმ ქვეყანაში გაგზავნა სურს, სადაც საბოლოოდ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვებიან.
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის (Ö1) მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კლაუდია ტანერი (ÖVP) პრეზიდენტის იდეას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ავსტრიამ ასეთ ინიციატივაში მონაწილეობა მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ უნდა მიიღოს.
„ავსტრიელ ჯარისკაცებს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. უკრაინაში არასტაბილური და არაპროგნოზირებადი სიტუაციაა“, – დასძინა ავსტრიის სახალხო პარტიის (ÖVP) სამხედრო სპიკერმა ფრიდრიხ ოფენაუერმა, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება პრეზიდენტის წინადადებას.