საზოგადოებასხვადასხვა

ავსტრიაში ლიბერალების მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება

0

2 აგვისტო, 2023 წ.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ავსტრიის მოსახლეობის 3/4 „ავსტრიის სახალხო პარტიისა“ (Austrian People’s Party (ÖVP) და „მწვანეების“ (The Greens – The Green Alternative) ფედერალური კოალიციის მმართველობით უკმაყოფილოა. ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში პოლიტიკური სისტემით უკმაყოფილო მოქალაქეების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ევროპული ფასეულობების კვლევის ფარგლებში, რომელიც ვენის უნივერსიტეტმა ჩაატარა, გამოკითხვაში 2 ათასზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა. მათ შეკითხვა დაუსვეს: „რამდენად კმაყოფილი ხართ ავსტრიაში მოქმედი პოლიტიკური სისტემის მუშაობით?“

შედეგების თანახმად, 2022 წელს ავსტრიის პოლიტიკური სისტემის მუშაობით გამოკითხულთა 38 პროცენტი იყო კმაყოფილი, თუმცა 2018 წელს იმავე შეკითხვას რესპონდენტთა 67-მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი.

ზემოხსენებულმა კვლევამ ქვეყნის დემოკრატიული სისტემის მდგომარეობის მიმართ ავსტრიელთა შორის გაბატონებულ შეხედულებასაც მოჰფინა ნათელი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ავსტრიელები სულ უფრო პესიმისტურ დამოკიდებულებას ავლენენ მათი მმართველების მიმართ.

მაგალითად, 2018 წელს დასმულ შეკითხვას, „რამდენად დემოკრატიულია ავსტრიის მთავრობა დღეს?“, გამოკითხულთა 84-მა პროცენტმა უპასუხა: „ძალიან დემოკრატიული“. სამი წლის შემდეგ იმავე შეკითხვას რესპონდენტთა 65-მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი, 2022 წელს კი 61-მა პროცენტმა.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიაში არსებული პოლიტიკური სისტემის მუშაობით უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვი უდავოდ იზრდება, დემოკრატიის კონცეფციას კვლავ მრავალი ავსტრიელი უჭერს მხარს. 2018 და 2021 წლებში დასმულ შეკითხვას, „რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება?“, გამოკითხულთა 95-მა პროცენტმა უპასუხა: „მნიშვნელოვანია“ ან „ძალიან მნიშვნელოვანია“. ბოლო გამოკითხვაში კი იმავე შეკითხვას რესპონდენტთა 91-მა პროცენტმა უპასუხა, რომ „მნიშვნელოვანია“.

ისტებლიშმენტის მიმართ უპრეცედენტოდ დიდი უკმაყოფილების ფონზე − ამ ფენომენმა მთელი ევროპა მოიცვა, მათ შორის გერმანია, ნიდერლანდები, სლოვაკეთი და სხვ. − განსაკუთრებით გასაკვირი არ არის, რომ „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ (Freedom Party of Austria (FPÖ) ლიდერ ჰერბერტ კიკლს, რომელიც ისტებლიშმენტის რჩეული არ არის, ავსტრიელთა დიდი ნაწილი დადებითად უყურებს.

შესაბამისად, როდესაც ავსტრიელებს ჰკითხეს, თუ რომელ ლიდერს ენდობიან ყველაზე მეტად, კიკლმა 25 პროცენტით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი კი წილად ხვდა „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ლიდერსა და ამჟამინდელ კანცლერ კარლ ნეჰამერს − 20 პროცენტი.

ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ FPÖ ავსტრიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა − მას მოსახლეობის 32 პროცენტი უჭერს მხარს; მეორე ადგილზეა ÖVP − 23 პროცენტით, მესამე ადგილს კი 22 პროცენტით მემარცხენე-ლიბერალური „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (Social Democratic Party of Austria) იკავებს.

https://europeanconservative.com/articles/news/austria-sky-high-dissatisfaction-with-political-system-fpos-kickl-rising/