„თუ ამ საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინას არ გადასცემენ, ჯართში ჩააბარებენ ან კერძო საავიაციო კომპანიას მიჰყიდიან“
8 ივნისი, 2023 წ.
ავსტრალიური გაზეთი „ფაინენშელ რევიუ“ (Financial Review) თავდაცვის დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავსტრალია შეერთებულ შტატებთან ერთად კიევისთვის F/A-18 Hornet-ების გადაცემის საკითხს განიხილავს.
ავსტრალიელმა სამხედრო ექსპერტმა, რობერტ პოტერმა, დაადასტურა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეებს კონკრეტული შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
მოლაპარაკებებში მონაწილე პირებთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, შეერთებული შტატები დადებითად აფასებს არსებულ ფაქტს, თუმცა ამ საკითხზე მისი თანხმობაა საჭირო, რადგან F/A-18 Hornet-ებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება ვაშინგტონს ეკუთვნის.
ეს საბრძოლო თვითმფრინავები ავსტრალიელმა სამხედროებმა ექსპლუატაციიდან ამოიღეს და თუ მათ უკრაინას არ გადასცემენ, ჯართში ჩააბარებენ ან კერძო საავიაციო კომპანიას მიჰყიდიან, რომლებსაც ეს უკანასკნელი პილოტების მოსამზადებლად გამოიყენებს. ინფორმირებული წყაროს თქმით, F/A-18-ების აღდგენასა და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას შესაძლოა ოთხი თვე დასჭირდეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაშალონ და მხოლოდ ნაწილებისთვის გამოიყენონ.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრალიას ექსპლუატაციიდან ამოღებული რამდენიმე ათეული F/A-18A/B ჰყავდა, რომლებიც საწყობში ინახებოდა. გამოცემა „დრაივმა“ (The Drive) არაერთხელ დაწერა, რომ მათი უკრაინისთვის გადაცემა ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა.
ამავდროულად, უკრაინელ პილოტებს დიდ ბრიტანეთში მოამზადებენ − მათ თანამედროვე ავიაგამანადგურებლების მართვას ასწავლიან. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა. უკრაინელი მაღალჩინოსნის სიტყვებს „სიენენი“ (CNN) ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, იაპონიაში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე (19-21 მაისი) მხარი დაუჭირა უკრაინელი პილოტების მომზადებას, რომლებსაც ამერიკული F-16-ების მართვას შეასწავლიან. გასულ თვეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომზადება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაიწყო. პოლონეთი, დანია და ნიდერლანდები იმ ქვეყნებს შორის მოიაზრებიან, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს მოამზადებენ. 26 მაისს ნიდერლანდების მთავრობამ განაცხადა, რომ დახმარების მიუხედავად, ჯერ არ გადაუწყვეტია გადასცემს თუ არა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს.