ბენჯამინ დიზრაელი, გრაფი ბეკონსფილდი, ებრაული წარმოშობის ისააკ დ’იზრაელისა და მარია ბასევის უფროსი ვაჟი. 1813 წელს, მამამ იუდაიზმზე უარი თქვა და 1817 წლის აგვისტოში შვილები ანგლიკანური წესით ქრისტიანებად მონათლა. შეიძლება ითქვას, რომ დიზრაელის ბავშვობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რომ არა მამის ეს გადაწყვეტილება, ‘დიზი’ პოლიტიკური კარიერის მწვერვალზე ვერ ავიდოდა, რადგან 1858 წლამდე რელიგიით ებრაელებს ინგლისის პარლამენტში არ ირჩევდნენ.
1831 წელს დიზრაელმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ 1837 წელს იგი კონსერვატიული პარტიიდან თემთა პალატის წევრად აირჩიეს. საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში პირველი გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა. მას დაჯდომისკენ მოუწოდეს. დიზრაელმა კი უპასუხა: „ახლა დავჯდები, მაგრამ მოვა დრო, როდესაც მომისმენთ“. დიზიმ საზოგადოებრივი მდგომარეობა 1839 წელს მერი ენ ევანსზე, ვიკონტესა ბეკონსფილდზე, ქორწინებით კიდევ უფრო გაიმყარა.
დიზრაელის პოლიტიკური კარიერის პიკი 1868 წელს დადგა, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს თანამდებობა მეორედ 1874 წელსაც დაიკავა და მინისტრთა კაბინეტს 1880 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1872 წლიდან დიზრაელი კონსერვატიულ პარტიას მკაცრი ხელით მართავდა. დიზი მონარქიას, ლორდთა პალატასა და ეკლესიას რადიკალური ლიბერალური პოლიტიკის საფრთხისგან იცავდა, მხარს უჭერდა ძლიერ საგარეო პოლიტიკას.
ბენჯამინ დიზრაელი, რომელსაც თანამედროვე ბრიტანული კონსერვატიული პარტიის ჩამოყალიბებაში მთავარი წვლილი მიუძღვის, 1881 წლის 19 აპრილს ლონდონში გარდაიცვალა.