პოლიტიკასხვადასხვა

„ათწლეულის ჰომოფობიური განცხადება“ – „ლესბოსელის“ განმარტების ცვლილების კვალდაკვალ ჯონს ჰოპკინსი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

0

15 ივნისი, 2023 წ.

მიმდინარე კვირას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, რადგან თავის ლგბტქ-გლოსარიუმში სიტყვა „ლესბოსელის“ განმარტებიდან ქალები ამოშალა.

თუმცა ტერმინ „გეი მამაკაცს“ განმარტებაში ასეთი გენდერ-ინკლუზიური ფორმულირება არ აქვს: „მამაკაცი, რომელიც ემოციური, რომანტიკული, სქესობრივი, სინაზის თვალსაზრისით ან ურთიერთობით სხვა მამაკაცებს იზიდავს, ან ვინც გეი-საზოგადოების წევრად მიიჩნევს თავს. სქესის მიუხედავად, ხანდახან ტერმინი „გეი“ ყველა იმ ადამიანის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლებსაც თავისივე სქესის ადამიანებისადმი სქესობრივი და/ან რომანტიკული ლტოლვა აქვთ. „გეი“ ზედსართავი სახელია (არა არსებითი სახელი), მაგალითად, „იგი გეი მამაკაცია“.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი თავისი გადაწყვეტილების ახსნას აპირებს, რაც ლესბოსელის განმარტებიდან „ქალების“ ამოღებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ძველ განმარტებებში „ლესბოსელი“, როგორც ქალი, ისეა მოხსენიებული, რომელიც ემოციური, რომანტიკული და/ან სქესობრივი თვალსაზრისით სხვა ქალებს იზიდავს, განახლებული განმარტება გულისხმობს არა-ბინარულ ადამიანებს, რომლებიც ამ კატეგორიას მიაკუთვნებენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯონს ჰოპკინსი ამ ცვლილების გამო მკაცრად გააკრიტიკეს. აღსანიშნავია, რომ შეურაცხყოფა მოიცავდა მთელ პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ლგბტ-კომენტატორები.

„ლესბოსელებს შლიან და ეს ძალიან სამწუხაროა“, − დაწერა „ტვიტერზე“ (Twitter) Gays Against Groomers-ის დამფუძნებელმა ჯეიმი მიტჩელმა.

„გენდერული იდეოლოგია თავის არსით ძალიან ჰომოფობიურია. ეს ორი ერთად ვერ იარსებებს. განცალკევების დროა. #LGBWithoutTheT“.

„გამარჯობა @JohnsHopkins“, − ლესბოსელმა ჟურნალისტმა ე.ჯ. როზეტამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, − „გილოცავთ! თქვენ „ათწლეულის ჰომოფობიური განცხადების“ ავტორი ხართ, რადგან ლესბოსელებს განმარტავთ ასე: „ადამიანები, რომლებიც მამაკაცები არ არიან, იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც მამაკაცები არ არიან“. და ეს ყველაფერი პრაიდის თვეში! გრცხვენოდეთ. ლესბოსელები ქალი ჰომოსექსუალები არიან. ჩაწერეთ ეს დოკუმენტში და დაიმახსოვრეთ“.

„ჰარი პოტერის“ ავტორმა და ტრანსგენდერული მოძრაობის ცნობილმა კრიტიკოსმა ჯოან კ. როულინგმა გააზიარა „სქრინშოტი“, რომელზეც „ლესბოსელისა“ და „გეი-მამაკაცის“ განმარტებებია ასახული.

„მამაკაცი: განმარტება არ სჭირდება“, − წერს როულინგი „ტვიტერზე“, − „ადამიანი, რომელიც მამაკაცი არ არის (ადრე ცნობილი იყო, როგორც ქალი): არსება, რომელიც განისაზღვრება მხოლოდ ხსენებით მამაკაცთან მიმართებით. არ აქვს მამაკაცისთვის დამახასიათებელი თვისებები“.

ახლა მეთ მარგოლისს (PJMedia.com) მოვუსმინოთ, რომელმაც იდეალურად შეაჯამა სიტუაცია: „ცხადია, რომ ჯონს ჰოპკინსის ეს ძალისხმევა იყოს „ინკლუზიური“ ლგბტქ-ბრბოს დასამშვიდებლად, მხოლოდ ზედაპირული მცდელობა არ არის. უფრო სწორად, იგი კონკრეტულად ხელს უწყობს ტრანსგენდერულ მოძრაობას, რომელიც ლგბტქ-თემის ყველაზე ცნობილი ქვეჯგუფია და, სამწუხაროდ, მისი ნამდვილი მსხვერპლი ქალბატონები არიან“.

მარგოლისი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ტრანსგენდერული მოძრაობის გამო, უახლოეს მომავალში მათ აღარ ექნებათ პირადი ცხოვრება, შესაძლებლობები, უფლებები ან იდენტობა.

წყარო: https://www.zerohedge.com/political/homophobic-statement-decade-johns-hopkins-faces-backlash-after-changing-definition