პოლიტიკასხვადასხვა

აშშ-ში კითხვები აქვთ თუ როგორ განიკარგება უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდობით დოლარი

0

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ამერიკელი გადამხდელების მიერ გადახდილი მილიარდობით აშშ დოლარი, რომელიც უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესყიდვასა და სხვა სახის დახმარებაზე დაიხარჯა, კორუფციის გამო გაუჩინარდა ან კრიმინალების ჯიბეში დაილექა. ამის შესახებ სამშაბათს პენტაგონის მთავარმა ინსპექტორმა განაცხადა, სანამ დაამატებდა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ეს განცხადება კონგრესმენების კითხვებს მოჰყვა, რომლებიც დაინტერესდნენ აკონტროლებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინაში გაგზავნილ დახმარებას, რათა იგი თაღლითების ხელში არ აღმოჩნდეს.
‘ასოშეიტედ პრესის’ (Associated Press) ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი რობერტ პ. სტორჩი თაღლითობის შესახებ მოპოვებული ცნობების გამო რამდენჯერმე გაატარეს წნეხში. ამ უკანასკნელის თქმით, ახალ ცხელ ხაზზე რამდენიმე ბრალდება და კონფიდენციალური ინფორმაცია შევიდა, თუმცა დღემდე მხოლოდ „შეზღუდული მონაცემები“ აქვთ და ამ თემასთან დაკავშირებით მიღებული მრავალი ცნობა განხილვას მოითხოვს.
სტორჩმა, რომელმაც პენტაგონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ჩვენება მისცა, არაერთხელ დააზუსტა თავისი შენიშვნები და განაცხადა, რომ არ სურდა ჯერ კიდევ მიმდინარე გამოძიებებეზე საუბარი.
როგორც ‘ბრეიბარტ ნიუსი’ (Breitbart News) იტყობინება, სტროჩის კომენტარები უკავშირდება თვეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს, რომელთა თანახმადაც უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი დონის კორუფცია ყვავის.
იანვარში კორუფციის ბრალდებით თანამდებობებიდან გაათავისუფლეს უკრაინელი მაღალჩინოსნები, ზოგიერთი მათგანი ნებაყოფლობით გადადგა. გათავისუფლებული მოხელეები უკანონო ფულადი შემოსავლების მიღებაში დაადანაშაულეს, რადგან, როგორც ამბობენ, თავდაცვის სამინისტრომ ზედმეტად გაბერილ სამხედრო კონტრაქტებს მოაწერა ხელი.
თანამდებობები დატოვეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ და გენერალური პროკურორის მოადგილე ოლექსი სიმონენკომ.
‘ასოშეიტედ პრესის’ ცნობით, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკ როჯერსმა, განაცხადა, რომ კონგრესმა 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო უკრაინასა და ნატოელ მოკავშირეებს.
ამ თანხიდან უკრაინას 75 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ერგო. თითქმის 32 მილიარდი პენტაგონის იარაღსა და რუსეთის ინტერვენციის შემდეგ უკრაინელებისთვის ჩატარებულ წვრთნებზე მოდის.
„ეს უპრეცედენტო ციფრებია, რაც კონგრესის მხრიდან უპრეცედენტო მეთვალყურეობას მოითხოვს“, – დასძინა როჯერსმა.
პენტაგონს აქვს „მძლავრი პროგრამა“, რათა მონიტორინგი გაუწიოს დახმარებას, როდესაც იგი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს და თვალყური ადევნოს. ეს დამოკიდებულია თითოეული იარაღის სისტემის მნიშვნელობაზე. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა, სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინაში ამერიკელთა მცირერიცხოვანი გუნდი მუშაობს, რომელიც უკრაინელებთან ერთად ფიზიკურ ინსპექტირებას ატარებს, როდესაც ეს შესაძლებელია. ასევე ტარდება ვირტუალური ინსპექტირება, როდესაც ამის საჭიროება დგება დღის წესრიგში, რადგან ამ გუნდებს ფრონტის ხაზზე არ აგზავნიან, განაცხადა რაიდერმა.
‘საერთაშორისო გამჭვირვალობის’ (Transparency International) ბოლო ანგარიშის თანახმად, უკრაინა რუსეთის შემდეგ ევროპაში რიგით მეორე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. უკრაინამ მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს შორის 116-ე ადგილი დაიკავა, თუმცა 2021 წლის შემდეგ ერთი საფეხურით დაწინაურდა.
P.S. 2022 წლის 20 მარტს ‘ბრეიტბარ ნიუსმა’ საკუთარ ‘ტვიტერის’ გვერდზე შემდეგი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა: „კანადური არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში გაგზავნილი დასავლური იარაღი შეიძლება არა მხოლოდ რუსების ხელში აღმოჩნდეს, არამედ შეიძლება საერთაშორისო შავ ბაზარზეც კი გაყიდონ“.

წყარო: https://is.gd/wDiIqR