პოლიტიკასხვადასხვა

აშშ-მა არ დააკმაყოფილა პოლონეთის თხოვნა, მის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსდეს

0

19 ივლისი, 2023 წ.

შეერთებული შტატები და NATO მუდმივად აფასებენ საფრთხეს, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას უკავშირდება, თუმცა დღესდღეობით ბირთვული იარაღის გადაცემის პროგრამის შესახებ ახალი გეგმები არ არსებობს, − ამის შესახებ პოლონეთში აშშ-ის ელჩმა მარკ ბჟეზინსკიმ განაცხადა. ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად სარწმუნოა, აშშ-ის ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსდეს.

„ამჟამად არ ვგეგმავთ, ბირთვული იარაღი გადავცეთ NATO-ს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც ამ პროგრამაში არ მონაწილეობენ. იმის შესახებ, განთავსებულია თუ არა კონკრეტულ ქვეყანაში აშშ-ის ბირთვული იარაღი, კომენტარს არ ვაკეთებთ“, − განუცხადა ელჩმა პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-ს.

ეს პროგრამა ალიანსის პოლიტიკური კონცეფციაა, რომლის თანახმად ბირთვულ ქობინებს NATO-ს იმ წევრ ქვეყნებს გადასცემენ, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ აქვთ. 2009 წლიდან პროგრამაში ჩართული არიან ბელგია, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები და თურქეთი.

ივნისის მიწურულს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ალიანსის მოკავშირეებს სთხოვს, ვარშავა ბირთვული იარაღის გადაცემის პროგრამაში გააწევრიანონ. მასში პოლონეთის გაწევრიანება ბელორუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებაზე ერთგვარი პასუხი იქნება.

ბჟეზინსკის ვარშავასა და ბერლინს შორის დაწყებული უთანხმოების შესახებაც დაუსვეს შეკითხვა.

NATO-ს შიგნით არანაირი განხეთქილება არ გვსურს, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე. პოლონეთსა და გერმანიას შორის არსებული უთანხმოებით მხოლოდ ერთი ადამიანი სარგებლობს: პუტინი“, − განაცხადა აშშ-ის ელჩმა, − „ეს კი დასავლეთის ერთიანობას არ ემსახურება“.

„NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული საფრთხე არა მხოლოდ პოლონეთის ან აშშ-ის, არამედ მთელი ალიანსის პრობლემაა. ამიტომ გერმანიის მონაწილეობა მნიშვნელოვანია“, − აღნიშნა ბჟეზინსკიმ და დასძინა, რომ შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ პოლონეთში სამხედრო თვალსაზრისით კიდევ უფრო მოიკიდოს ფეხი.

https://rmx.news/poland/us-rejects-polish-request-to-host-us-nuclear-weapons/