პოლიტიკასხვადასხვა

აშშ-ის კონგრესში დაარეგისტრირეს უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტი

0

ამერიკელმა კონგრესმენებმა წარადგინეს რეზოლუცია, რომელშიც მოითხოვენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას „სამხედრო და ფინანსური“ დახმარება შეუწყვიტოს.
უკრაინაში რუსული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან შეერთებული შტატების კონგრესში პირველად წარადგინეს განსახილველად რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ამერიკელი კანონმდებლების ჯგუფმა ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის პროცესის დასრულება მოსთხოვა. რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის დასაწყისიდან რესპუბლიკური პარტიის კონტროლქვეშ გადავიდა.
რეზოლუციის პროექტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი მეტ გეტცია, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში ფლორიდის პირველ საარჩევნო ოლქს წარმოადგენს. სხვათა შორის, გეტცი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი კონგრესმენებისგან, რომლებიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსულ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აპლოდისმენტებით არ შეხვდნენ და მის მიმართ არც ოვაციები გამოხატეს.
დოკუმენტის მომზადებაში გეტცს 10 კონგრესმენი ეხმარებოდა, რომლებიც მის თანავტორად ითვლებიან.
რეზოლუციის პროექტიდან გთავაზობთ რამდენიმე დებულებას. რეზოლუციას მჭევრმეტყველი სათაური აქვს: „რეზოლუცია უკრაინით დაღლის შესახებ“:
„შეწყვიტეთ უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება“;
„ყველა მებრძოლ მხარეს სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოვუწოდებთ“.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წლის თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას „უზარმაზარი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, რომლის საერთო ღირებულება 110 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, მცირე შანსია, რომ კონგრესში ხსენებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცონ, განსაკუთრებით კი მის ზედა პალატაში, სენატში, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ. თუმცა, რაც უფრო ახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი, მით უფრო ხშირად დააყენებს შეერთებული შტატები კიევის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს.

წყარო 1: https://is.gd/uO51Lh
წყარო 2: https://is.gd/eaadW1