ხუთშაბათს, 30 მარტს, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა. ყოფილ პრეზიდენტს 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დუმილის სანაცვლოდ ორი ქალბატონისთვის ფულის გადახდას ედავებიან. 76 წლის დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი ყოველგვარ დანაშაულს უარყოფს.
მანჰეტენის ოლქის პროკურორის, ელვინ ბრაგის, წაყენებული ბრალდების ზუსტი არსი უცნობია, რადგან საბრალდებო აქტი მანამდე დარჩება ბეჭედდასმული, სანამ ყოფილი პრეზიდენტი მომავალ კვირას სასამართლოს წინაშე არ წარდგება.
AFP-ის ინფორმაციით, „ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა დიდ ჟიურის ჩვენება მისცა, 2019 წელს კონგრესს განუცხადა, რომ ტრამპის სახელით [სტორმი] დენიელსს ფული გადაუხადა და მოგვიანებით დახარჯული თანხა დაუბრუნეს. ბრალმდებლების მტკიცებით, ჩეკები წესების დაცვით არ იყო დარეგისტრირებული და ნაფიც მსაჯულებს სთხოვეს განეხილათ ხომ არ იყო დანაშაულის დაფარვის მცდელობა, რათა სკანდალის მიჩუმათებით ტრამპის კამპანიას დახმარებოდნენ“.
Associated Press-ის ცნობით, „მანჰეტენის ოლქის პროკურორი ბრაგი ბრალდებების წარდგენით უჩვეულო საქმეს ეხება, რომელიც პროკურორების წინა ორმა ჯგუფმა გამოიძია, ორივე მათგანმა უარი თქვა პოლიტიკურად ფეთქებადი ნაბიჯის გადადგმაზე, რაც ტრამპისთვის ბრალის წაყენებას უკავშირდებოდა“.
თავის განცხადებაში დონალდ ტრამპმა საბრალდებო აქტი გააკრიტიკა: „ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევაა. მას შემდეგ, რაც ‘ტრამპ თაუერის’ ოქროსფერი ესკალატორიდან ჩამოვედი და სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში ფიცს დავდებდი, რადიკალმა მემარცხენე დემოკრატებმა, რომლებიც ამ ქვეყნის შრომისმოყვარე მამაკაცებისა და ქალბატონების მტერები არიან, კუდიანებზე ნადირობა დაიწყეს, რათა მოძრაობა – ‘დავუბრუნოთ ამერიკას დიდება’ – გაანადგურონ.
დემოკრატები იტყუებიან, ყალთაბანდობენ და „ტრამპის დაჭერის“ მცდელობით ფარულად აღწევენ თავიანთი აკვიატებულ აზრს, თუმცა ახლა წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანს ბრალი წაუყენეს, რაც არჩევნებში აშკარა ჩარევაა. ასეთი რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არასოდეს მომხდარა“.
ტრამპის ადვოკატმა, სიუზან ნეკილისმა, AFP-ის განუცხადა, რომ მისი ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე მომავალ სამშაბათს წარდგება.
ტრამპის მიმართ წარდგენილ ბრალდებას შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც გამოეხმაურა.
პარასკევს მაიკ პენსმა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, Fox News Channel-ის გადაცემა Your World-ში განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანჰეტენის ოლქის პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებს, რომლის თანახმადაც 2016 წელს ტრამპმა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს დუმილის სანაცვლოდ ფული გადაუხადა, „კანონის მიხედვით არათანაბარი მოპყრობის გამოხატულებაა“.
„კამპანიის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის მიმართ წაყენებული უპრეცედენტო ბრალდება აღშფოთებას იწვევს. დეტალები, რომელიც ამას მოჰყვება, ამ ფაქტს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, მილიონობით ამერიკელი თვალს ადევნებს ამას და ხედავს, რაც ხდება. ეს არის მანჰეტენის ოლქის პროკურორის მიერ დაწყებული პოლიტიკური დევნა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით კამპანია ჩაატარა და პირობა დადო, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებდა“, – განაცხადა პენსმა.
„ეს არის ამ ორსაფეხურიანი მართლმსაჯულების სისტემის კიდევ ერთი მაგალითი. მრავალი ამერიკელი პირდაპირი მნიშვნელობით ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულების ფუნდამენტალურ სამართლიანობას. ვფიქრობ, ეს ძალიან სამწუხაროა“, – დასძინა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჰეტენის ოლქის პროკურორმა დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა, ყოფილმა პრეზიდენტმა კამპანიის საწარმოებლად 24 საათში 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო.
მანჰეტენის ოლქის პროკურორი ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმაც, გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის სავარაუდო კონკურენტმა ელვინ ბრაგს სოროსის დაფინანსებული პროკურორი უწოდა.
წყარო: https://is.gd/Iz5euc / https://is.gd/g4dwRR / https://is.gd/x1BLQR