„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ენჯეოებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილობით სთხოვეს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს.
ამასთან, როგორც ჩანს, ისინი გარკვეულ ფორმალობებს იცავენ და სალომე ზურაბიშვილისთვისაც სახის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნებას ცდილობენ. უნდათ საქმე ისე გააფორმონ, რომ ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უარი ვერ უთხრა და გვარამია ამიტომ შეიწყალა.
ბუნებრივია, საელჩოს ამის დაშვებაც არ უნდა და ისინი ფიქრობენ, რომ გვარამიას შეწყალებით სიცრუესა და რადიკალიზმს ახალ სტიმულს მისცემენ.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საელჩო სააკაშვილის განსათავისუფლებლადაც აქტიურად იღწვის. ენჯეოების, ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა ამის მკაფიო დასტურია. ამის მიღმაც, ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვების მოწოდებით ისინი უკვე, პრაქტიკულად, ყველა კაბინეტს სტუმრობდნენ. საზოგადოების რეაქციის ეშინიათ და სააკაშვილის განთავისუფლებაზე საჯაროდ საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ვიცით, რომ ელჩით დაწყებული, ვაშინგტონიდან ჩამოსული სტუმრებით დამთავრებული, სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება ხელისუფლებისგან უკვე ყველამ ითხოვა.
სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე საელჩოს ფავორიტად რომ იქცა, საზოგადოებისთვის ესეც კარგად არის ცნობილი. სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც პირველი სამი წლის მანძილზე ერთი წესიერი ვიზიტი და საერთაშორისო მედიაში ერთი წესიერი გამოჩენაც კი არ ღირსებია, მას შემდეგ ნებისმიერი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების კარი ღიაა. ცოტა ხნის წინ, ქართული რადიკალიზმის ცნობილმა მხარდამჭერმა, დევიდ კრემერმაც თქვა, პოლიტიკურ პროცესებში ლიდერის როლი პრეზიდენტმა უნდა იტვირთოსო. არადა, იგივე კრემერი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო აქტიურად ჩართული და მას განცხადებებს საჯაროდ უწუნებდა.
ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო საელჩოდან მართული და ამ თვალსაზრისით, მის კანდიდატურაზე არჩევანი სწორად შეჩერდა. მთელი საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, მას ღიად ესხმოდნენ თავს როგორც რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიასაშუალებები, ისე ენჯეოები და საელჩოს სხვა შიდა თუ გარე პარტნიორები. ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს რუსეთის რეზიდენტს ისე უწოდებდა და მის მიმართ ისე ბილწსიტყვაობდა, რომ ამაზე არცერთ, თუნდაც ქალთა უფლებებზე მომუშავე ენჯეოს ერთი ფორმალური კრიტიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებია.
ზუსტად ასევე ჰყავდათ ის მოძულებული მომდევნო სამი წლის განმავლობაშიც. თუმცა, სამი წლის თავზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ შეცვალეს და პოზიციების გასამყარებლად ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება დასჭირდათ, საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა და მიზანს ადვილადაც მიაღწია. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული როლი დედობრივმა ინსტიქტმა შეასრულა და მან ორივე შვილის ნახტომისებური სამსახურებრივი დაწინაურების ცდუნებას ვერ გაუძლო. ბუნებრივია, მის გადაწყვეტილებაში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრისა და ფართო საერთაშორისო მედიაგაშუქების ცდუნებაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.