პოლიტიკასხვადასხვა

„ასეთი სიგიჟე არასოდეს მინახავს!“ – ხორვატიის პრეზიდენტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას – „ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ ომს“ – აკრიტიკებს

0

ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების – ‘ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ ომს’ – გამო გააკრიტიკა და მის სიტყვებს სიგიჟე უწოდა.
საპორტო ქალაქ სპლიტში ვიზიტისას ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის მიერ რუსეთისთვის ომის გამოცხადება მისთვის სიახლე იყო და დაადასტურა, რომ ხორვატია „არავითარ შემთხვევაში“ არ ჩაერთვება, როგორც იგი უწოდებს, ‘პროქსი ომში’, რომელიც ნატოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს
ხორვატიის პრეზიდენტმა ირონიანარევი ხმით წარმატებები უსურვა გერმანიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის დამარცხებას ცდილობდა.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ვციტირებ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ ომს, მე ეს არ ვიცოდი“, – განაცხადა მილანოვიჩმა. „შეიძლება გერმანია რუსეთს ებრძვის, წარმატებებს ვუსურვებ. ალბათ, ამჯერად მაინც გაუმართლებთ, ვიდრე 70 წლის წინ“, – სარკასტულად შენიშნა მილანოვიჩმა.
ხორვატიის პრეზიდენტმა ბერბოკის კომენტარების გამო გაკვირვება გამოთქვა და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერია, რომელიც უწინ პაციფიზმის პროპაგანდას ეწეოდა. მილანოვიჩი დაეჭვდა, ბერბოკის წამქეზებლური განცხადებები კანცლერ ოლაფ შოლცისთვის ძირის გამოთხრას ხომ არ ემსახურებოდა.
„თუ რუსეთს ვეომებით, მოდით ვნახოთ, რა უნდა გავაკეთოთ. თუმცა ჩვენ გერმანიას აზრს არ დავეკითხებით. დაე, თავად გაერკვნენ ვინ არის იქ ნამდვილი კანცლერი. დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ჩვენმა ქვეყანამ ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ ასეთი სიგიჟე ადრე არასდროს მინახავს“, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.
მილანოვიჩი მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის კონფლიქტისადმი დასავლელი მოკავშირეების მიდგომას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ‘აბსურდულს’ უწოდებს და პირობას დებს, რომ ნატოს სხვა არაერთი წევრის მსგავსად ‘ამერიკის მონა’ არ იქნება. ბოლო განცხადებაში ხორვატიის პრეზიდენტმა შენიშნა, რომ კიევისთვის დასავლური საბრძოლო ტანკების მიწოდება მხოლოდ ომის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს.
„რუსული თუ ამერიკული, ისინი ერთნაირად იწვის. ეს ტანკები შეიძლება დაიწვას ან ყირიმამდე მიაღწიოს, მაგრამ ხორვატიას ამასთან არაფერი ესაქმება“, – განაცხადა მილანოვიჩმა ტანკებზე საუბრისას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით მილანოვიჩის დამოკიდებულებას გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, რომელმაც ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ არავის ვებრძვით და არც არავისთან გვსურს ომი. ჩვენ გვინდა, რომ ამ ომისგან განზე გავდგეთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნგრეთისა და უნგრელი ხალხის უსაფრთხოებაა“.

წყარო: https://is.gd/M1E3hu