არჩევნები ამერიკაშისხვადასხვა

არჩევნები ამერიკაში და საქართველო

0

საქართველო იმთავითვე კონსერვატიული ქვეყანაა, ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის – ჩვენი ჯანსაღი საზოგადოება და საღი პოლიტიკური ძალები, ყოველთვის და ბუნებრივად,  უმეტესწილად  გულშემატკივრობდნენ კონსერვატიულ ამერიკას და არა ლიბერალურს. მაგრამ, დღვანდელი არჩევნები სრულიად გამორჩეულია, ვინაიდან – კრიტიკულია. კრიტიკულია იმდენად, რამდენადაც ლიბერალურ და კონსერვატიულ ამერიკას შორის უკვე მკვეთრი, გადაულახავი განხეთქილებაა – ვითარება დაძაბულია, ესკალაცია პიკს აღწევს და კონტროლიდანაც კი გადის. აშშ დიადი ქვეყანაა და მოგვწონს ეს თუ არა, მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრია. ხოლო ეს დიდი განხეთქილება ლიბერალურ და კონსერვატიულ ამერიკას შორის, რის უკანაც აშკარად იკითხება მძაფრი კონფლიქტი არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ მსოფლიო ელიტებს შორის, განმსაზღველ გავლენას ახდენს უკლებლიც ყველა ქვეყანაზე და რაც მთავარია, ამ განხეთქილების   გამოძახილია მთელს მსოფლიოში შექმნილი უწესრიგობა, საერთაშორისო სამართლის და მისი ინსტიტუტების გაუფასურება, სულ უფრო მზარდი ტურბულენტობა და მოვლენათა განვითარების არაპროგნოზირებადობა, მათ შორის – თვით ბირთვული არმაგედონის დაუშვებლობის საეჭვოდ გახდაც კი. ესეც, ანუ ბირთვული ესკალაციის თუნდაც ჰიპოთეტური დაშვება,  უკვე ცხადჰყოფს, რომ ლიბერალთა და კონსერვატორთა ტრადიციული დაპირისპირება გაცდა ასე თუ ის მისაღებ საზღვრებსა და ფაქტიურად, „ლიბერალურ შეშლილობასა“ და კონსერვატიულ საღ აზრს შორის რადიკალური პოლარიზაციის სახე მიიღო.

ყოველივე ამის მკვეთრი  გამოხატულებაა მიმდინარე „პოსტ-ომი“ უკრაინაში,  რომელიც გლობალური  ჰიბრიდული ომის „ცხელი“ ფაზის, დაუნდობელი და გამანადგურებელი სამხედრო კონფლიქტის სახეს ატარებს; ამ „მსოფლიო პოსტ-ომის“ ხასიათი უკლებლივ ყველა სახელმწიფოს მდგომარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს;  ბუნებრივია, გეოპოლიტიკურად ისეთი მნიშვნელობის ქვეყნის,  როგორიც საქართველოა,  ვითარებაზე უშუალოდაც აისახება. საქართველო, ისევე როგორც მთლიანად ევროპა და  უწინარესად – მისი შავი ზღვის რეგიონი, კავკასია, როგორ აღმოსავლეთ-დასავლეთისა თუ სამხრეთ-ჩრდილოეთის დამაკავშირებელი ყელი, რასაკვირველია, ამ მსოფლიო ჰიბრიდული ომის, ე.ი. უკრაინის გათვალსიწინებით – „პირველი მსოფლიო პოსტ-ომის“  არსებითად მნიშვნელოვანი ობიექტია.  ამიტომაც, გასაკვირი არც არის  ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მომართული „ლიბერალურად შეშლილი“ პოლიტიკური ზეწოლა, უფრო სწორედ  – გააფთრებული ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე. ამ ჰიბრიდული შეტევის გამაოგნებლად, ყოველგვარ ზღვარს გადასული   გამოხატულებაა, როცა აშშ-ს ელჩი ფაქტიურად წამყვან, ძირითად ოპოზიციურ ძალად უკვე აშკარად გამოიყურება საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ხოლო რადიკალური, ე.წ. ოპოზიციური პარტიები ოდენ აშშ-ს საელჩოს კლიენტელას თუ წარმოადგენენ და მათ  არც რაიმე სხვა მნიშვნელობა არა აქვთ და აღარც რაიმე სამოქმედო სივრცე გააჩნიათ, თუ არა პატრონის, ე.ი. „ლიბერალურად შეშლილი“ ამერიკის ინტერესებისა და პოლიტიკის გატარება.

რასაკვირველია, ამგვარ კრიტიკულ მდგომარეობაში გაათმაგებულია საქართველოს, და არა მარტო საქართველოს, არამედ საკუთარი იდენტობის მქონე ერი-სახელმწიფოების, ისევე როგორც ამ  იდენტობის გამომხატველი პოლიტიკური ძალების, ზოგადად – საღი აზრის მქონე კაცობრიობის, ვისაც ჯერ ადამიანობა არ დაუკარგავს, ისევე როგორც- მოწინააღმდეგე ბანაკის, ე.ი. „ლიბერალურად შეშლილი“ ძალების, ყურადღება აშშ-ს არჩევნების მიმართ.

მთავარი მოლოდინი, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში საღი აზრის ადამიანებს, მაშასადამე – ჯანსაღ , კონსერვატიულ ძალებსა ჰქონდათ და ახლაც აქვთ ამ არჩევნებში – არსებული ესკალაციისათვის ზღვარის დადებაა, დეესკალაციის, ამ „პირველი მსოფლიო პოსტ-ომით“ შექმნილი უაღრესად სახიფათო ვითარების განმუხტვის საფუძვლების შექმნაა და შესაბამისად,  შიდა თუ საერთაშორისო კონფლიქტების უკიდურესად გამწვავებისათვის კი, პირიქით – იმ საფუძვლების, რაც „ლიბერალთა შეშლილობის“ გაბატონებამ აშშ-სა და მათმა უდიდესმა გავლენამ ევროპასა თუ  მთელს მსოფლიოში, განაპირობა, გამოცლაა.

ბუნებრივია, ლიბერალური და კონსერვატიული ამერიკის ფუნდამენტური, უკვე გადაულახავი განხეთქილების, მწვავე პოლარიზაციისა და საშიში კონფრონტაციის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ინდიკატორია – აშშ-ს საგარეო პოლიტიკა. მაგრამ არა მხოლოდ ინდიკატორია, არამედ ვინაიდან აშშ-ს საგარეო პოლიტიკა მსოფლიო ბედ-იღბალს დიდად განსაზღვრავს, ასევე – საბედისწეროდ მნიშვნელოვანი ფაქტორიც.

ის ფუნდამენტური დილემა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში, რამაც ეს უკიდურესი პოლარიზაცია, კონსერვატიულად საღ აზრზე მყოფ და „ლიბერალურად შეშლილ“ ამერიკას შორის გადაულახავი განხეთქილება წარმოშვა, ალბათ ყველაზე  უკეთ   – პატრიკ ბუკენანმა, გამოცემა „The American Conervative”-ის დამფუძნებელმა და მთავრმა რედაქტორმა დახატა 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ თავის სარედაქციო წერილში „Is Autocracy Really America,s Enemy?” („არის თუ არა ავტოკრატია ამერიკის რეალური მტერი?“).

ფუნდამენტური განხეთქილების სადემონსტრაციოდ ამ წერილში პატრიკ ბუკენანმა მოიყვანა ჯონ ქვინსი ადამსის – აშშ-ს მე-6 პრეზიდენტის,  ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, აშშ-ს მე-2 პრეზიდენტის, ლეგენდარული ჯონ ადამს უფროსის, ვაჟის – ეს კარგად ცნობილი სიტყვები:

„შეერთებული შტატები არ გადის საკუთარი საზღვრების გარეთ, რათა მსოფლიოში ეძიოს და გაანადგუროს მონსტრები. არამედ, უსურვებს რა ყველა სახელმწიფოს თავისუფლებასა და კეთილდღეობას, შეერთებული შტატები იომებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად.“

ბუკენანმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ეს სიტყვები წარმოადგენს ამერიკის დამფუძნებელ მამათა მემკვიდრეობას, მათ ანდერძს, რამაც უნდა განსაზღვროს აშშ-ს საგარეო პოლიტიკური კურსი და დამოკიდებულება ნებისმიერ ომში აშშ-ს ჩართულობის მიმართ. სწორედ ამიტომ, აშშ-ს დღევანდელი პოზიცია, დამფუძნებელ მამათა ამ ანდერძის – არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ გმობას წარმოადგენს. ეს, პოზიცია, რაც ჯონ ქვინსი ადამსის სიტყვების საპირისპიროა და სწორედაც „მონსტრების ძიებას, რათა ისინი განადგურდნენ“, „ლიბერალურად შეშლილ“ მცდელობას წარმოადგენს,  ღიად და მკაფიოდ გამოხატა პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში ომის დაწყებისას, როცა ეს თქვა: “ჩვენ ისევ ვმონაწილეობთ დიდ ბრძოლაში თავისუფლებისათვის. ესაა ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის” ასევე,  იგივე და უფრო მკვეთრადაც, გაიმეორა ნენსი პელოსმა ტაივანში ვიზიტისას: “დღეს მსოფლიო დგას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არჩევანის წინაშე. შეერეთებული შტატების მისწრაფება, დაიცვას და შეინარჩუნოს დემოკრატია აქ, ტაივანში და მთელს მსოფლიოში, ურყევია”.

ამდენად – სრულიად ცხადია, რომ კონსერვატიულ, საღ ჭკუაზე მყოფ და „ლიბერალურად შეშლილ“ ამერიკას შორის საგარეო პოლიტიკასა და ამ, უკრაინის ომთან დაკავშირებითაც, წყალგამყოფი სწორედ ეს კითხვა გახლავთ – უნდა იყოს თუ არა აშშ დაკავებული მსოფლიოში მონსტრების ძიებითა და მათი განადგურებით, თუ იზრუნოს  საკუთარ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე, რითაც მტკიცედ იდგეს დამფუძნებელ მამათაგან დატოვებულ სჯულზე და დაიცვას მათი ანდერძი?

დიდი დაკვირვება და გულისხმიერება არ სჭირდება, რომ საღი აზრის ადამიანები უდავოდ დაუჭერენ მხარს პატრიკ ბუკენანის, პრეზიდენტ ტრამპის, რესპუბლიკელების უმრავლესობის (რესპუბლიკელთა ნაწილი, სამწუხაროდ – ასევე რადიკალია და  „მონსტრების განადგურების“ გულმხურვალე მომხრეა), ზოგადად – კონსერვატიული ამერიკის, ჯონ ქვინსი ადამსის ანდერძით გამოხატულ პოზიციას და არა „ლიბერალურად შეშლილ“ ამერიკას, რომელმაც სწორედ მონსტრებზე ნადირობა გამოაცხადა და გაიხადა კიდეც დღეს საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად;  ხოლო ამისათვის მზადაა, მთლიანად გაწიროს ევროპის უდიდესი ქვეყანა – უკრაინა, სრულიად ევროპაც და „უკანასკნელ უკრაინელამდე“ პუტინის ავტოკრატიას ეომოს.  უკრაინელების ხელით, მაგრამ საკუთარი იარაღითა და ფულით, ეომოს მონსტრი პუტინის რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი სასიცოცხლოდ აზიანებს თავად აშშ-ს ეროვნულ ინტერესებსაც, ვინაიდან არა მხოლოდ ინფლაციას, ეკონომიკურ არასტაბილურობას, იგივე პოლიტიკურ პოლარიზაციას,  ზოგადად – ქვეყნის შიგნით უწესრიგობას, არსებითად ზრდის, არამედ აშშ-ს უსაფრთხოებას პირდაპირ ემუქრება, უარესიც – თვით ბირთვული არამაგედონის წინაშეც კი აყენებს!

აქ ხაზგასასმელია, რომ ეს, „ლიბერალურად შეშლილი“  პოლიტიკა უშუალოდ შეგვეხო ჩვენც – საქართველოსაც, სადაც, არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილის მონსტრად – ე.ი. „ავტოკრატ პუტინის ოლიგარქად“ გამოცხადება ასე ჯიუტადად სურთ, ხოლო მასზე ნადირობისათვის  კრიმინალ მსჯავრდებულთა: სააკაშვილისა თუ გვარამიას გათავისუფლებას, სამართლისათვის მიფურთხების ფასადაც კი, ხოლო ე.წ. ოპოზიციის სარევოლუციოდ „აკერმანულად“ დარაზმვას ასე დაჟინებით ლამობენ.

…თუ ომის მიმართ დამოკიდებულებებში ანალოგიებს გავიხსენებთ, „ლიბერალურად შეშლილთა“ პოზიცია ძალიან წააგავს ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიაში’ დახატულ პერსონაჟს – ვახტანგ შალითურს,  რომელიც „ომის პარტიის“ სახედაც გამოდგება და კარგად გვაჩვენებს იმ ავყიობას, რაც უკვდავი ქართული სიბრძნის: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ ძირეულ უარისყოფაში მდგომარეობს.  დიდწილად „ლიბერალურ შეშლილობასა“ და კონსერვატიულ საღ აზრს შორის ეს დებატები, სწორედაც ავყია ვახტანგ შალითურთან დავას წააგავს. ეს სიტყებიც უნდა გავიხსენოთ, რასაც ამ ავყიას გონზე მოსაყვანად ეუბნებიან: „ერთხელაც იქნება და ეს თამაში თავის ქალას აგხდისო!“

საბოლოო ჯამში ამერიკის არჩევნები სწორედაც ეს არის – მას გლობალური მნიშვნელობა აქვს, რათა მსოფლიო საღ აზრს დაუბრუნდეს და ის ავყიობა, როცა წესრიგსა და სამართალს ფეხს ქვეშ ნიადაგი ეცლება, ხოლო მსოფლიო   ვახტანგ შალითურივით  „რუსული რულეტკას“ თამაშში სურთ ჩართონ, დროულად შეაჩეროს…

… არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ამ შედეგების კომენტირებისას ნიშანდობლივია რესპუბლიკელების და მთლიანად კონსერვატიული ამერიკის დღევანდელი ლიდერის, პრეზიდენტ ტრამპის შეფასება: „ეს არჩევნები გარკვეული იმედგაცრუებაც არისო…“ დიახ, ნამდვილად ასეა, რადგან არჩევნების შედეგები არ აღმოჩნდა ისე გამანადგურებელი დემოკრატებისათვის, რაც „ლიბერალურ შეშლილობას“ შეაჩერებდა, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციას კი ხელებს საკმარისად დაუმოკლებდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენლობით პალატაში წინასწარი შედეგებით რესპუბლიკელებს მყარი უმრავლესობა ექნებათ, სენატში უმრავლესობის მოპოვება მათთვის კვალავაც საეჭვოა და გარანტირებული არ არის. არჩევნების შედეგების დათვლა გრძელდება, მაგრამ უეჭველია – „ლიბერალური შეშლილობა“ არც ამერიკაში და არც მსოფლიოში ჯერ არ დამარცხებულა, უარესიც – მთავარ არენაზე, აშშ-ს პოლიტიკურ სცენაზე ერთგვარი არამყარი  პარიტეტია: წარმომადგენლობით პალატაში საღი აზრი უმრავლესობაშია, სენატში – თითქოს მყიფე თანასწორობაა, ხოლო აშშ-ს ადმინსტრაცია კვლავაც „ლიბერალური შეშლილობის“ მსოფლიო ციტადელად რჩება.   საღი აზრისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. თუმცა, ამ არჩევნებმა ნათლად დაგვანახა – ეს საღი აზრი, კონსერვატიული ამერიკა და ადამიანური იდენტობის გამომხატველი მთელი მსოფლიო სიშლეგისათვის დანებებას არ აპირებს.

როგორც ჩანს, საქართველოშიც ეს ბრძოლა გაგრძელდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკის არჩევნების საბოლოო შედეგების( რაც მეტნაკლებად ასევე  აისახება საქართველოში აშშ-ს საელჩოს დღევანდელი აგრესიულად შემტევი პოზიციის, სავარაუდოდ – უფრო მაინც შეკავებაზე, ვიდრე პირიქით)   მიუხედავად, საქართველოში საღ აზრს და ჩვენი ქვეყნის იმთავითვე კონსერვატიულ პოზიციას, ისევე როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას სწორედ დამფუძნებელი მამების – ჯონ ადამსების, მაშასადამე,  კონსერვატიულ, ჯანსაღ ამერიკასთან ღირებულებით სიახლოვესა და სტრატეგიულ პარტნიორობას არც არაფერი დაემუქრება!