უკრაინაში შეჭრა რუსეთის იმპერიული და კოლონიური პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელებაა. ეს პოლიტიკა არასოდეს გამქრალა. რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ თან ახლავს პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც უარყოფს უკრაინელი ერის არსებობას, უკრაინელების გენოციდს, რაც ეთნიკური რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების კოლონიზაციით დასრულდა. სწორედ ასე ხდება მარიუპოლში, დონბასსა თუ ბახჩისარაიში. ამ შემთხვევებში რუსეთის პოლიტიკა ერთი-ერთზე გადმოღებულია კრასნაია პოლიანადან ან კამჩატკადან მე-19 საუკუნეში, წერს ევროპარლამენტარი, ‘ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის’ მდივანი და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა.
რუსეთი, იქნება ეს ცარისტული, საბჭოთა თუ პუტინის, საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. მას ერთი და იგივე იმპერიული ინსტინქტები ამოძრავებს, მოქმედებს ერთი და იმავე სქემით: დაპყრობა, გენოციდი, კოლონიზაცია, შემდეგ კი ცდილობს სტატუს-კვოს უსიტყვო აღიარებას, ქრთამავს საერთაშორისო თანამეგობრობას ეკონომიკური თანამშრომლობის მირაჟით ან უზარმაზარი რუსული ბაზრის ილუზიით. არ უნდა მოვტყუვდეთ და ჩავთვალოთ, რომ მოსკოვს ნებისმიერი გლობალური პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც რუსეთს ევროპაში შეცდომით მიიჩნევდნენ სტაბილური მდგომარეობის შემოქმედად, ეს ჩემს რეგიონში მცხოვრები ერების ხარჯზე ხდებოდა, როდესაც ჩემი ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო და დაანაწევრა. მაშინაც კი, როდესაც მოსკოვი „დასავლეთისკენ გეზის აღებას“ გეგმავდა, 19-ე საუკუნეში თავისი „სტაბილიზაციის“, ხოლო მე-20 საუკუნეში თავისი რევოლუციის ექსპორტს ცდილობდა. მოსკოვს არ რცხვენია, რომ 21-ე საუკუნეში უკრაინაში კვლავ ამ იმპერიალისტური სქემით მოქმედებს. სწორედ ამიტომ უნდა დასრულდეს სამუდამოდ მოსკოვის მტაცებლური, აგრესიული საგარეო პოლიტიკა.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ პუტინი და მისი ბანდა, რომელიც სამხედრო დამნაშავეებისგან შედგება, არა მიზეზი, არამედ შედეგია იმ პრობლემის, რომლის ბაზისი მოსკოვის ავტორიტარულ/იმპერიული არსი და ოხრანკას, კაგებეს ან ფეესბეს ფობიებია, რომლებიც დიდი ხნის წინ გაბატონდა რუსულ სახელმწიფო აზროვნებაში. რუსულ იმპერიალიზმს ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ჩვენ არა მე-16 საუკუნეში (ივანე მრისხანე) ან მე-18 საუკუნეში (ეკატერინე II), არამედ 21-ე საუკუნეში საერთაშორისო სამართლის, საერთო ორგანიზაციებისა და საერთო ღირებულებების ეპოქაში ვცხოვრობთ. ევროპარლამენტმა და მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციას ტერორისტული სახელმწიფო უწოდა. ასეთ აღიარებას გარკვეული შედეგები მოაქვს. ეს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ბევრი ადამიანი იმპერიად მიიჩნევს, უნდა დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ „იმპერიის“ შენარჩუნების ბრმა სურვილით შეპყრობილი სხვა კრიმინალები, რომლებიც მის ხელმძღვანელობაში არიან მოკალათებული, მუდმივი საფრთხეებისა და დესტაბილიზაციის შექმნით, ასევე ჰიბრიდული თავდასხმებთა და ომებით დაემუქრებიან მეზობლებსა და სხვა ქვეყნებს, დაამონებენ და დაჩაგარავენ თავიანთ მოქალაქეებს. ამიტომ გერმანული მესამე რაიხის მსგავსად, რომელიც კაცობრიობასა და საერთაშორისო წესრიგს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიდა, რუსეთის ფედერაციაც კარდინალურ ცვლილებებს უნდა დაექვემდებაროს. გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ საბოლოო დამარცხების შემდეგ რუსეთის ფედერაცია იმავე კონსტიტუციურ და ტერიტორიულ საზღვრებში დარჩება. ისტორიას არ ახსოვს, რომ ასეთ ცენტრალიზებულ იმპერიებს, რომლებმაც მრავალი ერი დაიმორჩილეს, გადამწყვეტ ომში დამარცხების შემდეგ ცვლილებები არ შეხებოდათ. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა განზე ვერ გადგება და მოვლენების განვითარებას ვერ დაელოდება. მან უნდა წამოაყენოს გაბედული ინიციატივა, რომელიც მხარს დაუჭერს რუსული სახელმწიფოს ხელახალ ფედერალიზაციას, გაითვალისწინებს რუსული იმპერიალიზმის ისტორიასა და პატივს მიაგებს მის შემადგენლობაში შემავალი ხალხების უფლებებსა და სურვილებს. რუსული იმპერიალიზმისგან დაჩაგრულებმა უნდა შეეძლონ საკუთარი სახელმწიფოების აღდგენა, ისარგებლონ თავიანთი მემკვიდრეობის აღნიშვნის უფლებით და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
სამწუხაროდ, არ შეგვიძლია პოზიტიური დასკვნების გამოტანა რუსული საზოგადოების მიერ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ ორგანიზებული ანტისაომარი დემონსტრაციებიდან, რადგან ასეთი პროტესტი არ არსებობს. თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, ინგუშეთში ან შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში, მოსკოვის ძალმომრეობის წინააღმდეგ გამართულ მასობრივ გამოსვლებს.
არ არსებობს ასეთი რამ – რუსული გაზი, ნავთობი, ალუმინი, ქვანახშირი, ურანი, ბრილიანტი, მარცვლეული, ტყეები, ოქრო და ა.შ. ყველა ეს რესურსი ეკუთვნის თათრებს, ბაშკირებს, ციმბირელებს, კარელიას, ოირატებს, ჩერქეზებს, ბურიატებს, სახას, ურალს, ყუბანელებს, ნოღაელებს და ა.შ. რეგიონების მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის – იქნება ეს ეთნიკური რუსი თუ მკვიდრი მოსახლეობა – მოსკოვი მხოლოდ ომს, რეპრესიებს, ექსპლუატაციასა და უიმედობას წარმოადგენს. რუსეთში ეთნიკური უმცირესობების შევიწროება და დისკრიმინაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ჰიპერცენტრალიზაციამ ქვეყნის მრავალი სისუსტე გამოააშკარავა, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, თეორიულად ავტონომიური რეგიონები და რესპუბლიკები კრემლის ნებას დაუმორჩილა. გარდა ამისა, მოსკოვი, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო, ეთნიკურ უმცირესობებს ხორცსაკეპ მანქანაში აგზავნის, ახორციელებს რეალურ ეთნიკურ პოლიტიკას და მათ იმაზე დიდი ზიანს აყენებს, ვიდრე უკრაინელებსა და შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ დაპყრობილ ხალხებს.
თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების ეროვნულ და ეთნიკურ რუკას გავითვალისწინებით, უნდა განვიხილოთ პოსტრუსულ სივრცეში თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის პერსპექტივები, ასევე მათი სტაბილურობისა და კეთილდღეობის პერსპექტივები. საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია მხარი დაუჭიროს მკვიდრი ერების უფლებებს, რომლებიც რუსული დამპყრობლური პოლიტიკისა და კოლონიზაციის გამო დღესდღეობით რუსეთის ფედერაციის საზღვრებში ცხოვრობენ. ჩვენ ყველა მკვიდრი ერი უნდა დავიცვათ. იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ ხაკასებს, ტუველებს, სახას ან ევენკებს. არ უნდა ვუგულებელყოთ ის ფაქტი, რომ ეთნიკური რუსები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციაში შემავალ ერებში ყველაზე მრავალრიცხოვანი ერია, მათგან მხოლოდ ერთ-ერთია. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ რუსეთის ფედერაციის რეგიონებსა და იქ მცხოვრებ ხალხებს, მათ შესაძლებლობებსა და მათი სუვერენიტეტის პერსპექტივებს. უნდა გავიცნოთ მათი ლიდერები, შევისწავლოთ მათი ისტორიები და ძლიერი მხარეები. უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის იმპერია უგულებელყოფდა დამორჩილებული ერების კულტურის არსებობას, ხშირად იპარავდა მათ მემკვიდრეობას. დასავლური ტერმინის – „კულტურული მითვისება“ – არაერთი შემთხვევა მოიძებნება რუსეთში. მაგალითად, მიხეილ ლერმონტოვი დაპყრობილი ჩერქეზების ლეგენდებს იპარავდა; რუსები ცდილობენ, რომ ეთნიკურად უკრაინელი ნიკოლაი გოგოლი უკრაინულ ეროვნულ იდენტობას მოწყვიტონ.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის ფედერაციის დაშლამ შეიძლება გარკვეული სირთულეები და რისკები წარმოქმნას, რაც ნებისმიერ გარდამავალ პერიოდს ახასიათებს. თუმცა ეს რისკები გაცილებით ნაკლებად საშიში იქნება, ვიდრე ამ აგრესიული იმპერიის დღევანდელ მდგომარეობაში დატოვება. მიძინებული პერიოდის შემდეგ იგი კვლავ აგრესიული დაბრუნდება, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. ევროპაში უკანასკნელი კოლონიური იმპერიის კონტროლირებული, კონსტრუქციული და არაძალადობრივი დემონტაჟისთვის მრავალი შესაძლო გამოსავალი და სტრატეგია არსებობს. რუსეთის ფედერაციის რღვევა უდავოდ მომგებიანი აღმოჩნდება უსაფრთხოების, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების, თვალსაზრისით ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის. ვეთანხმები იანუშ ბუგაისკის, რომლის თქმითაც რუსეთის ფედერაციის შიგნით შეიძლება ახალი პროდასავლური სახელმწიფოები აღმოცენდნენ, რაც ევროპისა და ევრაზიის რამდენიმე რეგიონში სტაბილურობის ზრდას უზრუნველყოფს.
ევროპაში უკანასკნელი კოლონიური იმპერიის დემონტაჟი გარდაუვალია. ამიტომ მისი დაშლა კონტროლს უნდა დაექვემდებაროს და პროცესი კონსტრუქციულად უნდა წარიმართოს, რაც „ერთიანი რუსეთის“ იმპერიული პოლიტიკის პრობლემას გადაჭრის. საბჭოთა კავშირის დაშლა პუტინისა და მისი ‘კაგებეშნიკი’ კოლეგებისთვის კატასტროფა იყო, თუმცა ღვთის წყალობა იყო ბალტიისპირელებისთვის, უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, ყაზახებისა თუ ყირგიზელებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაციის დაშლა თავისუფლებას მოუტანს იჩქერიას, ჩერქეზებს, ბურიატებს, ჩუკოტკასა და ბევრ სხვა ხალხს.
სწორედ ამიტომ მე და ჩემი კოლეგა კოსმა ზლოტოვსკი სიხარულით ვუმასპინძლებთ არაერთ ექსპერტს, ისტორიკოსს, ჟურნალისტსა თუ პოლიტიკოსს ატლანტიკის ორივე მხრიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის 20-ზე მეტი ქვეყნის ხელმძღვანელსა და წარმომადგენელს, რომლებიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში შეიკრიბებიან და რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციისა და დეიმპერიალიზაციის პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ. შემოგვიერთდით ამ მნიშვნელოვან დისკუსიაში. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ‘ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის’ ვებგვერდს.
წყარო: https://is.gd/4cOph4
ჯგუფი: https://is.gd/2P08Ns