პოლიტიკასხვადასხვა

ამერიკული დაზვერვა: ზელენსკი თავისი მეზობლების მხარდაჭერას კარგავს

0

უკრაინის მეზობლები ზელენსკის მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდებენ, რადგან მილიონობით დევნილი უკრაინელი ევროპას აფარებს თავს

ავტორი სეიმურ ჰერში, 17 მაისი, 2023 წ.

გასულ შაბათს „ვაშინგტონ პოსტმა“ (Washington Post) საიდუმლო ამერიკული სადაზვერვო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თეთრი სახლის ზურგს უკან მოქმედებს, ამ წლის დასაწყისში რუსეთის შიდა ტერიტორიებზე სარაკეტო თავდასხმების გაფართოებას აქტიურად მოითხოვდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელსაც „პოსტმა“ ახლახან გამოქვეყნებულ საიდუმლო სადაზვერვო დოკუმენტებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა, განაცხადა, რომ ზელენსკის არასოდეს დაურღვევია თავისი პირობა და არასოდეს გამოუყენებია ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიებზე იერიშის მისატანად. თეთრი სახლის აზრით, ზელენსკი შეცდომას არ დაუშვებს.
რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ ზელენსკის სურვილი შეიძლება გასაგები არ იყოს პრეზიდენტისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მისი უფროსი მრჩევლებისთვის, მაგრამ ეს გასაგებია ამერიკის სადაზვერვო სამსახურის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ვერ მიაღწიეს, რომ ოვალურ კაბინეტში მათი სადაზვერვო მონაცემები და შეფასებები მოესმინათ. ამავდროულად კი ქალაქ ბახმუტში ხოცვა-ჟლეტა გრძელდება. იდიოტიზმით, თუ არა მოკლულთა რაოდენობით, ეს პირველი მსოფლიო ომის დროს ვერდენსა და სომაში დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის მსგავსია. დღევანდელ ომზე პასუხისმგებელი პირები – მოსკოვში, კიევსა და ვაშინგტონში – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი მოლაპარაკებების დაწყებითაც კი არ არიან დაინტერესებული.
ამერიკულ სადაზვერვო სამსახურში მომუშავე ზოგიერთი პირი ფარულად იტყობინება, რომ პოლონეთის, უნგრეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ლატვიის სხვადასხვა დონის სახელისუფლო წარმომადგენლების წაქეზებით სხვა რაღაც მზადდება. ეს ქვეყნები უკრაინის მოკავშირეები არიან და ვლადიმირ პუტინის მტრებად ითვლებიან.
ამ ჯგუფს პოლონეთი უდგას სათავეში, რომლის ხელმძღვანელობას რუსული არმიის აღარ ეშინია, რადგან უკრაინაში მისმა მოქმედებებმა სტალინგრადში მეორე მსოფლიო ომისას მიღწეული წარმატებები გააფერმკთალა. ეს ჯგუფი ზელენსკის ჩუმად მოუწოდებს, რომ ომის დასასრულებლად გამოსავალი იპოვოს თუნდაც, საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს და უკრაინის აღდგენის პროცესს მწვანე შუქი აუნთოს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოპოვებული ინფორმაციით, ზელენსკი დათმობაზე არ მიდის, შედეგად იგი თავისი მეზობლების პირად მხარდაჭერას კარგავს.

წყარო: https://seymourhersh.substack.com/p/the-ukraine-refugee-question?fbclid=IwAR1bCUiCCwMaRIapB_cCIYBfQzNLSda0s5WPXXlziQqQRJRuaFHtx92zevc