პოლიტიკასხვადასხვა

ამერიკული და რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა ანკარაში

0

უილიამ ბარნსი, სერგეი ნარიშკინს შეხვდა.
რამდენიმე დღის წინ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი, თურქეთის დედაქალაქში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამერიკელი და რუსი მაღალჩინოსნების შორის პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა.

მოულოდნელი შეხვედრის შესახებ ჯერ მედიით გახდა ცნობილი, მოგვიანებით კი კრემლმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ორი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკება ვაშინგტონის თხოვნით დაიწყო.

თეთრი სახლის განცხადებით, ეს შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით არ შემდგარა. ბერნსმა და ნარიშკინმა ბირთვული ესკალაციის რისკის შემცირებისა და რუსეთში აშშ-ის მოქალაქეების დაკავების შესახებ ისაუბრეს.

„ბერნსი რაიმე სახის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და არც უკრაინაში ომის დარეგულირების გზებს განიხილავს. მან გააჟღერა გზავნილი, რომელიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებსა და სტრატეგიული სტაბილურობის ესკალაციის რისკებს ეხება… დირექტორმა უსამართლოდ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლების საკითხიც წამოაყენა“, – განმარტავს “Reuter”-თან თეთრი სახლის წარმომადგენელი.

მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის თაობაზე კიევის გარეშე მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.
მაგრამ, როგორც ჩანს, ვაშინგტონის შეხედულებები, რომლებიც დიპლომატიას უკავშირდება, შეიცვლება, რადგან ბოლო დრომდე არ გამოკვეთილა იმის ნიშანი, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის რაიმე სახის მოლაპრაკებები  მიმდინარეობდა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ დადასტურდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი რუს მაღასლჩინოსნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ასევე ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებების განახლებს გეგმავენ. გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი მარკ მილი ომის დასასრულებად მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა, თუმცა სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომელთა შორის  სალივანი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც მოიაზრებიან, ამერიკელი გენერლის დიპლომატიურ არჩევანს ეწინააღმდეგებიან.

ბერნსი, რუს მაღალჩინოსნებს უკანასკნელად 2021 წლის ნოემბერში შეხვდა, როდესაც მოსკოვში ჩასულმა ცსს-ს დირექტორმა რუსები გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი რეგიონში რუსული არმიის მოძრაობას თვალყურს ადევნებდა. უილიამ ბერნსი 2005-2008 წლებში რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩად მსახურობდა. 2008 წელს იგი გააფრთხილეს, რომ რეგიონში ნატოს ექსპანსია, სავარაუდოდ, საომარ მოქმედებებს გამოიწვევდა.

ტელეგრამაში, რომელიც 2008 წელს „ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა, ბერნსი წერდა: „უკრაინისა და საქართველოს ნატოში სწრაფვა არა მხოლოდ რუსეთს აღიზიანებს, არამედ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რეგიონში სტაბილურობის მხრივ.
რუსეთი აცნობიერებს რომ გარს ერტყმიან და რეგიონში მისი გავლენის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მას არაპროგნოზირებადი და უკონტროლო შედეგებისაც ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ ეს მის ინტერესებზე, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება, უარყოფით გავლენას მოახდენს.
ექსპერტები გვეუბნებიან, რომ რუსეთს განსაკუთრებით აშფოთებს უკრაინულ საზოგადოებაში გაჩენილი უთანხმოება, რომელიც ნატოში გაწევრიანებას უკავშირდება, რადგან ეთნიკური რუსების უმეტესობა გაწევრიანების წინააღმდეგია.
ამან კი შეიძლება დიდი განხეთქილება გამოიწვიოს, რასაც ძალადობა, უარეს შემთხვევაში კი, სამოქალაქო ომი მოჰყვება. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, რუსეთს ინტერვენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რაც მას ნამდვილად არ სურს“.