5 ივლისი, 2023 წ.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხს განიხილავს.
გენერალ მილის თქმით, შეერთებული შტატები „დიდი ხანია“ ფიქრობს, რომ კიევი ასეთი საბრძოლო მასალებით უზრუნველყოს. ამერიკელმა გენერალმა ისიც აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებენ და მოკავშირეებმა უკრაინელებს ასეთი ბომბები უკვე გაუგზავნეს.
გაზეთ Epoch Times-ის სტატია: National Press Club-ში გენერალმა მილიმ განაცხადა, რომ დისკუსიები გრძელდება. „უკრაინელებმა ეს იარაღი მოითხოვეს, ევროპის ქვეყნებმაც მიაწოდეს, რუსები მათ იყენებენ. მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, − დასძინა ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა.
მარკ მილიმ ყურადღება იმასთან დაკავშირებითაც გაამახვილა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ძალიან შენელდა. გენერლის სიტყვით, იგი ფიქრობდა, რომ საწყის კამპანიას 6-10 კვირა დასჭირდებოდა. „ძალიან რთული იქნება. ეს პროცესი დროში გაიწელება. ამის შესახებ არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია“, − აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
კასეტური ბომბები, რომლებიც ჰაერში იხსნება და დიდ ტერიტორიაზე მცირე გაბარიტის მქონე საბრძოლო მასალებს ან „პატარა ბომბებს“ ფანტავენ, ერთდროულად რამდენიმე სამიზნეს ანადგურებენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ინფორმაციით, კასეტურ ბომბებს თვითმფრინავების, არტილერიისა და რაკეტების მეშვეობით ისვრიან. ICRC-ის ცნობით, „პატარა ბომბები“ ხშირად არ ფეთქდება, ბოლო ხანებში გაჩაღებულ ზოგიერთ კონფლიქტში ამის პროცენტული მაჩვენებელი 40-ს აღწევს.
კასეტური ბომბების აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატენილი ეს ჭურვები აფეთქების შემდეგაც კლავენ და საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას.
უცნობია, თუ რას ფიქრობენ ამის შესახებ ამერიკის ნატოელი მოკავშირეები.