პოლიტიკასხვადასხვა

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ირანში სამხედრო ქარხანას ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს

0

29 იანვარი (როიტერსი) – კვირას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ირანში სამხედრო ქარხანაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ისრაელი დგას.
ირანში განაცხადეს, რომ შეაჩერეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებმაც ღამით იერიში მიიტანეს ისპაჰანთან ახლოს მდებარე სამხედრო სამრეწველო ობიექტზე. თეირანის თქმით, მსხვერპლსა და სერიოზულ დაზიანებას ადგილი არ აქვს. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე არ არის დადგენილი. ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს ცაში გაელვებები და შემთხვევის ადგილას თავმოყრილი სასწრაფო დახმარების მანქანები.
ისრაელის არმიის სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ისრაელი, რომელიც ირანის მთავარი მტერია, დიდი ხანია აცხადებს, რომ მზადაა ირანის ობიექტებზე თავდასხმა განახორციელოს თუ თეირანის ბირთვული ან სარაკეტო პროგრამების შესაჩერებლად დიპლომატია უძლური აღმოჩნდება, თუმცა კონკრეტულ ინციდენტებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
პენტაგონის პრესმდივნის, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, ირანში განხორციელებულ საჰაერო იერიშებში ამერიკელი სამხედროები არ მონაწილეობდნენ, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ამ თავდასხმაში ისრაელის როლზე მიუთითებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად Wall Street Journal-მა რამდენიმე დაუდგენელ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „როიტერსს“ (Reuters) განუცხადა, რომ როგორც ჩანს, თავდასხმის უკან ისრაელი იდგა. ამასთან დაკავშირებით კომენტარები სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსნება არ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ამაში ვაშინგტონს არანაირი წვლილი არ მიუძღვის.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა, თავდასხმას „ლაჩრობა“ უწოდა, რაც ირანში „დაუცველობის“ შექმნას ისახავდა მიზნად. თეირანს ჯერჯერობით ოფიციალური ბრალდება არავისთვის წაუყენებია.  ამის მიუხედავად, სახელმწიფო ტელევიზიამ დეპუტატ ჰოსეინ მირზაის კომენტარები გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს „სერიოზული ვარაუდი“, რომ ამ თავდასხმის უკან ისრაელი იდგა.
თეირანის ბირთვული აქტივობისა და იარაღის ექსპორტის გამო ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბული ვითარებაა. ამ ფონს ისიც ამწვავებს, რომ თეირანი რუსეთს, რომელიც უკრაინაში იბრძვის, „თვითმკვლელი დრონებით“ ამარაგებს, და რამდენიმე თვეა, რაც ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ირანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფეთქებას დიდი ზიანი არ გამოუწვევია და არც მსხვერპლი მოჰყოლია.
„ასეთი ქმედებები გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი სპეციალისტების გამბედაობაზე, რათა წარმატებას მიაღწიონ ჩვენს მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობაში“, – განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს სატელევიზიო გამოსვლისას.
ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმა პირველი სამხედრო ქმედებაა მას შემდეგ, რაც გასულ თვეს პრემიერ-მინისტრის პორტფელი კვლავ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩაიბარა. ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობაა.
უკრაინა ირანს რუსეთისთვის ასობით დრონის მიწოდებაში ადანაშაულებს, რომელთა მეშვეობითაც რუსები ფრონტის ხაზიდან დაშორებულ ქალაქებში სამოქალაქო ობიექტებს ესხმიან თავს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსმა თანაშემწემ ინციდენტი უშუალოდ უკრაინაში მომდინარე ომს დაუკავშირა.
„ფეთქებადი ღამე ირანში. ხომ გაფრთხილებდნენ,“ – დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე. ირანმა აღიარა, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს უგზავნიდა, თუმცა განაცხადა, რომ ისინი მოსკოვს გასულ წელს, უკრაინაში შეჭრამდე, მიაწოდა.

წყარო: https://is.gd/omdA8N