კრემლი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შორი დისტანციის რაკეტების მიწოდების ფაქტს ეხმაურება: „უკრაინა დაიწვება”
კრემლმა დაგმო შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის ახალი ტიპის შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებას უკავშირდება. „უკრაინის ყველა ტერიტორია, რომელსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს, დაიწვება“, – ციტირებს რუსი ჟურნალისტი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის, სიტყვებს.
2 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომლის შესახებაც 3 თებერვალს განაცხადეს, შეერთებული შტატები უკრაინას სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბებს (GLSDB) გაუგზავნის. მათი მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია და თითქმის ორჯერ აღემატება იმ რაკეტებს, რომლებიც ამჟამად უკრაინელი სამხედროების განკარგულებაშია. მათი მეშვეობით პირდაპირი ზიანის მიყენება შეიძლება როგორც რუსეთის გარკვეული ტერიტორიებისთვის, ისე ყირიმისთვის. ნახევარკუნძული 2014 წელს რეფერენდუმის შედეგად რუსეთის შემადგენლობაში შევიდა.
კითხვაზე, აიძულებენ თუ არა რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შედეგი საპირისპირო დადგება. ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, მხოლოდ საპასუხო დარტყმები განხორციელდება. მთელი უკრაინა, რომელიც ჯერ კიდევ კიევის მმართველობის ქვეშ რჩება, ცეცხლის ალში გაეხვევა.
მოგვიანებით მედვედევმა თავისი აზრები ‘ტვიტერზეც’ (Twitter) დაადასტურა. 2014 წლის რეფერენდუმთან დაკავშირებით კი მიანიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი „პატივს სცემს ხალხის ნებას“.
ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყირიმი რუსეთისაა“. მისი თქმით, მასზე ნებისმიერი სახის თავდასხმა „რუსეთზე თავდასხმასა და კონფლიქტის ესკალაციას“ ნიშნავს. „მსგავსი ტიპის თავდასხმებს ნებისმიერი სახის იარაღით ვუპასუხებთ“, – განაცხადა მედვედევმა.
2014 წელს გაეროს მიღებულმა არასავალდებულო რეზოლუციამ ყირიმის რეფერენდუმი იურიდიული თვალსაზრისით ძალადაკარგულად გამოაცხადა. რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი; 11 წინააღმდეგი წავიდა, 58-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრაში 24 სახელმწიფო არ მონაწილეობდა.
‘ჯი პი ესით’ (GPS) მართული სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი (GLSDB) ‘ბოინგისა’ (Boeing) და ‘სააბ ეიბის’ (Saab AB) ერთობლივი პროდუქტია. მასზე მიმაგრებულია GBU-39 მცირე დიამეტრის ბომბი (SDB), რომელსაც M26 რაკეტის ძრავა აქვს. GBU-39-ს პატარა, დასაკეცი ფრთები აქვს, რაც თვითმფრინავიდან ჩამოგდების შემთხვევაში მას 100 კმ-ზე მეტი სრიალის საშუალებას აძლევს.
GLSDB-ების გარდა უკრაინა მიიღებს ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალებს, სხვადასხვა სამხედრო მანქანას, ცივი ამინდის შესაბამის აღჭურვილობასა და სხვა სახის საბრძოლო ტექნიკას. პაკეტის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ‘როიტერს’ (Reuters) განუცხადა, რომ მთლიანი თანხიდან 1,75 მილიარდი აშშ დოლარი წამოვიდოდა ‘უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან’ (USAI), რომელიც ვაშინგტონს უშუალოდ ინდუსტრიისგან აძლევს იარაღის შეძენის საშუალებას, რათა საკუთარი იარაღის საწყობები არ დააცარიელოს.
შეერთებული შტატების ბოლო ვალდებულების თანახმად, კიევი უფრო ძვირადღირებულ ATACMS-ებს (ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტა) ითხოვს. მათ სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბებზე (GLSDB) ორჯერ უფრო მეტი მოქმედების რადიუსი (დაახლოებით 300 კმ) აქვთ, თუმცა აშშ მუდმივად უგულებელყოფს კიევის ამ მოთხოვნას. ვაშინგტონის უარს ესკალაციის შიში განაპირობებს. ამერიკელებს არ სურთ, რომ უკრაინას რუსეთის სიღრმეში იერიშის მიტანის შესაძლებლობა მისცენ.
2022 წლის 24 თებერვალის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა (რომელსაც მოსკოვმა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდა), შეერთებულმა შტატებმა კიევს 29,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია.
წყარო: https://is.gd/1EezEg