ავტორი დუგლას მაკგრეგორი, 6 აპრილი
ომის დაწყების სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ვაშინგტონი ამერიკელი ხალხის სახელით იღებს. ომი სერიოზულ გავლენას ახდენს შიდა ეკონომიკაზე და მისი მსხვერპლი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. ბოლოს ამერიკელმა ამომრჩევლებმა 1968 წელს თქვეს ომზე უარი, როდესაც ნიქსონმა პირობა დადო, რომ ვიეტნამის კონფლიქტს დაასრულებდა და აშშ-ში ღირსეული დაბრუნების გზებსაც გამონახავდა.
ამერიკელებს არჩევანის გაკეთება კიდევ ერთხელ მოუწევთ. გააგრძელებენ კი ამერიკელები უკრაინაში პროქსი ომის მხარდაჭერას, რომელიც ვაშინგტონის მიერ გლობალური ჰეგემონიისკენ სწრაფვის შედეგია? ან მოითხოვენ ამერიკელები, რომ ვაშინგტონმა დაიცვას ამერიკის საზღვრები, შეინარჩუნოს რესპუბლიკა, რომელიც მხარს უჭერს კანონის უზენაესობას, პატივს სცემს ჩვენგან განსხვავებული ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს და ყველა ქვეყანასთან თავისუფლ ვაჭრობას, მიუხედავად იმისა, რომ იცავს ამერიკის ეკონომიკურ კეთილდღეობას, თავის სავაჭრო ურთიერთობებსა და თავის მოქალაქეებს?
ამერიკის ფინანსურ-ეკონომიკური სისტემა კატასტროფული საფრთხის ქვეშაა. უკრაინა კი რუსეთთან ომში მარცხდება. თუ ამერიკელები ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის შეცვლას არ მოითხოვენ, როგორც ეს 1968 წელს გააკეთეს, ისინი თავიანთ ცხოვრებასა და შემოსავლებზე კონტროლს ვაშინგტონის ელიტას გადასცემენ, რომელიც რუსეთთან სახიფათო პროქსი ომს აფინანსებს და ქვეყნის შიგნით ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ დესპოტურ პოლიტიკას ატარებს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოში ყველაზე დინამიკური და პროდუქტიული სამეცნიერო-ინდუსტრიული ბაზა, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა და კულტურულად ძლიერი, შეკრული საზოგადოება შექმნა. იმ დროს, როცა დუაიტ ეიზენჰაუერმა პრეზიდენტობა ჯონ ფ. კენედის გადასცა, მსოფლიოში არ არსებობდა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი, რომელზეც ამერიკის ზესახელმწიფო გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენდა. ამერიკის სამხედრო ძალა ყველგან თავის სიტყვას ამბობდა.
ვაშინგტონი აღაფრთოვანებული იყო თავისი შესაძლებლობით, რომ სურვილისამებრ შეეძლო ჩარეულიყო სხვა ქვეყნებისა თუ ხალხების საქმეებში, რაც მანამდე ამერიკას არ ახასიათებდა. უსაზღვრო ძალაუფლების ილუზიით მოხიბლული პრეზიდენტები ჯონ ფ. კენედი და ლინდონ ბ. ჯონსონი დროს არ კარგავდნენ და ეძებდნენ შესაძლებლობებს, რომ სამყარო ამერიკის მსგავსად შეეცვალათ.
ამერიკელი ამომრჩეველები ვიეტნამის ომმა გამოაფხიზლა, თუმცა 1991 წელს ცივ ომში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტები ომსა და მშვიდობას შორის განსხვავებას ძნელად არჩევდნენ. გაუკვევლობამ გლობალური სამხედრო ჰეგემონიისკენ დაუფიქრებელი სწრაფვა და ზნეობრივი ინტერნაციონალიზმი, რომელმაც ვიეტნამში ინტერვენციის ინსპირაციას დაუდო სათავე, კვლავ პოპულარული გახადა.
ვაშინგტონის მმართველმა კლასმა ეროვნული სტრატეგიის ყველა საკითხში მთავარი პრიორიტეტი უგულებელყო: პირველი და უმთავრესი, ამერიკის ეროვნული სიძლიერის შენარჩუნების მუდმივი იმპერატივი. იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნის ლიდერები ამერიკელ ჯარისკაცებს, მეზღვაურებს, მფრინავებსა და საზღვაო ქვეითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კარიბის ზღვის აუზში, ბალკანეთში, ავღანეთში, ერაყში, სირიაში, ლიბიასა და სუბსაჰარულ აფრიკაში საბრძოლველად აგზავნიდნენ, გლობალურ მშპ-ში ამერიკის წილი 1960 წელს 40 პროცენტიდან 2022 წლისთვის დაახლოებით 24 პროცენტამდე დაეცა.
ამერიკელმა მუშებმა პოზიციები დათმეს, რადგან ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა თავიანთი სამუშაო ძალა შეამცირეს და სამუშაო ადგილები ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში გადაიტანეს. ფაქტობრივად ყველა სახის მატერიალური სარგებელი, რომელიც ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, ამერიკელებს შემოსავლის განაწილების ზედა ნახევარში გადასცეს.
„ერთობლივი ოპერაციული გარემო 2008“-ს ავტორებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭო გააფრთხილეს, რომ „თუ მექსიკა ქაოსში ჩაიძირება ამერიკამ რეაგირება უნდა მოახდინოს, რომელიც შიდა უსაფრთხოების მიზნით მხოლოდ სერიოზულ შედეგებს ეფუძნება“. ობამას ადმინისტრაციმ ამ მოხსენებას ყურადღება არ მიაქცია და, როგორც ჩანს, იგი არც ვაშინგტონის ამჟამინდელ პოლიტიკურ ელიტას აინტერესებს.
სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური დაუძლურების ფონზე პრეზიდენტი და კონგრესი მექსიკაში სამოქალაქო საზოგადოების დეზინტეგრაციას ყურადღებას არ აქცევენ. მექსიკური ნარკოკარტელები (კუბელი და ვენესუელელი მაშველების დახმარებით) ამერიკაში არა მხოლოდ დაუსჯელად იჭრებიან, არამედ კრიმინალური ძალადობით ამერიკელებს თავიანთ ქვეყანაში საფრთხეს უქმნიან.
უკრაინის პროქსი ომი სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი მორჩილი კონგრესისთვის, ვიდრე მდინარე რიო გრანდეზე დანაშაულებრიობის მეტასტაზირებული კიბო.
რაც შეეხება თავდაცვის ხარჯებსა და დონორებს, მექსიკა რუსეთს ან ჩინეთს კონკურენციას ვერ გაუწევს. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ გაყოფილი გერმანიის მოდელით გაყოფილი უკრაინა მოსკოვთან ათწლეულების განმავლობაში ახალ ცივ ომს მხარს დაუჭერს. „ბოროტების ღერძში“ ჩინეთის დამატება თავდაცვითი ‘ქორებისა’ და მათი დონორებისთვის ნამდვილად უკეთესია.
ვაშინგტონის მოქმედება სერიოზულია? თუ ახალი, იმედისმომცემი ცივი ომის პარადიგმა უბრალოდ ჭკვიანური სვლაა, რომელიც თავდაცვის სფეროსთვის დაფინანსების მუდმივ ნაკადსა და კაპიტოლ ჰილისთვის (იგულისხმება კონგრესი) სარფიან შემოწირულობებს უზრუნველყოფს? ახალი საგარეო საფრთხეები იმისთვის ხომ არ იგეგმება, რომ ქვეყნის შიგნით სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანები გააჩუმონ და ამერიკელები დაიმორჩილონ? ეს სამართლიანი კითხვებია.
თუ ქვეყნის სამხრეთში არსებულ საფრთხეებს ყურადღებას არ მიაქცევენ, ვაშინგტონს სამხედრო თვალსაზრისით პრობლემები შეექმნება, რაც ამერიკის შეარაღებულ ძალებში მაღალი დონის ადამიანური რესურსის ნაკლებობას, ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებასა და ამერიკის რეგულარული არმიის საყოველთაო დაუძლურებას გამოიწვევს. რუსეთთან ომისთვის, რომელიც კონტინენტური სახელმწიფოა, და რიო გრანდეს გასწვრივ ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძლიერი სახმელეთო არმიაა საჭირო.
მოსკოვი უკრაინაში ვაშინგტონის აგრესიულ ქმედებებს დიდხანს აღარ მოითმენს, რომელსაც უკრაინაში რუსეთის კუთხეში მიმწყვდება სურს. მოსკოვი ჰიტლერის მსგავსად დაპყრობის ჟინით არ არის შეპყრობილი, თუმცა ვაშინგტონის მიერ უკრაინის შეიარაღებას ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს.
ყოფილი თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის, სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, ნებისმიერი ამერიკელი პრეზიდენტი ან პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან მასშტაბური სახმელეთო ომის დაწყებას გარისკავს გიჟია, ან მინიმუმ, სერიოზულ ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს. იგივე უნდა ითქვას ნებისმიერ ადამიანზე ვაშინგტონში, რომელსაც სურს, რომ მოსკოვთან ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკა აწარმოოს.
ამერიკელებს ისევ არჩევანის გაკეთება მოუწევთ. როგორი რესპუბლიკა ან საგარეო პოლიტიკა სურთ ამერიკელებს?
გადამდგარი ამერიკელი პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი The American Conservative-ის უფროსი მეცნიერთანამშრომელია. იგი ტრამპის ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის მრჩევლად მსახურობდა. ომის ვეტერანი დუგლას მაკგრეგორი არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელი და ხუთი წიგნის ავტორია.
წყარო: https://is.gd/6wkhMa