ეკონომიკასხვადასხვა

ამერიკა უპირატესობას კარგავს: გლობალური სამხრეთი აშშ დოლარის „ტახტიდან ჩამოგდების“ კამპანიას იწყებს

0

2 აგვისტო, 2023 წ.

აშშ დოლარი მსოფლიო ეკონომიკაში თითქმის 80 წელი დომინირებდა და საერთაშორისო ვაჭრობაში მთავარი სარეზერვო ვალუტის როლს ასრულებდა, თუმცა განვითარებადი ბაზრების კონგლომერაცია, რომელიც BRICS-ის სახელითაა ცნობილი (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა), აშშ-ის ეკონომიკური უპირატესობის შესუსტებას ახალი ვალუტის შექმნით ცდილობს.

BRICS-ში გაერთიანება კიდევ 19 ქვეყანას სურს, მათ შორის ეგვიპტეს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის შეცვლას ლამობენ. BRICS-ი თავდაპირველად განვითარებადი ქვეყნების გაერთიანებად ჩამოყალიბდა, რათა ის პრობლემები გადაეწყვიტა, რომლებსაც გლობალური სამხრეთი უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში აწყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაერთიანება თავდაპირველად აშშ დოლარის ჰეგემონიის დამხობას არ ისახავდა მიზნად, მულტილატერალიზმის მიღწევის, შეერთებული შტატების დაწესებული სანქციებისგან თავის დაღწევისა და უსამართლო სავაჭრო რეგულაციებისთვის თავის არიდების გამო, დედოლარიზაცია BRICS-ის მთავარ მიზნად იქცა.

BRICS-ის წევრი ქვეყნები ურთიერთვაჭრობისას ახალ ვალუტას გამოიყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსურ ოპერაციებს აშშ დოლარში აღარ განახორციელებენ. BRICS-ის წევრები ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მიაღწევენ და აშშ-ის მონეტარული სისტემის ყურმოჭრილი მონები აღარ იქნებიან.

BRICS-ის რამდენიმე წევრ ქვეყანას შორის პოლიტიკური უსიამოვნება სუფევს, თუმცა აშშ დოლარის შესუსტების მცდელობა გადამწყვეტი ფაქტორია. ამის მიუხედავად, ისინი დროებით უარს ამბობენ დაძაბულ ურთიერთობებზე და ამ საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების წინააღმდეგ ერთიანდებიან, რაც ორმხრივი ინტერესით არის გამოწვეული. ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე დღემდე გრძელდება ძალადობა და დაპირისპირება, ათწლეულების განმავლობაში ეგვიპტესა და ირანს დიპლომატიური ურთიერთობები არ ჰქონდათ, თუმცა აშშ დოლარის უზურპაციის სურვილმა BRICS-ის წევრებს შორის დიპლომატიური დაახლოების ტალღა ააგორა. სხვა სავალუტო გაერთიანებებთან, მაგალითად ევროზონასთან, შედარებით, BRICS-ის წევრ ქვეყნებს დიდი უპირატესობა აქვთ, რადგან გეოგრაფიული მრავალფეროვნებითა და სავაჭრო საქონლის ფართო სპექტრით გამოირჩევიან.

კიდევ ერთი უპირატესობა აშშ დოლართან მიმართებით? BRICS-ის ვალუტა ოქროზე იქნება მიმაგრებული.

ეს ნიშნავს, რომ ახალი ვალუტა უცხოური ინვესტიციებისთვის მრავალმხრივი წარმომადგენლის ფუნქციას შეასრულებს. გასული საუკუნის 70-იან წლებში შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ოქროს სტანდარტზე და ქაღალდის ფულის მონეტარულ სისტემაზე გადავიდა. ამგვარად, ნაღდ ფულს რეალური ღირებულება არ აქვს, თუმცა ნაღდ ფულს აქვს ღირებულება, რადგან ასე მიიჩნევს აშშ-ის მთავრობა.

ეკონომიკური თავისუფლებისა და თვითუზრუნველყოფისკენ მოწოდება განვითარებად ეკონომიკებს ძალიან იზიდავთ. ეკონომისტების თქმით, BRICS-ს აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოში „მძიმეწონოსანი“ მოთამაშე გახდეს. სხვა ქვეყნებს მალე გაუჩნდებათ ახალი ვალუტით სარგებლობის სტიმული. მოვლენების ასეთი განვითარება BRICS-ის ვალუტას პოზიციებს გაუმყარებს და მისი „საცეცები“ მთელ მსოფლიოს მოედება.

ახალი ვალუტის შექმნით აშშ დოლარის ჰეგემონიის შესუსტების სურვილი სიახლე არ არის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აშშ დოლარის „ტახტიდან ჩამოგდებაში“ რუსეთი აქტიურ მონაწილეობას აპირებს, საფრთხე საგრძნობია. BRICS-ის ვალუტა არა მხოლოდ გააუარესებს აშშ დოლარის, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის, ღირებულებას, არამედ მსოფლიო სცენაზე შეერთებული შტატების გავლენას მნიშვნელოვნად შეასუსტებს. ამ პერსპექტიული ბაზრების კოლექტიური შესაძლებლობა აშშ დოლარის გავლენას გადაწონის.

აშშ დოლარი ნელი მოქმედების ბომბია და ინვესტორებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ.

შეერთებული შტატების ეკონომიკა მძიმე და უპრეცედენტო საფრთხის წინაშეა, თუმცა BRICS-ის ვალუტა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და, შესაბამისად, ინვესტორებს აქვთ დრო, რომ თავიანთ სიმდიდრეს დივერსიფიკაცია გაუკეთონ და უარი თქვან აშშ დოლარზე. ახლა ოქროს შეძენის საუკეთესო დროა.

https://www.breitbart.com/politics/2023/08/01/americas-fall-from-supremacy-the-global-souths-campaign-to-dethrone-the-dollar/