პოლიტიკასხვადასხვა

ალირეზა აქბარი: ირანში სიკვდილით დასაჯეს ირანული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი

0

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, განაცხადა, რომ ალირეზა აქბარის სიკვდილით დასჯის გამო „აღშოთებულია“.
„ეს იყო უგულო და ლაჩრული ქმედება, რომელიც ბარბაროსულმა რეჟიმმა ჩაიდინა. ისინი საკუთარი ხალხის უფლებებს პატივისცემს არ სცემენ. მე ალირეზას მეგობრებსა და ოჯახზე ვფიქრობ“, – განაცხადა სუნაკმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ: „ირანმა ბრიტანეთის მოქალაქე დასაჯა სიკვდილით. ეს ბარბაროსული ქმედება უმკაცრესად უნდა დაიგმოს. ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ“.
კლევერლის თქმით, ლონდონში ირანის საქმეთა რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა ნათლად გამოეხატათ მთავრობის „ზიზღი“.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ირანის გენერალურ პროკურორს, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის, რომელიც, როგორც ამბობენ, ირანის სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურაა, რომელიც სასამართლო პროცესზე იყო პასუხისმგებელი. სწორედ მისი ინიციატივით გამოუტანეს აქბარის სასიკვდილო განაჩენი.
ბ-ნი კლევერლის თქმით, „ირანის ბარბაროსული ქმედების მთავარი შემოქმედი გენერალური პროკურორია. სიკვდილთ დასჯა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. მის მიმართ სანქციების დაწესება ხაზს უსვამს ჩვენს ზიზღს, რაც ალირეზა აქბარის სიკვდილით დასჯამ გამოიწვია, და ჩვენს ვალდებულებას ვაიძულოთ რეჟიმი, რომ ადამიანის უფლებათა საშინელი დარღვევის გამო ახსნა-განმარტება გააკეთოს“. დაწესებული სანქციები ბ-ნი მონთაზერის აქტივების გაყინვასა და დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
ლეიბორისტული პარტიისა და ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის, განცხადებით, ირანის რეჟიმმა „პასუხი უნდა აგოს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის“.

ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ირანის სასამართლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბ-ნი აქბარი, რომელიც 2001 წლამდე ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ ხათამის, მთავრობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მსახურობდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის „მთავარი ჯაშუში“ იყო.

როგორც ამბობენ, ირანის დაზვერვამ დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის (MI6) სავარაუდო ჯაშუში მას შემდეგ გამოააშკარავა, როდესაც ყალბი ინფორმაცია მიაწოდა და მას „ქვეყნის მგრძნობიარე და სტრატეგიული ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტი“ უწოდა.

ნარკოტიკებით გაჭყიპეს და აწამეს
ბ-ნი აქბარი ამტკიცებდა, რომ აწამებდნენ და გონებას ასარევად ნარკოტიკებით აბრუებდნენ. მას იმ დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ, რომელიც არ ჩაუდენია.

ირანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულმა ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო Mizan-მა Tweeter-ზე დაწერა, რომ ბ-ნი აქბარი ჩამოახრჩვეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის და სად. გავრცელებული ჭორების თანახმად, მინისტრის ყოფილი მოადგილე რამდენიმე დღის წინ დასაჯეს სიკვდილით.
ახლო აღმოსავლეთში Sky News-ის კორესპონდენტის, ალისტერ ბანქალის, განცხადებით, ბ-ნი აქბარი 2019 წელს დააკავეს და ჯაშუშობაში მას შემდეგ წაუყენეს ბრალი, როდესაც ბრიტანეთისთვის დაზვერვისგან „ასობით ათასი ფუნტის“ მიღებაში დაადანაშაულეს. აქბარიმ ეს პრეტენზიები უარყო.
„თეირანში მცხოვრები მისი ოჯახი ოთხშაბათს მასთან ციხეში დაიბარეს, რასაც ‘საბოლოო ვიზიტი’ უწოდეს“, – განაცხადა Sky News-ის კორესპონდენტმა და იქვე დასძინა, რომ აქბარის ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ იგი ციხეში ყოფნისას ერთკაციან საკანში გადაიყვანეს. როდესაც აქბარის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ბ-ნმა კლევერლიმ მისი გათავისუფლება მოითხოვა.

დაგეგმილი სიკვდილით დასჯა თემთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალიშა ქერნსმაც დაგმო და თეირანის რეჟიმი წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულა, რადგან საერთაშორისო სანქციებისა და ანტისამთავრობო გამოსვლების გამო იგი „კუთხეში მიმწყვდეულად“ გრძნობდა თავს.
„ეს ირანის რეჟიმთან დაკავშირებული კიდევ ერთი თავზარდამცემი შემთხვევაა, რადგან გრძნობენ, რომ კუთხეში არიან მიმწყვდეული, რადგან სანქციებით მნიშვნელოვანი ზეწოლა განხორციელდა“, – განუცხადა ქერნსმა BBC-ს.

პოლიტიკურად მოტივირებული
პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა: „ალირეზა აქბარის მიმართ წაყენებული ბრალდებები და სიკვდილით დასჯა პოლიტიკური მოტივირებული იყო, რაც არაკეთილსინდისიერი ქმედებაა. დიდად შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ ციხეში ბ-ნ აქბარის ნარკოტიკებით ჭყეპდნენ და აწამებდნენ, ასევე დაკითხვები უსასრულოდ გრძელდებოდა და ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.

„უფრო რომ დავაკონკრეტოთ, დაუსაბუთებელი და უსამართლო დაკავებები, იძულებითი აღიარებები და პოლიტიკურად მოტივირებული სასიკვდილო განაჩენები სავსებით მიუღებელია და უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ალიშა ქერნსმა.

წყარო: https://is.gd/Lpgszy