„საერთაშორისო ნორმები, კონსტიტუცია და კანონები აწესრიგებენ ურთიერთობას პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის, მიუთითებენ, თუ როგორი გზებით უნდა გადაიჭრას ადამიანის უფლებების დარღვევებისას წარმოშობილი პრობლემები, მოქალაქესა და ხელისფლებას შორის.
ზოგჯერ ასეთი კანონმდებლობის ბუნდოვანება საზოგადოებაში იწვევს ბევრ გაუგებრობას და ხდება არეულობისა და დაპირისპირების მიზეზი.
საქართველოში (ალბათ სხვაგანაც) ლგბტ თემის წარმომადგენლებს პრობლემა აქვთ არა ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან, არამედ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობასთან.
საკონსტიტუციო თუ საკანონმდებლო დონეზე ამ თემის პრობლემები მოგვარებულია და მათ მინიჭებული აქვთ ყველანაირი ფორმით გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის საკითხის ამგვარი დარეგულირება იწვევს მუდმივ კონფლიქს, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობა დასახვეწია და ის უნდა გადაწყდეს უმრავლესობის (დემოკრატიის პრინციპი) ინტერესებისა და უფლებების სასარგებლოდ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, კანონმა უნდა დაარეგულიროს, რომ ელგბტ თემის წარმომადგენლებს გარანტირებული ქონდეთ არსებობის, ხელშეუხებლობის, შეკრებებისა და საკუთარი პოზიციების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ შეზღუდული უნდა ქონდეთ რეკლამირებისა და პროპაგანდის შესაძლებლობები.
სიგარეტის მოხმარების თავისუფლება აქვს ყველას, მაგრამ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა აკრძალულია.
ნარკომანი ადამიანი ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი წესით არ ისჯება, მაგრამ უმკაცრესად (უვადო პატიმრობითაც კი) ისჯება ნარკოტიკის გამსაღებელი. მკაცრი სასჯელებია დაწესებული ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე.
ვერავინ დააჯარიმებს ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შიშველი სიარულისთვის საკუთარ სახლში ან შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. ნუდისტებს გააჩნიათ საკუთარი პლიაჟებიც, სადაც მსგავსი მიდრეკილებების ადამიანებთან ერთად იკმაყოფილებენ ერთნაირად მოაზროვნე საზოგადოებაში დედიშობილა გამოჩენის თუ გადაადგილების სურვილებს, მისწრაფებეს.
თუმცა, ნუდისტების დაჯარიმებასა და დაპატიმრებასაც კი იწვევს,მათი შიშვლად გამოჩენა ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რესტორნებში, სტადიონზე ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.
ალბათ არ არის სადავო, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები თავისი ცხოვრების წესით და მორალით განსხვავდებიან აბსოლუტური უმრავლესობისგან (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა). ამიტომ პროპაგანდასთან და რეკლამირებასთან დაკავშირებული მათი გამოხატვის თავისუფლების გარკვეული დოზით შეზღუდვა არ წარმოუდგენს მათი უფლებების შელახვას.
გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც შეკრებებისა და მიტინგების უფლება, მაშინაა დარღვეული, როცა ამას ხელისუფლება საკუთარი სურვილით, საფუძვლის არ არარსებობის პირობებში ზღუდავს, მაგრამ როცა იგივე უფლებას საზოგადოება უზღუდავს მიუღებელ ჯგუფს, ეს არის კონფლიქტი საზოგადოებასთან და არა სახელწიფოსთან.
ხელისუფლების შეფასება უნდა მოხდეს, იმის მიხედვით თუ რამდენად ადეკვატური, დროული და სამართლიანი იყო მათი მოქმედება(ჩარევა), კონკრეტულ სიტუაციაში რა გარდაუვალი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული სხვა სიკეთის შეზღუდვით.
ამდენად, 8 ივლისის აქციის დროს ხელისუფლების მოქმედება სიტუაციიდან გამომდინარე, იყო ადეკვატური. არალოგიკური იქნებოდა ლგბტ თემის,მცირერიცხოვანი აქციის ჩატარების უზრუნველოფის მიზნით, მომხდარიყო მრავალრიცხოვანი აქციის წინააღმდეგ ყველა საშუალების გამოყენება წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის,რეზინის ტყვიების, მრავალი ადამიანის დაკავება ან დასახიჩრება.
თუმცა, სანამ არ მოხდება საკანონმდებლო დარეგულირება და არ დაკონკრეტდება, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ რეკლამირებისა და პროპაგანდის საშუალებები, არ განისაზღვრება, თუ რა ფარგლებში შეუძლიათ საკუთარი პოზიციების გამოხატვა და დემონსტრირება, მანამ ყოველ წელს საქართველო აღმოჩნდება ისეთი პრობლემებისა და საფრთხეების წინაშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 8 ივლისს“.