პოლიტიკასხვადასხვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუმინეთი ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის რეგულირების არარსებობის გამო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა

0

25 მაისი, 2023 წ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დადგენილებით, რუმინეთი ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის რეგულირების არარსებობის გამო ოჯახური ცხოვრების უფლებას არღვევს და ჰომოსექსუალი წყვილების დისკრიმინაციას ეწევა. კრიტიკოსების თქმით, ეს გადაწყვეტილება აშკარად არადემოკრატიულია.
სასამართლოს აზრით, ის ფაქტი, რომ რუმინეთის სამოქალაქო კოდექსი „ოჯახური გაერთიანების მხოლოდ ერთ ფორმას უზრუნველყოფს“, ECHR-ის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) და მე-14 მუხლების (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია) დარღვევა.
ექსპერტებისა და პოლიტიკოსების თქმით, სასამართლო ამ გადაწყვეტილებით თავის უფლებამოსილებას ამეტებს, რადგან ECHR არა მხოლოდ ცდილობს ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნის დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს, არამედ მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ქვეყნებისთვის საშიშ პრეცედენტს ქმნის.
The European Conservative-თან საუბრისას რუმინელმა ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰეშმა (ECR), განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს, რადგან შესაბამისი ხელშეკრულებებით დადგენილ იურისდიქციის ფარგლებს სცილდება.
„ახალი უფლებების დანერგვით, რასაც თავისი იურისპრუდენციით უზრუნველყოფს, ECHR ამ უფლებებს თავს ახვევს სუვერენულ სახელმწიფოებს, უგულებელყოფს ხალხის ნებას. ეს ტენდენცია, რომელიც მისი იურისდიქციის გადაჭარბებაზე მიუთითებს და რომელსაც სხვა სასამართლოებიც უბავენ მხარს, მაგალითად ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (ECJ), დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც განხილვის საგნად უნდა იქცეს“, – დასძინა რუმინელმა კანონმდებელმა.
დღესდღეობით ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დაახლოებით ერთი მესამედი არ აღიარებს ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირებს, მათ შორის ევროკავშირის ექვსი წევრი ქვეყანა (ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი), რომლებიც, სავარაუდოდ, ECHR-ის გადაწყვეტილების პირველი სამიზნეები იქნებიან.
რუმინეთის საქმეს ის ფაქტიც უფრო ართულებს, რომ 2018 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (98,4%) მხარი არ დაუჭირა ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის დაკანონების იდეას.
ECHR-ის გადაწყვეტილებას რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც აღუდგა წინ და განაცხადა, რომ სამოქალაქო პარტნიორობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების საბოლოო ლეგალიზებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. „იმ სახელმწიფოების გამოცდილება, რომლებმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა ეკლესიის წარმომადგენელმა 23 მაისს.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ECHR-ის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, რადგან რუმინეთს შეუძლია, რომ იგი სამი თვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს. ეს ნაბიჯი ევროსაბჭოს ყველა სხვა წევრი ქვეყნისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომელსაც ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა დაკანონებული არ აქვს, რადგან პრეცედენტის შექმნის შემდეგ არცერთ ქვეყანას არ ექნება ECHR-ის არადემოკრატიული გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლის შანსი.

წყარო: https://europeanconservative.com/articles/news/european-court-rules-against-romania-for-lack-of-same-sex-partnerships/