უნგრეთი უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, სანამ უკრაინაში უმცირესობაში მყოფი უნგრელების უფლებები დაცული არ იქნება
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში ან NATO-ში ინტეგრაციას მხარს არ დაუჭერს, სანამ უნგრელების უფლებებს არ დაიცავენ. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ უნგრულ საინფორმაციო არხს, M1-ს, უნგრელმა მაღალჩინოსანმა, ტომაშ მენცერმა, განუცხადა.
მენცერმა, რომელიც ამჟამად უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მდივანის თანამდებობას იკავებს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ 2015 წლიდან განათლებასთან, კულტურასა და უნგრული ენის გამოყენებასთან დაკავშირებით უმცირესობაში მყოფი უნგრელების უფლებები დაცული არ არის.
უნგრეთის პოზიცია უცვლელია და ინტეგრაციის პროცესი ერთსულოვნებას მოითხოვს, იქნება ეს ევროკავშირსა თუ NATO-ში გაწევრიანება, შეახსენა მენცერმა მაყურებელებს.
უნგრელმა მაღალჩინოსანმა ბირთვულ რუსეთსა და მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ალიანსს, NATO-ს შორის კონფლიქტის თავიდან არიდების აუცილებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ეს მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნება, რომელიც ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ, განაცხადა მენცერმა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე მსოფლიო ომსა და ბირთვულ ესკალაციას არც დამარცხებული ეყოლება და არც გამარჯვებული, რადგან კაცობრიობა განადგურდება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობებზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მდივანმა ქვეყნის თავდაცვაზეც ისაუბრა და დაადასტურა, რომ უნგრეთი მთლიანი შიდა პროდუქტი დაგეგმილზე ერთი წლით ადრე 2 პროცენტს მიაღწევს, რომელიც ნატოს მიერ თავდაცვის ხარჯებისთვის არის დაწესებული. „ეს მხოლოდ ნატოს ცხრა წევრმა შეძლო, რაც იმაზე მიუთითებს თუ რამდენად სანდოა უნგრეთი, როგორც სამხედრო მოკავშირე“, – დასძინა მან.
მენცერს ფინეთის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რომელიც მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში უნგრეთში მიღებული ბავშვთა დაცვის კანონის წინააღმდეგ ევროკომისიის სარჩელს შეუერთდა. „უნგრეთის პოზიცია ფინეთსა და შვედეთთან დაკავშირებით არის ის, რომ გვინდა გავაგრძელოთ ორმხრივი ურთიერთობების მშენებლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და ეს არის ფუნდამენტური პირობა, რომ უნგრეთმა ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარი დაუჭიროს“.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის სარჩელს, რომელიც უნგრეთში მიღებული ბავშვთა დაცვის კანონის წინააღმდეგ არის მიმართული, ბოლო ხანებში ასევე შეუერთდნენ გერმანია, საფრანგეთი და სლოვენია. კომისიის სარჩელს მხარს უჭერს ევროკავშირის 14 წევრი ქვეყანა.
ბრიუსელი ზემოხსენებულ კანონს ლგბტ ჯგუფებისთვის დისკრიმინაციულად მიიჩნევს. ფინეთის გარდა ევროკომისიას მხარს უჭერენ ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, დანია, პორტუგალია, ირლანდია, ესპანეთი, მალტა, ავსტრია და შვედეთი, ახლა კი უკვე საფრანგეთი, გერმანია და სლოვენია.
წყარო: https://is.gd/wGLKSF