ახალი ამბებისხვადასხვა

29 მარტი ის საბედისწერო თარიღია, როდესაც მართლმადიდებელ ბერებს კიევში მდებარე ისტორიული ტაძრიდან განდევნიან

0

ავტორი ელენ დე ლუზა

კიევის ცენტრში მართლმადიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ტაძარი კიევ-პეჩერის ლავრა არის აღმართული. უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე, ტაძარში მოღვაწე ბერებს უკრაინის მთავრობა გაძევებით ემუქრება.
ეს სიმბოლური მონასტერი 1051 წელს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი მონასტრიდან, ათონის მთის სახელგანთქმული მონასტრიდან, ჩამოსულმა ბერებმა დააარსეს. მოგვიანებით იგი კიევის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სულიერი ცენტრი გახდა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძველი რუსეთის ისტორიაში, რადგან მის კედლებში ბერმა ნესტორმა მე-12 საუკუნის დასაწყისში ცნობილი „გასული წლების ზღაპარი“, იგივე „რუსული ქრონიკა“, შეთხზა. ამ ტექსტში მოთხრობილია კიევის რუსეთის სახელმწიფოს მითიური დაარსების შესახებ. მასში ვკითხულობთ, რომ იგი სკანდინავიელმა ვარიაგებმა დააარსეს, რომლებმაც რიურიკოვიჩების დინასტიას დაუდეს სათავე, რომელიც რუსულ სამთავროებს – ძირითადად ნოვგოროდს, კიევს, შემდეგ კი მოსკოვს – მე-16 საუკუნის მიწურულამდე მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი ნესტორის დაწერილი ვერსიის შესახებ განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, რომანოვების აღზევებამდე ეს ტექსტი საუკუნეების განმავლობაში საფუძველს უმზადებდა ადრეული რუსეთის ყველა ძველ ისტორიოგრაფიას. ეს მასშტაბური ტაძარი, რომელიც მდინარე დნეპრის ნაპირებზე მდებარეობს, 1990 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.
სანამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყებოდა, კიევ-პეჩერის ლავრის მონასტერს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მეთვალყურეობდა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილია. თუმცა 2022 წლის მაისში ამ ეკლესიამ მოსკოვისა და მისი პატრიარქისგან, კირილისგან, თავი შორს დაიჭირა. ამის მიუხედავად, ამავე წლის დეკემბერში უკრაინის ხელისუფლებამ მონასტერი მაინც გაჩხრიკა და სანქციები დაუწესა იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც ზელენსკის მთავრობა პრორუსად მიიჩნევდა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მოხსენებაში, რომელიც 2023 წლის 24 მარტით თარიღდება, საუბარია იმ დისკრიმინაციაზე, რომელსაც ეს სასულიერო პირები უკრაინის უშიშროების სამსახურებისგან განიცდიან.
უკრაინის ხელისუფლება მონასტერს კვლავ პრორუსულ კერად მიიჩნევს. ამიტომ მონასტრიდან ბერების გაძევებას აპირებს, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ეს ნაგებობა თავისი კუთვნილი ტერიტორიით საბჭოთა დროიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია და იჯარით არის გაცემული. 10 მარტს უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ, ქვედა ლავრის იჯარის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რასაც სამონასტრო თემი უფასოდ ქირაობდა. ზემო ლავრის იჯარა 2023 წელს არ განახლებულა, შესაბამისად, დეკემბრის შემდეგ ბერებს მასზე წვდომა არ აქვთ. ზემო ლავრაში სატრაპეზო ეკლესია და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდებარეობს. მიზეზად „სახელმწიფო ქონების გამოყენების წესის დარღვევა“ დასახელდა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოსკოვისგან „სულიერი დამოუკიდებლობის“ დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ეკლესია პირველი რელიგიური ორგანიზაცია იყო უკრაინაში, რომელმაც დაგმო უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული პუტინის ომი. სამშობლოს დასაცავად უკრაინული არმია დალოცა“, – განაცხადა ეკლესიის პრესსპიკერმა, მიტროპოლიტმა კლიმენტმა, AFP-სთან საუბრისას.
მონასტრის წინამძღვრის, მიტროპოლიტ პავლეს, თქმით, ბერებს იძულებითი გამოსახლებით, ასევე ელექტროენერგიის, წყლისა და ინტერნეტის შეწყვეტის ემუქრებიან. იჯარის ვადა დღეს, 29 მარტს, იწურება. ბერები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ყველაფრის მიუხედავად მონასტერში დარჩენას აპირებენ. დღესდღეობით ამ ადგილას, რომელიც 20 ჰექტარზე არის გადაჭიმული, 200-ზე მეტი ბერი და რელიგიის შესწავლით დაინტერესებული 300 პირი ცხოვრობს. ბერები მორწმუნეებს წმინდა ადგილის დაცვისკენ მოუწოდებენ.
პრესსპიკერის თქმით, მას აცნობეს, რომ პოლიციას ყველა იმ ავტობუსის გაჩერება დაევალა, რომელსაც მორწმუნეები კიევის ლავრაში გადაჰყავს. სამართალდამცველებს ყველა მგზავრის შემოწმებაც დაევალათ, რათა მონასტერში შესვლა ვერ შეეძლონ. მიზეზი შემდეგია: დღეს ის საბედისწერო თარიღია, როდესაც იჯარის ვადა იწურება.

 

წყარო: https://europeanconservative.com/articles/news/monks-face-expulsion-from-historic-shrine-in-kyiv/