ეკონომიკასხვადასხვა

2022 წელს დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 200 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავეს

0

5 ივლისი, 2023 წ.

2022 წელს, მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა, დასავლურმა კომპანიებმა რუსეთის დატოვების შესახებ განაცხადეს. მუქარისა და დაპირების მიუხედავად, 2022 წელს დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 214 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავეს, ასევე მოგების გადასახადის სახით მილიარდობით აშშ დოლარი შეიტანეს რუსეთის ბიუჯეტში, რითაც პუტინის ომის დაფინანსებას შეუწყვეს ხელი. ამის შესახებ 4 ივლისს არაკომერციული ორგანიზაცია „B4უკრაინისა“ (B4Ukraine) და „კიევის ეკონომიკის სკოლის“ (KSE) მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ვკითხულობთ.

ზემოხსენებულ ანგარიშში (The Business of Staying) დეტალურადაა ასახული, თუ რომელი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყნები უზრუნველყოფენ მოსკოვს უცხოური შემოსავლებით, „რაც კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთის აგრესიულ ომს“.

ანგარიშის ავტორებმა ომის დაწყების შემდეგ 1,287 დასავლური კომპანია და მათი შვილობილი რუსული კომპანიები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 241-მა კომპანიამ (17%) დატოვა რუსეთი, ხოლო მათი უმრავლესობა (56%) მზად არის ქვეყანაში დარჩეს და კვლავინდებურად გააგრძელოს საქმიანობა.

2022 წელს უცხოურმა კომპანიებმა თავიანთი რუსული ფილიალების მეშვეობით 213,9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს, მოგების გადასახადმა კი 3,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, − ნათქვამია მოხსენებაში, რადგან იგი არ ითვალისწინებს თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადს, სოციალური დაზღვევის გადასახადებსა და დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ).

ფარისევლობას ისიც ამძაფრებს, რომ მოგების გადასახადის მეოთხედი იმ კომპანიებმა გადაიხადეს, რომელთა სათავო ოფისები „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებშია განლაგებული, ხოლო შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა კორპორაციებმა უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს და, შესაბამისად, გაცილებით მეტი გადასახადი გადაიხადეს, ვიდრე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.

3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მოგების გადასახადიდან ამერიკულმა კომპანიებმა 712 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს, გერმანულმა კომპანიებმა 402 მილიონი აშშ დოლარი, შვეიცარიულმა კომპანიებმა კი 275 მილიონი აშშ დოლარი. იაპონურმა და ბრიტანულმა კომპანიებმა მოგების გადასახადის სახით 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადეს, ფრანგულმა და ჰოლანდიურმა კომპანიებმა კი 100-100 მილიონზე მეტი.

2022 წელს მიღებული შემოსავლების სიაში ლიდერობს თამბაქოს მწარმოებელი ამერიკული გიგანტი „ფილიპ მორისი“ (Philip Morris), რომელმაც 7,9 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა. სიის ხუთეულში „პეპსისა“ (Pepsi) და „ბრითიშ ამერიქენ ტობაკოსაც“ (British American Tobacco) შეხვდებით. სიის ათეულში არიან ფრანგული კომპანიები −  „ლერუა მერლენი“ (Leroy Merlin), „ოშანი“ (Auchan) და „დანონი“ (Danone); გერმანული კომპანიები − „მეტრო“ (Metro) და „უნიპერი“ (Uniper), ასევე სამხრეთკორეული „სამსუნგი“ (Samsung) და „ჰიუნდაი“ (Hyundai).

სიის ოცეულში ის რამდენიმე კომპანიაც მოხვდა, რომელმაც რუსეთის დატოვების პირობა დადო. მათ შორისაა ჰოლანდიური კომპანია „ვიონი“ (VEON), დანიური კომპანია „კარლსბერგი“ (Carlsberg) და შვედური კომპანია „იკეა“ (IKEA), რომელიც კრემლის მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა.

„ახლა გასაგები უნდა იყოს“, − წერენ ზემოხსენებული ანგარიშის ავტორები პრესრელიზში, −  „ყველა დასავლური კომპანია, რომელმაც 16 თვის წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული ბაზარი არ დატოვა, პუტინის რეჟიმის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა თანამონაწილეა“.

სწორედ ამიტომ მოუწოდებს „B4უკრაინა“ ბაიდენის ადმინისტრაციასა და სხვა ქვეყნების მთავრობებს ჩარევისა და ინიციატივის გამოჩენისკენ, რათა თავიანთ კომპანიებს ამ ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგონ და „რუსეთში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით გაზრდილი რისკის შესახებ“ საქმის კურსში ჩააყენონ.

https://europeanconservative.com/articles/news/report-western-companies-made-200b-in-russia-last-year/