ეკონომიკასხვადასხვა

2022 წელს რუსეთის ეკონომიკას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია

0

მსოფლიოს სიდიდით მეცხრე ეკონომიკამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აჩვენა

გასული წელი რუსეთის ეკონომიკისთვის რთული აღმოჩნდა. უცხოელი ინვესტორები მასობრივად გაიქცნენ, ბევრი მათგანი დღემდე არ დაბრუნებულა. ოფიციალური პროგნოზების თანახმად, ამ წელს რამდენიმე ქვეყნის მშპ კიდევ უფრო შემცირდება. უარესი შედეგები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ომით განადგურებულ უკრაინას ექნება.
თუმცა, სხვა თვალსაზრისით, რუსეთი საოცრად ეფექტურად მოიქცა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ მთელი ქვეყანა, მოსკოვიდან ვლაიდვოსტოკამდე, ფინანსურ ქაოსში ჩაიძირა. დასავლეთის ქვეყნების დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთის საფონდო ბირჟა დაეცა, გაუფასურდა რუბლიც. გაჩნდა მოლოდინი, რომ ვლადიმირ პუტინის „ციხე-სიმაგრე რუსეთი“ ჩამოშლას იწყებდა.
ეკონომისტებმა პროგნოზების კეთებას მოუკლეს. 2022 წელს, რამდენიმე დღეში, მშპ-ის წლიური ზრდის პროგნოზი 2.5%-ით დაეცა და 10%-მდე შემცირდა. ზოგიერთი ეკონომისტი პესიმისტურად განეწყო: თეთრ სახლში მოელოდნენ, რომ რუსეთის მშპ 15%-ით შემცირდებოდა. მთელ ქვეყანაში ინფლაცია გაიზარდა.
რუსეთის ეკონომიკა მიწოდებისა და მოთხოვნის მხრივ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დასავლური ბიზნესი, რომელიც რუსეთს ტოვებდა, ზღუდავდა იმას, რისი ყიდვაც რუსებს შეეძლოთ. ამასობაში ცენტრალურმა ბანკმა გააორმაგა საპროცენტო განაკვეთები, გაზარდა ვალის მომსახურების ხარჯები და შესაბამისად, კიდევ უფრო შემცირდა მოთხოვნა.
თუმცა რამდენიმე კვირაში ნათელი გახდა, რომ ეს უარყოფითი პროგნოზები არ გამართლდებოდა. სანქციებმა სერიოზულად დააზიანა რუსეთის მრეწველობის სხვადასხვა დარგი, მაგალითად საავტომობილო სექტორი, რომელიც უცხოეთიდან შემოტანილ ნაწილებზე იყო დამოკიდებული. სხვა დარგების საქმე არც თუ ისე ცუდად წავიდა, რადგან სახელმწიფომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების ვალდებულება დააკისრა. ზაფხულსა და შემოდგომაზე ეკონომისტებმა თავიანთ პროგნოზებს გადახედეს. ახლა მოელიან, რომ ამ წელს რუსეთის ეკონომიკა 3-4%-ით შემცირდება. უმუშევრობის დონე ნაწილობრივ იმის გამო არ შეცვლილა, რომ კომპანიებს თანამშომლების შენარჩუნება დაავალეს, თუნდაც დაბალი ხელფასი გადაეხადათ, ან საერთოდ უხელფასოდ ემუშავებინათ.
პოლიტიკა და ვაჭრობა ეს არის ის, ორი ძირითადი მიზეზი თუ რატომ არ დაინგრა რუსეთის ეკონომიკა. უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში ცენტრალური ბანკისა და მარეგულირებელი ორგანოების სწრაფმა ქმედებებმა რიგითი რუსები დაარწმუნა, რომ ეს დაწესებულებები მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ სერიოზულ ბრძოლას აპირებდნენ. გაზრდილი მოლოდინები, რომლებიც ინფლაციას უკავშირდებოდა, კვლავ არ გამართლდა. უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო საზოგადოებამ ფულის უკან დაბრუნება დაიწყო, რომელიც საბანკო ანგარიშებიდან კოვიდპანდემიის დაწყების პირველ დღეებში გაიტანა, რაც ხელს უშლის ფინანსურ კრიზისს.
სანქციების სიმკაცრის მიუხედავად, 2022 წლის უმეტეს პერიოდში ნახშირწყალბადის გაყიდვაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები არ მოქმედებდა (ახლა ეს მიდგომა იცვლება). მიმდინარე წელს რუსეთის მოგებამ 220 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
იმპორტის დაფინანსებას ამ უცხოურმა ვალუტამ შეუწყო ხელი. ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთში თავისი პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა, რასაც ვერ ვიტყვი არადასავლურ, მაგალითად ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც გააქტიურდნენ. როგორც ჩანს, თურქეთმა დასავლური კომპანიებისთვის, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ, სავაჭრო შუამავლის ფუნქცია იტვირთა. გაზაფხულზე დაფიქსირებული მკვეთრი ვარდნის შემდეგ რუსული იმპორტი მნიშვნელოვანად აღდგა.
„რეალურ დროში“ ეკონომიკური მონაცემები დასავლეთისთვის ნამდვილად შემაშფოთებელია. დღესდღეობით რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უკეთეს მდგომარეობაშია. ევროპა კი, რომელსაც ძალიან მაღალი ენერგეტიკული ხარჯები დიდ ტვირთად აწვება, რეცესიას განიცდის.

წყარო: https://is.gd/KTWViG