პოლიტიკასხვადასხვა

2011 წლის შემდეგ პირველად საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ჩავიდა და ასადს შეხვდა

0

ავტორი ტაილერ დურდენი, 19 აპრილი, 2023 წ.

შედგა ვიზიტი, რომლისაც ვაშინგტონელ პოლიტიკოსებსა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ისტებლიშმენტის „ექსპერტებს“ ეშინოდათ. აღნიშნული მიანიშნებს, რომ ასადის დასამხობად დასავლეთის წამოწყებული პროქსი ომი საბოლოოდ დასრულდა – ყოველ შემთხვევაში ბოლო მოეღო ‘ქორებისა’ და ნეოკონების იმედს, რომლებსაც ასადის დამხობა სურდათ.
სამშაბათს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ იბნ ფარჰანი დამასკოში ჩაფრინდა. 2011 წლის შემდეგ, როდესაც სირიის სამოქალაქო ომი დაიწყო, ეს პირველი ვიზიტია.
ეს ვიზიტი, რომლის შესახებაც ბევრი ფიქრობდა, რომ არასოდეს მოხდებოდა, ნიადაგს უმზადებს ასადის შესაძლო მომავალ ვიზიტს საუდის არაბეთში, როდესაც სირიის პრეზიდენტი ბოლოს და ბოლოს პირადად შეხვდება მეფე სალმანს ან ტახტის მემკვიდრე მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდს.
ამ მაღალი დონის ვიზიტს წინ უძღოდა გასულ კვირას საუდიტების სამეფოში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფეისალ მექდადის, „მოულოდნელი“ სტუმრობა. ცხადია, აღდგენის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. გავრცელებული ჭორების თანახმად, შემდეგი ნაბიჯი იქნება ასადის არაბულ ლიგაში დაბრუნება.
რეგიონალური ინტერნეტგამოცემა „ალ-მონიტორი“ (Al-Monitor) სამშაბათის ვიზიტს აჯამებს: ფარჰანი სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა, მიიღო. „მხარეებმა სირიის კონფლიქტის ‘პოლიტიკური დარეგულირების’ საკითხი განიხილეს, რაც სირიის ერთიანობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, არაბულ იდენტობასა და ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს“. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ „არაბულ წიაღში სირიის დაბრუნებასა და არაბულ სამყაროში მისი ბუნებრივი როლის აღდგენაზეც“ ისაუბრეს.
2018 წელს სირიასთან ურთიერთობები უკვე აღადგინა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. ახლა, როგორც ჩანს, დამასკოსთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას რეგიონის სხვა ქვეყნებიც ლამობენ.
მაგალითად, გასულ კვირას ტუნისში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის სამდღიანი ვიზიტის შემდეგ ტუნისი და დამასკო ურთიერთობების სრულ აღდგენაზე შეთანხმდნენ.
ასადსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დათბობის პროცესზე უდავოდ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინეთის შუამავლობით საუდის არაბეთსა და ირანს შორის დადებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ.  სირია ლევანტში ირანის უახლოესი მოკავშირე და ლიბანური ‘ჰეზბოლას’ საქმიანობის ცენტრია. ეს პროცესები, სავარაუდოდ, გაართულებს შეერთებული შტატების შუამავლობით დადებულ ‘აბრაამის შეთანხმებას’ და შესაძლოა საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის აღიარების პროცესს ხელი შეუშალოს.

წყარო: https://is.gd/wdEdPA