პოლიტიკასხვადასხვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი უკრაინის საკითხზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნას ეწინააღმდეგება

0

საინფორმაციო სააგენტო „AP”-ის გავრცელებული ინფორმაციით, 5 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა, ქარიმ ხანმა უარყო ევროკავშირის წინადადება, შეიქმნას საგანგებო ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს.
საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის, ქარიმ ხანის განცხადებით, მის სასამართლოს შესწევს უნარი, ეფექტურად განიხილოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები.
გასულ კვირაში ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნისთვის შეიქმნას სპეციალური სასამართლო, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაუმაგრებს ზურგს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გარშემო გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა არ შეუძლია სამართლებრივი დევნის დაწყება, რადგან მოსკოვს ჰააგაში ბაზირებული სასამართლოს შექმნის ხელშეკრულებაზე ხელი არ აქვს მოწერილი.

წყარო: https://is.gd/x0EyG2