14 ივლისი, 2023 წ.
რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის (SVR) ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ხანმოკლე აჯანყებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ უილიამ ბერნსს ტელეფონით ესაუბრა. ლენგლიში ამ სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ კრინტი არ დაუძრავთ, რუსეთის პირველმა მზვერავმა კი საინტერესო მოსაზრება წამოაყენა.
ნარიშკინის თქმით, 23-24 ივნისის აჯანყება ბერნსთან დასარეკად „საბაბი“ იყო. მისი კომენტარებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბრის თემა კულისებს მიღმა დიალოგის წარმართვას ან ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების დაწყებას ეხებოდა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის კრიზისს უკავშირდებოდა.
„ვფიქრობ, ეს უფრო საბაბი იყო, რადგან ძირითადად უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მოვლენებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობდით, ვმსჯელობდით, რა მოვუხერხოთ უკრაინას“, − განაცხადა ნარიშკინმა ბერნსთან ერთსაათიანი საუბრის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი ადრე „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“ პოლიტიკას ატარებდა − ეს სატელეფონო საუბარი და ბოლოდროინდელი მაღალი დონის კულუარული კონტაქტები იმაზე მიუთითებენ, რომ მათ შორის შესაძლოა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი კიევს კასეტურ ბომბებს უგზავნის და არც კონფლიქტის გამწვავებაზე ამბობს უარს.
როგორც ჩანს, ორივე მხარე აცნობიერებს კონფლიქტის „პროქსი ომის“ ბუნებას. გასულ შაბათს ომის დაწყებიდან 500 დღე გავიდა.
ივნისის მიწურულს კრემლში ბერნსის განხორციელებული ზარის შესახებ პირველად „ნიუ იორკ თაიმსმა“ (New York Times) გაავრცელა ინფორმაცია:
„ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის სიტყვით, გასულ კვირას მომხდარი აჯანყების შემდეგ C.I.A.-ს დირექტორმა უილიამ ჯ. ბერნსმა რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს დაურეკა, რათა კრემლი დაერწმუნებინა, რომ ამ აჯანყებაში შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა“.
„ბნ-მა ბერნსმა რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის (SVR) ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს, დაურეკა, − განაცხადა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამ სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და ანონიმურობის დაცვის პირობით სადაზვერვო საკითხებზე ისაუბრა. ისინი ერთხელ უკვე შეხვდნენ თურქეთში, რათა უკრაინის ომის დროს ბირთვული ესკალაციის საფრთხესთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ“.
რაც შეეხება თურქეთში გამართულ შეხვედრას, შეერთებულ შტატებში დღემდე დაჟინებით ამტკიცებენ, რომ რუსეთთან „მოლაპარაკებებს“ არ აწარმოებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლენგლიში ნარიშკინთან სატელეფონო საუბრის შესახებ დუმილს ამჯობინებენ, SVR-ის ხელმძღვანელის ბოლო კომენტარები იმაზე მიუთითებენ, რომ მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
https://www.zerohedge.com/geopolitical/russian-spy-chief-suggests-call-cias-burns-opens-negotiations
https://www.nytimes.com/2023/06/30/world/europe/cia-william-burns-russia-wagner-rebellion.html