„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ხელმძღვანელმა, სტეფან ნიქსმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ქართველები, მართალია კორექტულად, მაგრამ მაინც – ნამუსზე აგვაგდო: ჯერ, თითქოსდა არ ვიცოდეთ, ეს გვამცნო – რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, მისი აგრესიის შემდეგი მსხვერპლი თქვენ იქნებითო; შემდეგ მიგვანიშნა – „ვიცით, საქართველოში გარკვეული საკითხები სადავო გახდა შიდა პოლიტიკაშიო“ და ბოლოს, მთავარი სათქმელი ასე გვითხრა: „ვიმედოვნებთ, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია რუსეთის დიპლომატიური თუ ეკონომიკური იზოლაციისთვისო.“ კი – “შეგვიძლიაო” თქვა, მაგრამ ბავშვები ხომ არა ვართ, ვერ გავიგოთ – “თქვენ შეგიძლიათ და გევალებათო” – ეს გვითხრა! ცხადია, სტეფან ნიქსის ამ ინტერვიუში მაინც იკითხება ჩვენს მიმართ ერთგვარი შეფარული საყვედური; აშკარადა ჩანს, რომ საქართველომ მოლოდინები არ გაამართლა, რადგან „ზოგიერთი საკითხი სადავო გახადა“, როცა თურმე მეტის გაკეთება შეეძლო „რუსეთის დიპლომატიური და ეკონომიკური იზოლაციისათვის”; სინამდვილეში ხომ ყველაფერი პირიქითაა: საქართველო რუსეთისგან დიპლომატიურად, ვინაიდან ურთიერთობები კარგა ხანია გაწყვეტილი გვაქვს, გაცილებით მეტად არის იზოლირებული, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყანა თუ თავად აშშ; და ასევე, გამაოგნებელია, რატომ ვერ ხედავენ იმას, რასაც ბრმაც კი დაინახავდა: რუსეთის ეკონომიკური იზოლაციისათვის საქართველოს არც არანაირი რესურსი არა აქვს და ეკონომიკური თვითმკვლელობის გარდა, არც აბსოლუტურად არაფრის გაკეთება არ ძალუძს. გულწრფელად თუ ვიტყვით, დასავლეთს საქართველოს მიმართ ცრუ მოლოდინები გააჩნდა და ასეთი მოლოდინები კი თავადვე შექმნა: როცა ჩვენ და უკრაინა 2008-ში ნატოში არ მიგვიღეს, ხოლო „კარი ღიააო“, გვითხრეს, გვაქციეს დასავლეთის “ყურმოჭრილ” კლიენტებად და იმავდროულად – რუსეთის ნომერ პირველ სამიზნეებად; თითქოს ამის შემდეგ, სხვა გზა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, გარდა იმისა, რომ როგორც კლიენტებს, უსიტყვოდ უნდა აღგვესრულებინა დასავლეთის ნება-სურვილი, არც დაგვრჩა. ამდენად, რა გასაკვირია, რომ ბ-ნი ნიქსი, ისევე როგორც საერთოდ დასავლელი ბატონები და ქალბატონები, არ მოელოდნენ და წუხან, რომ უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში „ზოგიერთი საკითხი სადავო“ გახდა. არადა, “სადავო” გახდა სწორედ იმიტომ, ბ-ნო ნიქს, რომ დასალეთმა არ გაამართლა ჩვენი იმედები და არა პირიქით: უკრაინასა და საქართველოში დანერგილმა დასავლურმა კლიენტელიზმმა ვერც ჩვენ და ვერც უკრაინა ვერ დაგვიცვა რუსული აგრესიისაგან, უარესიც: მხოლოდ წაახალისა და უკიდურესად გაამძაფრა კიდეც ეს აგრესია; ხოლო ამ კლიენტელიზმით შექმნილმა კვაზი-დემოკრატიებმა იმ მასშტაბის ვნება მიაყენეს ქართულ თუ უკრაინულ კონსტიტუციებსა და სახელმწიფოებრიობას, რასაც ვერანაირი ავტორიტარული რუსეთი ვერც კი ინატრებდა. საქართველომ 2012 წელს უარჰყო ეს კლიენტელიზმი და კონსტიტუციური დემოკრატიის გზას დაადგა. ამ გზიდან არ გადაუხვევს და დასავლეთსაც კლიენტელიზმის ნაცვლად – პარტნიორობას სთავაზობს. საქართველოში სადავო აღარც არაფერია, რადგან 2012 წელს გაკეთებული არჩევანი ურყევია. სანამ ამას ვერ დაინახავთ ბ-ნო ნიქს, ეგ თქვენი ცრუ მოლოდინები კიდევ არაერთხელ დაგამწუხრებთ. ხოლო თქვენ კლიენტებთან – “უკრო-ნაცებთან” ვითომ შიდა-პოლიტიკური “დავა” – სინამდვილეში ექოა და 2012 წელს გაკეთებულ საქართველოს ურყევ არჩევანს ადასტურებს: საქართველო დასავლეთის კლიენტი არ არის და დასავლეთთან პარტნიორობას, სრულფასოვან წევრობას ესწრაფის, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ – დასავლეთისვე სასიკეთოდ.