ავტორი მაიკლ კერზონი, 20 აპრილი, 2023 წ.
ემანუელ მაკრონი დიდი ხანია ფიქრობს, რომ ჩინეთს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაში მთავარი როლის შესრულება და ამ იდეის რეალობად ქცევა შეუძლია. პეკინში სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა კარგად ცნობილ გეგმაზე დაიწყო მუშაობა, რათა პეკინს იმ ნიადაგის მომზადებას დაეხმაროს, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას უზრუნველყოფს.
18 აპრილს ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო ‘ბლუმბერგმა’ (Bloomberg), რომელიც „გეგმებს გაცნობილ ადამიანებს“ იმოწმებს, განაცხადა, რომ ბ-ნმა მაკრონმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში თავის მრჩეველს, ემანუელ ბონს, გავლენიან ჩინელ დიპლომატთან, ვან ინთან, თანამშრომლობა დაავალა, რათა შეიქმნას „მექანიზმი, რომელსაც მომავალი მოლაპარაკებების საფუძვლად გამოიყენებენ“.
ადამიანებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, ამ ოპერაციის შესახებ რამდენიმე დეტალი გააჟღერეს. გარდა იმისა, რაც ‘ბლუმბერგმა’ თქვა, თუ „ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება“, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა ამ ზაფხულში დაიწყოს. ჯერ კიდე უცნობია აქვს თუ არა ელისეს სასახლეს ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა. ნაკლებად სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბ-ნი მაკრონი დროს „ფუჭად ხარჯავს“, როდესაც ომის დიპლომატიური გზით დასრულებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვა ლიდერები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ ასე დასრულდება.
ამ მოხსენების პასუხად სხვა ფრანგულმა წყაროებმა ‘დეილი ტელეგრაფს’ (The Daily Telegraph) განუცხადეს, რომ „ბ-ნმა მაკრონმა ვიზიტისას საჯაროდ განაცხადა, რომ სურს, რომ ჩინეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულოს. ბუნებრივია, გაიმართა დიპლომატიური დისკუსიები, რასაც გაგრძელება მოჰყვება“.
‘ბლუმბერგის’ კითხვაზე, რომელიც გეგმებს ეხებოდა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი გაჟღერებული ინფორმაციის ავთენტურობის გადამოწმება „რთულია“, რადგან წყარო უცნობია. თუმცა ბ-ნი მაკრონის ოფისის თანამშრომელმა დაადასტურა, რომ უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ბ-ნ ბონს ბ-ნ ვანთან მოლაპარაკება დაევალა.
ფრანგულ-ჩინური ახალი გეგმების შესახებ ახალი ინფორმაცია, სავარაუდოდ, გეგმებს ჩაუშლის ბ-ნი მაკრონის ბრიუსელელ მეგობრებს, რომლებიც უკვე უარყოფითად გამოეხმაურნენ საფრანგეთის პრეზიდენტის დაჟინებულ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ევროპა ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბული ურთიერთობისას „ვასალი“ არ უნდა გახდეს. ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების მცდელობაზე უარი თქვეს. მათი თქმით, ეს უგუნური და საშიში ნაბიჯია. ინგლისელმა კონსერვატორმა პოლიტიკოსმა, ტობაის ელვუდმა, რომელიც თავდაცვის სპეციალურ კომიტეტს ხელმძღვანელობს, ‘ტელეგრაფს’ განუცხადა: „ბ-ნი მაკრონი შეიძლება ფიქრობს, რომ კეთილშობილურ საქმეს ემსახურება, თუმცა სინამდვილეში ჩინეთის თამაშში ერთვება, რომელიც საერთო გლობალურ წესებსა და საერთაშორისო დავების გადასაჭრელად აღიარებულ მექანიზმს უგულებელყოფს“.
წყარო: https://is.gd/okhTWz