10 მაისი, 2023 წ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022-2023 ფისკალურ წელს ირანსა და BRICS-ის წევრებს – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა – შორის სავაჭრო მოცულობამ 38,43 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა ფისკალურ წელთან შედარებით ეს 14 პროცენტიანი ზრდაა.
BRICS-ის ალიანსში ირანის მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩინეთი რჩება. პეკინსა და თეირანს შორის სავაჭრო მოცულობა 30,32 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, რაც 37-პროცენტიანი ზრდაა. შემდეგ მოდის ინდოეთი 4.99 მილიარდი აშშ დოლარით, 47-პროცენტიანი ზრდით; მას მოსდევს რუსეთი 2,32 მილიარდი აშშ დოლარით, ბრაზილია 466,55 მილიონი აშშ დოლარით და სამხრეთი აფრიკა 322,04 მილიონი აშშ დოლარით.
ეს ეკონომიკური ანგარიში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც თეირანმა განაცხადა, რომ 2022-2023 ფისკალურ წელს აფრიკის ქვეყნებთან ვაჭრობა 2,24 პროცენტით გაიზარდა და 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ირანზე სანქციების პოლიტიკით „მაქსიმალურ ზეწოლას“ ახორციელებს და ირანული ნავთობტანკერების დაკავებას ცდილობს, ისლამურმა რესპუბლიკამ ცალმხრივი შეზღუდვები დასძლია და სამრეწველო შესაძლებლობებიც გააძლიერა.
ბოლო თვეებში BRICS-ს ‘გლობალური სამხრეთის’ დიდი ინტერესი არ გამოპარვია, რომელიც აშშ დოლარისა და ჰეგემონიური დასავლური ფინანსური სისტემისგან თავის დახსნას ცდილობს. ირანმა ხუთ არაბულ ქვეყანასთან ერთად ალიანსში გაწევრიანება ოფიციალურად მოითხოვა. ივნისის პირველ კვირას ქალაქ კეიპტაუნში (სამხრეთი აფრიკა) BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სამიტს გამართავენ, რომელზეც წევრობის შესახებ განაცხადებებს განიხილავენ.
გასულ თვეს BRICS-ში სამხრეთი აფრიკის ელჩმა ‘ბლუმბერგს’ (Bloomberg) განუცხადა: „ყოველ დღე ვიღებთ ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადებს“. ‘ბლუმბერგის’ ინფორმაციით, BRICS-ი ‘დიდი შვიდეულის’ (G7) ქვეყნებს ეკონომიკური ზრდის მოლოდინებით, სავარაუდოდ, გადააჭარბებს. მოსალოდნელია, რომ 2028 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკაში ‘დიდი შვიდეულის’ წილი მხოლოდ 27,8 პროცენტი იქნება, BRICS-ის წევრი ქვეყნების კი 35 პროცენტი.
2023 წლის იანვარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ BRICS-ის წევრი ქვეყნები საერთო ვალუტის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„სერიოზულმა, თავმოყვარე ქვეყნებმა კარგად უწყიან რა დევს სასწორზე. ისინი ხედავენ ამჟამინდელი საერთაშორისო სავალუტო და ფინანსური სისტემის „ბატონების“ არაკომპეტენტურობას და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად საკუთარი მექანიზმების შექმნა სურთ, რომელიც გარე დიქტატისგან დაცული იქნება“, – განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.
13 აპრილს ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ, BRICS-ის წევრ ქვეყნებსა და იმ ქვეყნებს, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ, საგარეო ვაჭრობისას აშშ დოლარის ჩანაცვლებისკენ მოუწოდა. „ყოველ ღამე ჩემს თავს ვეკითხები, რატომ უნდა ივაჭროს ყველა ქვეყანამ აშშ დოლარზე. რატომ არ შეგვიძლია, რომ ვაჭრობა საკუთარი ვალუტით ვაწარმოოთ“, – განაცხადა ბრაზილიის პირველმა პირმა.
წყარო: https://thecradle.co/article-view/24549/irans-non-oil-trade-with-brics-nations-nears-40bn