ევროპასთან რუსეთის სავაჭრო პროფიციტის ორი მიზეზი არსებობს: ევროკავშირის მოთხოვნილება რუსულ პროდუქციაზე და გაზისა და ნავთობის მაღალი ფასი.
გაზეთ „ნიო იორკ ტაიმსის“ მიერ ჩატარებული ახალი ანალიზი აჩვენებს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთი საკუთარი პროდუქციის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში, ექსპორტს კვლავ ახორციელებს და სარგებელსაც იღებს.
ჟურნალისტებმა შეისწავლეს რუსეთსა და ათეულ სხვა ქვეყანას შორის ვაჭრობა ომამდე ხუთი წლის განმავლობაში და შეადარეს ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომდევნო თვეებში წარმოებულ ვაჭრობას, ეკონომიკური სირთულის ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით.
„რუსეთის ექსპორტის ღირებულება ფაქტობრივად გაიზარდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ,“ როგორც „ტაიმსის“ ანალიზი გვიჩვენებს, „თუნდაც ბევრ იმ ქვეყანაში, რომლებიც რუსეთს აქტიურად უპირისპირდებოდნენ.“
შვედეთმა, გერმანიამ, პორტუგალიამ და დიდმა ბრიტანეთმა, საერთო ჯამში, რუსეთთან ვაჭრობა ომის დაწყების შემდეგ შეამცირეს, თუმცა ნიდერლანდებმა, ესპანეთმა და ბელგიამ შესაბამისად 32%-ით, 57%-ითა და 81%-ით გაზარდეს ვაჭრობა.
თუმცა, ზუსტ ციფრებში გამოხატული ცვლილებები იმპორტშიც და ექსპორტშიც თანაბრად მნიშვნელოვანია. გერმანიამ რუსეთში ექსპორტი 51%-ით შეამცირა, ხოლო იმპორტი 38%-ით გაზარდა. ნორვეგიის შემთხვევაშიც, იმპორტი ექსპორტს აჭარბებს, კერძოდ, იმპორტი 21%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 14%-ით შემცირდა. შვედეთმა იმპორტი 86%-ით შეამცირა, რაც ექსპორტზე 20 პუნქტით მეტია. ბელგიამაც და ესპანეთმაც რუსეთიდან იმპორტი 100%-ით გაზარდეს, ხოლო ექსპორტი ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა. პორტუგალიამ როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი შეამცირა, თუმცა, ექსპორტი იმპორტზე მეტად შემცირდა.
ევროპასთან რუსეთის სავაჭრო პროფიციტის ორი მიზეზი არსებობს: ევროკავშირის მოთხოვნილება რუსულ პროდუქტებზე და გაზისა და ნავთობის მაღალი ფასი.
„ტაიმსის“ ინფორმაციით, „რუსეთმა იმაზე უკეთ გაუძლო ეკონომიკურ სანქციებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რაც ნავთობისა და გაზის მაღალმა ფასებმა და წიაღისეულ საწვავზე ჩვენმა დამოკიდებულებამ განაპირობა”, განაცხადა Datawheel-ის (კომპანია, რომელიც ეკონომიკური სირთულეების ობსერვატორიას მართავს) მთავარმა ეკონომისტმა ჟილბერტო გარსია-ვასკესმა.
ის ზარალი, რაც რუსეთმა წიაღისეული საწვავის მოცულობაში იგემა ზოგიერთი ქვეყნის მიერ მიმწოდებლების მაშინვე შეცვლის გამო, მაღალი ფასებით აინაზღაურა.
რუსეთი ევროპისთვის კვლავ მრავალი სხვა აუცილებელი პროდუქტის მთავარ გლობალურ მიმწოდებლად რჩება, ბირთვული რეაქტორებით დაწყებული სასუქით, ბრილიანტებით და მანქანის ნაწილების სამრეწველო მინერალებით დამთავრებული. მაგალითად, Euractiv-ის ცნობით, საფრანგეთის საერთაშორისო ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორისთვის (ITER) საჭირო გიგანტური მაგნიტი 1-ლ ნოემბერს გავიდა სანქტ-პეტერბურგიდან. როდესაც დასრულდება, ITER მსოფლიოში ყველაზე დიდი თერმობირთვული რეაქტორი იქნება. ერთობლივ პროექტში, რომელიც ექვს გიგანტურ მაგნიტს საჭიროებს, 35 ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც, არის ჩართული.
ამავდროულად, რუსეთმა ევროპასთან, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და სამხრეთ კორეასთან ვაჭრობაში განცდილი ზარალი ჩინეთთან, ინდოეთთან და თურქეთთან ვაჭრობით, მის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან იმპორტისა და ექსპორტის ნაკადის სამჯერ და ოთხჯერ გაზრდით აინაზღაურა.
„გაჭიანურებული ომი და მასზე მსოფლიო რეაგირება საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებში“, წერს „ტაიმსი.“
„როიტერსის“ მიერ ჩატარებულმა ანალოგიურმა ანალიზმაც აჩვენა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთს ნებისმიერ ადგილას შეუძლია თავისი ბიზნესის გაგრძელება. საინფორმაციო გამოშვებამ 42 ექსპერტთან და ანალიტიკოსთან კონსულტაცია გაიარა ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის მიერ შეთავაზებული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის, ძირითადად ნავთობით ვაჭრობის კარტელური შეთანხმების თაობაზე, რომელიც შეიძლება დეკემბერში შევიდეს ძალაში. საერთო ჯამში, ექსპერტებთან კონსულტაციებით გამოვლინდა, რომ „მისი გავლენა გაურკვეველია, მაგრამ ეს არც ისეთი სერიოზული შეშფოთების საგანია“.
„რუსული საექსპორტო პროდუქცია, გრძელვადიან პერსპექტივაში, სხვა მყიდველებს შეიძენს აზიაში. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, სანქციებმა შეიძლება ბაზრიდან დღეში დაახლოებით 1,5-2 მილიონი ბარელი ნავთობის ამოღება გამოიწვიოს“, გერმანიის ბანკ LBBW-ის სასაქონლო ბაზრების კვლევის ხელმძღვანელმა ფრენკ შალენბერგერმა განუმარტა „როიტერსს.“
ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობის 80%-დან 90%-მდე შეიძლება კვლავაც გადიოდეს გლობალურ ბაზარზე და ამით რუსეთი, ფასის ზედა ზღვარის დაწესების მიუხედავად, ფულს შოულობს,.
ვინაიდან, ევროპა უარს ამბობს რუსულ ნავთობზე აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ნედლი ნავთობის სასარგებლოდ, რუსეთმა ახალი მომხმარებლები იპოვა თავის აღმოსავლეთით.
რუსეთის უპირატესობა ასევე შეიძლება ევროკავშირის სანქციების ნელი ტემპით განხორციელებას მივაწეროთ, რადგან ისეთ წიაღისეულ საწვავზე ემბარგოს დაწესებას, როგორიცაა ქვანახშირი და ნავთობი, რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა, რათა ქვეყნებს ადაპტაციის შესაძლებლობა ჰქონოდა. ნავთობზე ემბარგოს დაწესების სრული პაკეტი, მაგალითად, წლის ბოლომდე არ ამოქმედდება. ევროპული და სხვა დასავლური სანქციების სრულად განხორციელება იმოქმედებს თუ არა რუსეთზე, ჯერ კიდევ გასარკვევია.
„ჯერჯერობით”, აღნიშნა „ტაიმსმა,“ „მონაცემები ცხადყოფს იმას, თუ რამდენად ღრმად არის რუსეთი გადაჯაჭვული გლობალურ ეკონომიკასთან, რაც მოსკოვს საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი თანხები გამოიმუშაოს ომის დაწყებიდან მეცხრე თვის დასაწყისში. დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, სანქციები დააწესონ და სხვა ზომები გაატარონ რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად, ჯერჯერობით უმნიშვნელო შედეგები მოჰყვა.“