23 ივნისი, 2023 წ.
ევროკავშირის ახალმა საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელიც მთავრობებისგან ჟურნალისტების დაცვას ემსახურება, ამ უკანასკნელთა შეშფოთება გამოიწვია. ზოგიერთი ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა საშუალებით ჟურნალისტების თვალთვალს მხარს უჭერს.
19 ივნისს, 65 ორგანიზაციამ, მათ შორის ‘ევროპული ციფრული უფლებების ქსელმა’ (EDRI), ‘ჟურნალისტების ევროპულმა ფედერაციამ’ (EFJ), ‘რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ’ (RSF) და ადამიანის უფლებების დამცველმა რამდენიმე ჯგუფმა, გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ევროკომისიას ამ საკანონმდებლო ინიციატივიდან ეროვნული უსაფრთხოების პუნქტის ამოღებისკენ მოუწოდა.
‘პოლიტიკოს’ (Politico) სტატიაში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტიდან ეროვნული უსაფრთხოების ამოღებას საფრანგეთი ხელმძღვანელობდა. ამის მიუხედავად, ფრანგებმა განაცხადეს, რომ დაინტერესებული არიან, რომ ჟურნალისტებმა თავიანთი წყაროების კონფიდენციალურობა უზრუნველყონ.
‘პოლიტიკოს’ ცნობით, კანონპროექტის უახლეს ტექსტში (16 ივნისი) ნათქვამია, რომ სიტყვა ‘spyware’ შეიცვალა ტერმინით „ინტრუზიული სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფა“.
ახალი კანონი ევროპაში ატეხილი რამდენიმე სკანდალის (რომელიც საჯაშუშო პროგრამას უკავშირდება) შემდეგ მიიღეს. მაგალითად, ‘პეგასუსის’ (Pegasus) სკანდალი, როდესაც ისრაელში ბაზირებული NSO Group-ის შექმნილი პროგრამული საშუალებებით პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს უთვალთვალებდნენ.
საჯაშუშო პროგრამის მსხვერპლთა შორის ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი იყვნენ.
რამდენიმე ფრანგს ჟურნალისტს, სავარაუდოდ, მაროკოს მთავრობა ‘პეგასუსით’ უთვალთვალებდა. ამის შესახებ ‘ემნესთი ინთერნეშენალი’ (Amnesty International) იტყობინება, რომელმაც ხუთი ფრანგი ჟურნალისტის ტელეფონები დაწვრილებით შეისწავლა და გაანალიზა.
‘პეგასუსს’ ევროპის ქვეყნებიც იყენებდნენ, მათ შორის უნგრეთი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე დაახლოებით 300 ადამიანს, მათ შორის ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს უთვალთვალებდა. ამის შესახებ Amnesty International-ი იტყობინება.
2017 წელს ჟურნალ ‘შპიგელში’ (Der Spiegel) გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) 1999 წლიდან უსმენდა უცხოელი ჟურნალისტების ტელეფონებს, აკონტროლებდა მათ ფაქსსა და ელექტრონულ წერილებს, მათ შორის ‘ბიბისისა’ (BBC) და ‘როიტერსს’ (Reuters).
2016 წელს გერმანიამ საკუთარი საჯაშუშო პროგრამა (Bundestrojaner) შექმნა, რომლის მეშვეობითაც ფედერალურ მთავრობას შეეძლო თვალყური ედევნებინა კომპიუტერებისა და სმარტფონების მონაცემებისთვის, თუმცა ამისთვის სასამართლოს განკარგულება იყო საჭირო.