გაუყინავს თუ არა ევროკომისია უნგრეთს 7,5 მილიარდ ევროს?
გაუყინავს თუ არა ევროკომისია უნგრეთს 7,5 მილიარდ ევროს?
ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხს ევროკავშირის საბჭოს სამიტზე უყრიან კენჭს, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება.
ევროკომისიამ კენჭის ყრით მიიღო უნგრეთის აღდგენის პროგრამა, რომელიც 5,8 მილიარდი ევროს ტრანსფერს გაუხსნის გზას. ამის მიუხედავად, ევროკომისია ევროსაბჭოს შეთავაზებით მიმართავს, რომ დროებით შეაჩერონ კოჰეზიის ფონდებიდან 7,5 მილიარდი ევროს გამოყოფა. ამის შესახებ ოთხშაბათს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა, განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი რეფორმები განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია, უნგრეთმა 17 აუცილებელი გამოსასწორებელი კრიტერიუმის მთავარი ასპექტები შესაბამისად ვერ შეასრულა, რაც, აღებული ვალდებულების თანახმად, 19 ნოემბრამდე უნდა განეხორციელებინა“, – ვკითხულობთ კომისიის პრეს-რელიზში.
„კომისიამ გადაწყვიტა, რომ 18 სექტემბრით დათარიღებული პირველი შეთავაზება შეინარჩუნოს, რათა კოჰეზიის პოლიტიკის ფარგლებში დროებით შეაჩეროს ვალდებულებების 65 პროცენტი, რომელიც განკუთვნილია სამი მოქმედი პროგრამისთვის, რომელთა ღირებულება 7,5 მილიარდი ევროა“, – აღნიშნულია პრეს-რელიზში.
ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხს ევროკავშირის საბჭოს სამიტზე უყრიან კენჭს, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება.
კომისიამ 10 ახალი საკითხიც დაამატა, რომლებიც უნგრეთმა უნდა დახვეწოს, სანამ ეს ფონდები გათავისუფლებულია. საკითხების საერთო რაოდენობა 27-ს მიაღწია.
იუსტიციის კომისარმა დიდიე რეინდერსმაც დაადასტურა ადრინდელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 27 ეტაპიდან ოთხი, საბოლოო ჯამში, უნგრეთის სასამართლო სისტემის გაძლიერებას უკავშირდება. მისი თქმით, ბუდაპეშტი მხოლოდ მაშინ მიიღებს თანხებს, როდესაც ამ ოთხ ეტაპს დააკმაყოფილებს.
რეინდერსმა ასევე დაადასტურა, რომ სასამართლოს ეროვნულ საბჭოს უნდა აეკრძალოს მოსამართლეთა თავისუფლების შეზღუდვა, რაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის კანონისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტების მიზნით მიმართვას უკავშირდება. ასევე უნგრეთის სახელისუფლო ორგანოებს საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო განჩინებებთან დაკავშირებით პრეტენზიის გამოთქმა ეკრძალებათ.
ბრიფინგზე ევროკავშირის ბიუჯეტის კომისარმა, იოჰანეს ჰანმა, განაცხადა, რომ საკმარისი არ არის მხარეებს შორის შეთანხმებული 17 პირობის დაკმაყოფილება, ამიტომ გადაწყვეტილება თანხების შეჩერებასთან დაკავშირებით ძალაში დარჩა. მისი თქმით, სახელმწიფო კონცერნები ევროკავშირისგან ფულს ვერ მიიღებენ, სანამ ევროკავშირის ინტერესთა კონფლიქტს ნათელი არ მოეფინება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს თანხები არ დაიკარგება და მათი მოთხოვნა მომავალ წელს შესაძლებელი იქნება. თუმცა ევროკავშირის აღდგენის ფონდში აკუმულირებული თანხების ოდენობა, რომლის მოთხოვნის უფლებაც უნგრეთს აქვს, იმ შეთხვევაში შემცირდება თუ შეთანხმება მიმდინარე წელს არ შესრულდება.