მთავარი ამბავი

ევროკავშირი მასკს „Twitter”-ის აკრძალვით ემუქრება

0

22, სექტემბერი, 2023 

ორშაბათს ილონ მასკმა განაცხადა, რომ Apple Inc-მა Twitter-ზ რეკლამების განთავსება ძირითადად შეწყვიტა.
ამ გადაწყვეტილებამდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია ახალი მფლობელის დაწყებულმა პოლიტიკამ მიიყვანა. Apple ამ სოციალური მედია პლატფორმის კონტენტის გამო შეწუხებულია.

iPhone-ის მწარმოებლის კვალს მიჰყვნენ ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი Audi of America, General Mills Inc., ATT, Black Rock, Citi Group, HP, Hilton, Jeep, Linked In, Marriott, Meta, Nestle, Coke, Kraft Heinz, Verizon, Nestle და სხვა არაერთი ცნობილი კომპანია, რომლებმაც მას შემდეგ შეწყვიტეს ან დროებით შეაჩერეს რეკლამების განთავსება Twitter-ზე, როდესაც ცნობილი პლატფორმა ილონ მასკმა 44 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.
„Apple-მა ძირითადად შეწყვიტა რეკლამის განთავსება Twitter-ზე. ამერიკაში სიტყვის თავისუფლება არ მოსწონთ?“ – წერს მასკი Twitter-ში. მოგვიანებით მილიარდერმა ერთ-ერთ ტვიტში Apple-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის, Twitter-ის ანგარიში მონიშნა და კითხვით მიმართა, თუმცა Apple-მა კომენტარის მოთხოვნას მაშინვე არ უპასუხა.
მასკმა, რომელიც სიტყვის თავისუფლების ერთგულ დამცველად მიიჩნევს თავს, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ Twitter-ის შემოსავლებმა „მასიურად“ იკლო, რაშიც ის აქტივისტები დაადანაშაულა, რომლებიც რეკლამის განმთავსებლებზე ზეწოლას ახდენენ. Twitter-ი შემოსავლების დაახლოებით 90 პროცენტს რეკლამის გაყიდვიდან იღებს.
ბოლო დღეებში ცნობილმა მედია პლატფორმამ შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კომიკოსს ქეთი გრიფინსა და აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წარმომადგენელ მარჯორი ტეილორ გრინს დაბლოკილი ანგარიშები აღუდგინა. ტრამპის დაბრუნებით გაღიზიანებულმა სამოქალაქო უფლებათა დამცველმა აქტივისტებმა გასულ კვირას პლატფორმაზე რეკლამის განმთავსებლებს Twitter-იდან რეკლამების ამოღების შესახებ განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდეს.
„გაუქმების კამპანიის“ მიუხედავად, Twitter-ში დარეგისტრირების მსურველთა რაოდენობამ ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
პრეზიდენტმა ბაიდენმა მასკი საჯაროდ გააკრიტიკა: „გამოდის და ყიდულობს კომპანიას, რომელიც მთელ მსოფლიოში ტყუილს აფრქვევს. რედაქტორები აღარ არიან, მათი დრო დასრულდა“.
„ადამიანები სიმართლეს როგორ შეიტყობენ? როგორ განასხვავებენ ფაქტსა და ფიქციას? ძალიან ბევრ რამ ხდება და ჩვენ ამ ყველაფრის შუაგულში ვიმყოფებით“, – დაამატა ბაიდენმა.
ილონ მასკზე ზეწოლას ევროკავშირიც ახორციელებს. როგორც ჩანს, Twitter-ის ახალ მფლობელს ბებერ კონტინენტზეც შეექმნება პრობლემები. მარეგულირებელი ორგანოები ხელს უშლიან ამერიკელი მილიარდერის წამოწყებას, რომელიც ახლახან შეძენილი სოციალური ქსელის სიტყვის თავისუფლების თავშესაფრად გადაქცევას ცდილობს. ოთხშაბათს ევროკომისია მასკს დაემუქრა, რომ თუ Twitter-ი მოდერაციის კონტენტის მკაცრ წესებს არ დაემორჩილება აიკრძალება, რადგან შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა, აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მის მიერ სოციალური ქსელის შეძენის საკითხს განიხილავს.
ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა მილიარდერს განუცხადა, რომ Twitter-მა წესები უნდა დაიცვას. მათ შორის უარი თქვას დაბლოკი წევრების „თვითნებურ“ აღდგენაზე, „აგრესიულად“ არ უნდა გაავრცელოს დეზინფორმაცია და მომავალ წელს პლატფორმის „საყოველთაო დამოუკიდებელ აუდიტს“ უნდა დათანხმდეს. ბრეტონმა გაიმეორა, რომ თუ Twitter-ი კანონს დაარღვევს, შესაძლოა ევროპაში აიკრძალოს ან ჯარიმის სახით საერთო შემოსავლების 6 პროცენტი გადაიხადოს.