კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებლების განცხადება:
ჩვენთვის სამწუხაროა, ევროპის კავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების დეგრადაციის ხილვა. მძიმე სანახავია, ევროპარლამენტი, რომელიც საპატიო ადგილს უთმობს არაერთი დანაშაულისთვის მსჯავრდებული სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და მისი პარტიის ოდიოზურ წარმომადგენლებს. დეკადანსის ნათელი გამოხატულებაა, როდესაც ევროპარლამენტი (მართალია მხოლოდ 44 დეპუტატის ხმით) მხარს უჭერს ისეთ დოკუმენტს, რომელიც სავსეა სიცრუით, უსამართლობით, არ ასახავს ფაქტებს და ეყრდნობა მხოლოდ ვიწრო პარტიულ აღქმებს. მსგავსი დოკუმენტი, ყველაზე მეტად აზიანებს – თავად ამ სტრუქტურის რეპუტაციას და სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, სრულიად სამართლიანად მის მიმართ განაწყობს ნეგატიურად!
დოკუმენტი, მისი შინაარსით არის სუვერენული სახელმწიფოს შეურაცხყოფა, მისი ინსტიტუტების დაკნინება და რაც ყველაზე მთავარია, მისი ხალხის აბუჩად აგდება. სხვა არაფერი ჰქვია, რეალობის იმგვარად წარმოჩინებას, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მტერია, ხოლო სააკაშვილი და გვარამია ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტორები. ცხადია, ამ ფორმულას ქართველი ხალხი არ მიიღებს და საკუთარი ქვეყნის ღირსებას აუცილებლად დაიცავს.
სამწუხაროა, რომ გვიწევს მარტივი ჭეშმარიტების გამეორება – ქართველ ხალხს ბატონის გამოცვლისთვის არ უბრძოლია! ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ ეცდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას, რუსეთი, ევროკავშირი თუ ამერიკა!
ჩვენ მივისწრაფოდით ამ ერთობისკენ, მაგრამ ამასობაში თავად გაერთიანების ცენტრი დაშორდა იმ ღირებულებებს, რაც ესოდენ მიმზიდველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მიგვაჩნია, რომ დროა საქართველო გადავიდეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-განმტკიცებაზე ევროპის სუვერენულ სახელმწიფოებთან და არა ევროკავშირის ბიუროკრატიასთან. უპასუხისმგებლო ბიუროკრატია არ ნიშნავს ევროპას!
საქართველოს დამსახურებულად აქვს ორი მთავარი და ხელშესახები სიკეთე – თავისუფალი მიმოსვლა და ვაჭრობა. მიუღებელია მათ ხელთ არსებული ბერკეტებით ჩვენი ქვეყნის შანტაჟი! უკანასკნელი თვეების განმავლობაში განვითარებული პროცესები, დაწყებული -წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული განაცხადის პროვოცირებით, ვიდრე დღევანდელ დოკუმენტამდე, იძლევა ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალებას – საქართველო ისჯება ომში არ ჩართვისა და საკუთარი ინტერესების დაცვისთვის!