ოთხ თვეზე მეტმა პერიოდმა განვლო, რაც რუსთაველის გამზირზე ამა თუ იმ ინტენსივობით და ხალხმრავლობით მიმდინარეობდა ხელოვნური სტიგმა-ტრიგერით („რუსული კანონი“) გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტი, რომელშიც ამ ეტაპზე ძირითადად ახალგაზრდობა იყო ჩართული. სწორედ ისინი გახდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის მხრიდან − ხან სიამაყის, ხან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების, ხან კი აშკარა დაცინვის საგანი. ეს უკანასკნელი კი აბსოლუტურად გაუგებარია იმ მოწოდებების ფონზე, რომლებსაც ქართულ პოლიტიკურ ავანგარდში მყოფი პოლიტიკური პარტიები მუდმივად გაიძახიან − ჩვენ უნდა „მივიბათ ახალგაზრდობა“. მე ვუერთდები ამ სულისკვეთებას, ოღონდ მცირე ანალიზის შემდეგ: რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ახალგაზრდობა, რა მოლოდინი და სურვილები ამოძრავებთ მათ, რას ელიან ისინი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისაგან და რა უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით. ამ შეკითხვებზე პასუხების გარეშე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდობის საპროტესტო მოტივაცია გაუგებარი ხდება, ხოლო მათი დაცინვა ან აბუჩად აგდება − სრულიად უსაფუძვლო.
ის, რომ უკანასკნელ 33 წელიწადში ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი ყოფითი ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო − არახალია. ოჯახური პრობლემები, დემოგრაფიული კრიზისი, ნარკომანია, კრიმინალური მენტალობა, საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემების არასრულყოფილება, უმუშევრობა, ახალგაზრდებსა და უფროს თაობებს შორის ტექნოლოგიური პროგრესით გამოწვეული უფსკრულის კიდევ უფრო გაღვივება, ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის მიერ ტრადიციული აღზრდისა და ჯანსაღ კონსერვატიულ ღირებულებებზე შეტევა და მრავალი სხვა ფაქტორი − თანამედროვე ახალგაზრდობას ზრდასრულ ცხოვრებაში სრულფასოვანი შემოსვლის საკმაოდ რთული „სტარტ-აპი“ ჩამოუყალიბეს, გაცილებით რთული, ვიდრე ეს მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობებს ერგოთ.
სამწუხარო რეალობაა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს ბევრად სუსტი ცხოვრებისეული და სოციალური იმუნიტეტი აქვთ, სერიოზულად დარღვეულია თაობათა შორის ჯაჭვი, რომელსაც უნდა გადაეცა შვილებისთვის ის დაუწერელი კანონები და ქცევათა კოდექსი, რომლებიც კავკასიელის, ქართველის, ქალაქელისა თუ სოფლელის სავიზიტო ბარათებს წარმოადგენდნენ და მთლიანობაში, ერის განმასხვავებელ ნიშან-თვისებებს აერთიანებდნენ თავის თავში. ყოველივე ამაში შექმნილმა დეფიციტმა თავისი მახინჯი გამოხატულება პოვა მოზარდთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა სისასტიკეში, ახალგაზრდებში საგრძნობლად მომატებულ სუიციდის ფაქტებში და ა.შ. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ახალგაზრდობას სჭირდება შველა, სიყვარული, გაფრთხილება და გვერდით დგომა. და ის ძალა, მათ შორის პოლიტიკური, ვინც ამას შეძლებს, ვინც დააჯერებს არაგულწრფელობის და სიცრუის უტყუარ ინდიკატორებს − ჩვენს ახალგაზრდებს, ის „მიიბამს მათ“ და ამით ორივე მხარე გამარჯვებული დარჩება.
საკუთარ სივრცეშიც ლიბერალური ფაშიზმის მეტასტაზების მიუხედავად, ევროპა ჯერ კიდევ გვაძლევს უამრავ მაგალითს, როგორ შეიძლება სახელმწიფომ გონივრული ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებით, ქვეყნის მომავლისკენ მიმავალი გზები უკვე დღეს გააძლიეროს და ამით ორმაგი სარგებელი ნახოს. 1992 წელს ევროპის საბჭომ მიიღო „ქვეყნის მუნიციპალური და რეგიონული ორგანიზაციების საქმიანობაში ახალგაზრდობის მონაწილეობის ევროპული ქარტია“. აღნიშნული ქარტიის მე-2 თავში გაწერილია, რომ ქვეყნის მუნიციპალური და სხვა ტერიტორიული გაერთიანებები „ვალდებულნი არიან შექმნან ინსტიტუტები, რომლებიც ოპტიმალურად უპასუხებენ ახალგაზრდული თემატიკის მქონე გადაწყვეტილებებსა და დისკუსიებში მათ ფართო მონაწილეობას“ ზოგადად ახალგაზრდული პოლიტიკის წარმატებულად გატარების მიზნით. ამ ქარტიის ძირითადი მიზანია გახადოს ახალგაზრდობა ხელისუფლების საიმედო პარტნიორად არა მარტო ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებისას, არამედ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეშიც.
მე მიჭირს დამაჯერებლად ვისაუბრო იმის თაობაზე, არსებობს თუ არა ტექნიკური შესაძლებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების დარგობრივ შტოებში, თუნდაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიქმნას ახალგაზრდული დეპარტამენტები, რომლებიც გააერთიანებენ 21-იდან 28 წლამდე ასაკის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც ამა თუ იმ სამინისტროს საქმიანობის წლიური გეგმების ფარგლებში, იმუშავებენ ახალგაზრდული, ალტერნატიული იდეების გენერაციის ლაბორატორიების სტატუსით, სისტემატურად მიიღებენ მონაწილეობას დარგობრივ თათბირებზე, წარდგებიან იქ თავისი კრიტიკული ან რაციონალიზატორული პროექტებით, აღიზრდებიან როგორც სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე საჯარო მოხელეები, ორგანიზატორები და მომავალი ხელმძღვანელები.
გარდა ამისა, საინტერესო მაგალითს გვთავაზობს საბერძნეთი, სადაც 1994 წლიდან მოქმედებს ახალგაზრდული პარლამენტი, რომელიც თავის ყოველწლიურ სხდომებს მართავს საბერძნეთის პარლამენტის შენობაში. ახალგაზრდულ პარლამენტში ირჩევენ 17-იდან 20 წლამდე ასაკის დეპუტატებს, ამისთვის გამოცხადებული სპეციალური თემების (ესეების) კონკურსის საფუძველზე. ახალგაზრდული პარლამენტის ფუნქციონირების მიზანია საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებაში მათთვის დახმარების გაწევა. ახალგაზრდული პარლამენტის სტრუქტურა საბერძნეთის პარლამენტის სტრუქტურის მსგავსია, პლენარული სხდომები ტარდება ყველა დეპუტატის მონაწილეობით. შექმნილია ხუთი საპარლამენტო კომიტეტი, მსგავსი ფუნქციების მატარებელი, რაც საბერძნეთის პარლამენტში მოქმედებს: საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის, განათლების, ფინანსების, ბიზნესისა და მრეწველობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის კომიტეტები.
დიდ ბრიტანეთში, ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ფარგლებში, უფრო თამამი პრეცედენტი შექმნეს − ახალგაზრდული ბანკის სახით, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ჩართულობას მათთვის განკუთვნილი სოციალური საკითხების განხორციელებასა და მიზნობრივი საქველმოქმედო პროექტების დაფინანსების კონკურსების ჩატარებაში. როგორც წესი, ახალგაზრდული ბანკის ჩამოყალიბებას წინ უსწრებს სასწავლო დაწესებულებების, ახალგაზრდული საზოგადოებრივი გაერთიანებების და მუნიციპალურ ხელისუფლებათა ბაზაზე ადგილობრივი ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების სოციალური და საქველმოქმედო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობას. ახალგაზრდულ ბანკებში მიღებულია ორი ასაკობრივი გრადაცია − 14-იდან 16 წლამდე და 28-იდან 30 წლამდე. აღნიშნული ბანკების თანამშრომლები ქალაქის, რეგიონის დონეზე ეძებენ საინტერესო, კრეატიულ იდეებს, რომლებიც ახალგაზრდული ცხოვრების გაჯანსაღება-გაუმჯობესებას შეუწყობენ ხელს, აცხადებენ სპეციალურ კონკურსებს სოციალური ქსელების მეშვეობით, ხოლო შესაბამის წარმოდგენილ პროექტებს შემდგომში განიხილავს ახალგაზრდული საექსპერტო საბჭო. კონკურსის ჩასატარებლად და გამარჯვებული პროექტის სარეალიზაციოდ საჭირო თანხების მობილიზებას ახდენენ ახალგაზრდული ბანკის თანამშრომლები ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციებისაგან ან ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით. უყურადღებოდ არ რჩებიან ის პრეტენდენტებიც, რომლებიც კონკურსში ვერ იმარჯვებენ − მათ უტარდებათ უფასო კონსულტაციები და ყველა საჭირო ახსნა-განმარტება, რათა შემდგომ კონკურსებში შეძლონ მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა.
მე მახსოვს პროექტი, რომელიც 2013 წელს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. მისი განკარგულების საფუძველზე, მოძიებულ იქნა ინფორმაცია იმ წელს საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის წარმატებული კურსდამთავრებული ბიჭებისა და გოგონების თაობაზე. ყველა მათგანმა მიიღო შემოთავაზება, გაევლო გასაუბრება პოლიციისა და უსაფრთხოების განხრის შესაბამის დანაყოფებში და წარმატების შემთხვევაში, მუშაობა დაეწყოთ გასაუბრების დროს გამოვლენილი უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თუ პროფესიული თვისებების მიხედვით. მახსოვს გულანთებული ახალგაზრდების ის გულწრფელი გაოცება, როდესაც ჩაწყობასთან და ნეპოტიზმთან გაიგივებული, მსგავს სტრუქტურებში მოხვედრის პრაქტიკა, მათ თვალწინ დაიმსხვრა და ბევრი მათგანი იმედია დღესაც აგრძელებს ღირსეულ სამსახურს ქვეყნის გაძლიერების კუთხით.
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ჩემი დედააზრი, მინდა გამოვთქვა დიდი სურვილი, ამჯერად მაინც, მორიგ წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან მოფიქრებული, გაჟღერებული და განხორციელებულ იქნას ახალგაზრდა თაობებზე მორგებული კონკრეტული სამოქმედო პროგრამები და პროექტები, რათა მოვწყვიტოთ ისინი ქუჩას, „ფრანკლინის კლუბს“, საპროტესტო მუხტს, გამოვტაცოთ ისინი ათეულობით საეჭვო რეპუტაციის მქონე პოლიტიკურ მოძრაობასა თუ რელიგიურ სექტას, რათა მაქსიმალურად გავუხსნათ პერსპექტივები ქვეყნის აწმყოსა თუ მომავალში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. დასაქმდნენ, შექმნან, განახორციელონ, გამოცდილება მოიპოვონ, შეცდნენ, შეცდომები გამოასწორონ, მიღწეული წარმატებით დატკბნენ, დამსახურებული ფინანსური სარგებელი მიიღონ, ამ სახელმწიფოსთვის საზოგადოების მეტად საჭირო და ანგარიშგასაწევ სეგმენტად იგრძნონ თავი. დღეს ისინი მოწყვეტილები არიან სახელმწიფო შენების პროცესებს და თავად ითხოვენ, ვინმემ ამ საპატიო მისიისთვის „მიიბას“. ჩვენი შვილები იმაზე უკეთესს იმსახურებენ, ვიდრე ქვეყნის დატოვებაზე, ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, სუიციდსა თუ კრიმინალურ ავტორიტეტად ჩამოყალიბებაზე ფიქრი. ვინც მოიგებს ჩვენი შვილების გულებს − ის მოიგებს არა მარტო 2024-ის არჩევნებს, არამედ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.