რესპუბლიკელები არჩევნების დღეს, კონგრესში (წარმომადგენლობითი პალატა) ურავლესობის მოპოვების იმედით ეგებებიან. სენატში მანდატების გადანაწილების საკითხს, რამდენიმე კონკრეტული დაპირისპირება გადაწყვეტს, სადაც ამ დროისთვის თანაბარი ბრძოლაა.
იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელები ორიდან ერთ პალატაში მაინც აიღებენ ძალაუფლებას, ბაიდენი ვეღარ შეძლებს საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებას. ისინი, ასევე შეძლებენ კანონპროექტების გატანას პრეზიდენტის ვეტოს პირობებშიც, რომლის დაძლევასაც ხმების 2/3 სჭირდება.
ასე რომ, მომდევნო 2 წელი იქნება პოლიტიკური კრიზისების, საფინანსო შეფერხებების და გამოძიებების პერიოდი.
რა უნდა გაირკვეს სამშაბათს?
მიმდინარე შუალედურ არჩევნებში თამაშდება კონგრესის 435 მანდატი. წარმომადგენლობით პალატას ამ დროისთვის დემოკრატები აკონტროლებენ, მაგრამ რესპუბლიკელებს მხოლოდ 5 მანდატი სჭირდებათ ბალანსის შესაცვლელად.
სენატის 100 ადგილიდან კი, ამ ეტაპზე 35 მანდატისთვის მიმდინარეობს მარათონი. პალატა, რომელშიც პირი 6 წლის ვადით ირჩევა, ამ დროისთვის ზუსტად შუაზეა გაყოფილი(რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის) მაგრამ ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმის უფლების ხარჯზე, სენატს დემოკრატები აკონტროლებენ.
სენატისა და კონგრესის არჩევნების პარალელურად მიმდინარეობს გუბერნატორების და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებიც, რომელთა შედეგებსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება 2024 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ასევე, მიმდინარეობს ხმის მიცემა ისეთი ინიციატივებისთვის, როგორებიცაა: აბორტის დაშვება, ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, იარაღის კონტროლის რეგულაციები და მარიხუანას ლეგალიზება.
რა დევს სასწორზე?
ყოველი არჩევნების წინ, პოლიტიკოსები ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ სწორედ ის არჩევნებია გადამწყვეტი მნიშვნელობის, 8 ნოემბრის არჩევნების შემთხვევაში ეს, მართებული შეფასებაა.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების უმრავლესობას სჯერა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. ცხადია, მათ (რესპუბლიკელების) მიერ კონტროლირებადი კონგრესი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება თავად ტრამპისთვის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში.
დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში კი, ბაიდენი შეძლებს გააგრძელოს საკუთარი სოციალური, ჯანდაცვის და კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის განხორციელება. ასევე, იგი ეცდება შეცვალოს ბალანსი სასამართლოში ლიბერალი მოსამართლეების სასარგებლოდ, სადაც ამ დროისთვის უმრავლესობა ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კონსერვატორები არიან.
რა საკითხები განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს?
ამერიკაში საყოფაცხოვრებო ხარჯები უკანსკნელი 40 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ამომრჩევლებს ნეგატიურად განაწყობს. სიტუაციას ამძიმებს საწვავზე გაზრდილი ფასები და პოსტ-პანდემიური ვითარება, რომელიც დაპირების მიუხედავად ბაიდენმა ვერ დაასტაბილურა.
პრეზიდენტი ცდილობდა ეკონომიკური რეფორმების დაპირებით, დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ ფასები მალე დაიწევდა, მაგრამ დემოკრატი კანდიდატების ურავლესობა, ნაცვლად ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის გზების შეთავაზებისა, ამომრჩეველს გამუდმებით უმეორებდა, რომ რესპუბლიკელების გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიას.
დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს(რომელიც კონსერვატორებით არის დაკომპლექტებული) მიერ, აბორტის დაკანონების დაბლოკვა გამოიწვევდა ამომჩველების გაღიზიანებას რესპუბლიკელების მისამართით, მაგრამ ესე არ მოხდა, მოსახლეობისთვის მთავარი საზრუნავი კვლავ ეკონომიკური საკითხებია.
რას შეცვლის რესპუბლიკელების გამარჯვება?
აქ გამოსაცნობი არაფერია! რესპუბლიკელები ღიად ამობობენ რომ ბაიდენს ხეიბრად აქცევენ და საბოლოოდ დაასამარებენ მის იმედებს ხელმეორედ არჩევასთან დაკავშირებით. რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ CNN-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრი სახლის წინააღმდეგ იქნება გამოძიებების კასკადი, დაწყებული კოვიდთან დაკავშირებული საკითხებით, გაგრძელებული ავღანეთიდან გამოსვლის საქმით. ასევე, რესპუბლიკელები აანონსებენ გამოძიების დაწყებას ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს-კავშირების თაობაზე და პარალელურად აცხადებენ, რომ შეწყდება ტრამპის წინააღმდეგ, FBI-ის მიერ დაწყებული გამოძიება. რესპუბლიკელების მიერ სენატში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ბაიდენს გაუჭირდება კაბინეტის დაკომპლექტება, ასევე ვეღარ შეძლებს მოსამართლეების და ელჩების დანიშვნას. ბაიდენი საკუთარი შეხედულებებით ვეღარ განკარგავს ბიუჯეტს და ქვეყნის საგარეო ვალის ლიმიტებს.